logo_geo
გასაიდუმლოებულ ფაქტი სალვადორ დალისა არამ ხაჩატურიანის „შეხვედრაზე“
- +

14 მაისი. 2017. 14:17



თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„დამიჯერეთ, ბოლომდე წაიკითხეთ...

 

გაგაცნობთ ერთ დროს გასაიდუმლოებულ ფაქტს სალვადორ დალისა და დიდი სომეხი კომპოზიტორის არამ ხაჩატურიანის „შეხვედრაზე" (გთხოვთ, ჩართოთ მუსიკა  და ისე წაიკითხოთ ეს ისტორია):

 

 

1951 წელს უდიდესი სომეხი კომპოზიტორი არამ ხაჩატურიანი ესპანეთში მიუწვევიათ. ვიზიტის ბოლოს ესპანელებს უკითხავთ, რის ნახვას ისურვებდითო. რისი არა და სალვადორ დალის კი შევხვდებოდიო. ესპანელები შემცბარან, იცოდნენ, რა „გიჟზეც" იყო საუბარი... თან, სალვადორი იმ დროს ამერიკაში ყოფილა, მაგრამ მაინც დაურეკავთ და ბატონი არამის სურვილიც გადაუციათ.

 

„გიჟს" უთქვამს, აი, ახლავე მოვფრინავ და კომპოზიტორს გადაეცით, ხვალ, 14:00 სთ-ზე, ჩემს სასახლეში მეწვიოსო.

 

ბატონი არამი თარჯიმანთან ერთად მისულა. ცერემონმაისტერს უთქვამს, მხოლოდ თქვენ შებრძანდითო. არამს გაუფიქრია, გალა ხომ რუსია და ალბათ ის მითარგმნისო. შეუყვანიათ მდიდრულ დარბაზში. საათი ზუსტად 14:00 სთ-ს აჩვენებდა. შუაგულ დარბაზში გაშლილი ყოფილა ბრწყინვალე სუფრა - ღვინით, კონიაკებით, ხილით და სხვა ნუგბარით. გასულა 10, 20, 30... მრავალი წუთი... ლოდინით „გაწამებული" მაესტრო სუფრასთან მისულა, ჯერ კონიაკი მოუწრუპავს, მერე ყურძენს „წათამაშებია"... ამასობაში ოთხი საათიც გასულა და... ასაკოვან კაცს სხვა „მოთხოვნილებაც" გასჩენია... მიდგომია კარებებს, მაგრამ ყველა დაკეტილი ყოფილა. ეტიკეტი, უკაცრავად და, ფეხებზე დაუკიდია, ჯერ მაგრად უბრახუნებია კარებებზე, მერე ფანჯრების გაღებაც უცდია, მაგრამ ამაოდ...

 

ამ დროს დაუნახავს დიდი ვაზა და....

 

ის იყო ვაზაში „ჩაჩხრიალება" დაუწყია, რომ უცებ, მთელ დარბაზში, ხმამაღლა ჩართულა „ცეკვა ხმლებით" - მისი ფანტასტიური ბალეტიდან „გაიანე"... სრულიად მოულოდნელად გაღებული კარებიდან შემოვარდნილა იატაკის გრძელ ჯოხზე ამხედრებული, აბსოლუტურად შიშველი და ხელში ხმალ-მომარჯვებული სალვადორ დალი და რამდენჯერმე შემოურბენია დარბაზისთვის...

 

„გაქვავებულ" მაესტროს ჯერ მისალმებაც არ დაეწყო (აბდუშაჰილის ასოციაცია მომაწვა), რომ შემოსულა ცერემონმაისტერი და უთქვამს, აუდიენცია დასრულებულიაო. გარეთ გასული კომპოზიტორისთვის, თურმე, სალვადორ დალის ალბომიც მიუწოდებიათ, დალის ავტოგრაფით და წარწერით „დაუვიწყარი შეხვედრის მოსაგონრად".

 

როგორც ამბობენ, ის „გალა-კონცერტი" სალვადორ დალის გალას გასართობად მოუწყვია.

 

ამ ამბავს გაგრძელება ჰქონდა. ყველას აინტერესებდა ამ ორი გიგანტის შეხვედრის დეტალები. მაესტრო ხაჩატურიანი, თურმე, „ძუნწად" ყვებოდა რაღაცას, ბოლომდე „ინდობდა" მხატვარს. ესპანელი „გიჟი" კი, იმავე საღამოს გამოსულ გაზეთებში, დეტალურად ყვებოდა ველური რუსეთიდან ჩასულ სტუმარზე, რომელმაც ღამის ქოთნად გამოიყენა მისი საკოლექციო, 600-წლოვანი ანტიკვარული ვაზა, რომელშიც 100 ათასი დოლარი ჰქონდა გადახდილი.

 

ამის შემდეგ არამ ხაჩატურიანი ესპანეთში აღარ ჩასულა...

 

ის ვიზიტი იმდენად სკანდალური აღმოჩნდა, რომ „იმ" დროის შემოქმედებით წრეებს ეკრძალებოდათ ამაზე საუბარი და დღესაც, დელიკატურობიდან გამომდინარე, ერიდებიან ამ ამბის გახსენებას.

 

მაგრამ როგორც იტყვიან, „შუბი ხალთაში არ იმალება"...

 

რაში დასჭირდა ამ „აბსურდული ეპატაჟის მაგისტრს" იმ სანახაობის მოწყობა?! ამაზე პასუხი თქვენთვის მომინდვია", - წერს თეა ფირცხალავა. 


 

big_banner
არქივი