logo_geo
ლია მეტრეველი: რა ცოტა გვყოფნის ადამიანებს, არა?
- +

27 მაისი. 2017. 10:06



რა ცოტა გვყოფნის ადამიანებს, არა?" - წერს ლია მეტრეველი სოციალურ ქსელში.

 

ციურიხიდან მოვფრინავ, ტრანზიტით, კიევში უნდა ჩავფრინდე და ... იქიდან საქართველოში. ჩემს გვერდზე მამაკაცები სხედან, ერთი აშკარად შვეიცარიელია, მეორეს რაღაც სლავური გარეგნობა აქვს. სტიუარდესამ - რა სასმელი მოგიტანოთო, გვკითხა. მე ერთი ჭიქა წითელი ღვინო მოვითხოვე, კაცებმა - ლუდი. ვიდრე სასმელი მოგვიტანა, სტიუარდესამ მამაკაცების გადმოწეულ მაგიდაზე ორცხობილის შეკვრები დააწყო. შვეიცარიელმა ჩათვალა, რომ მეც მეკუთვნოდა, ერთი შეკვრა ჩემს მაგიდაზე გადმოდო. რაღა თქმა უნდა, მადლობა გადავუხადე. როცა სასმელი მოგვიტანეს, შვეიცარიელი მიხვდა, რომ ორცხობილის ორივე შეკვრა მისი იყო და სრულიად უაპელაციოდ, ბოდიში-შემეშალას გარეშე, ჩემი მაგიდიდან სწრაფად აიღო შეკვრა და ... გეგონება, ვინმე წაართმევდა, სწრაფადვე შეჭამა. მეწყინა, ვიფიქრე, რომ საშინლად გამოვიყურები, რადგან ბოდიშისა და ყოველგვარი რევერანსის გარეშე წამართვა ის, რაც არც მეკუთვნოდა, ალბათ მიხვდით, ორცხობილაზე არ გადავრეულვარ, კაცის საქციელმა გამაოცა (თუმცა ყველა შვეიცარიელი ასეთი ხარბი არ არის, ჩვენ საუკეთესო მეგობრები გვყავს).

კიევიდან თბილისისისაკენ უფრო დიდ, ფართო ლაინერში ახალგაზრდა ბიჭი დაჯდა ჩემს გვერდით. შუა ადგილი ცარიელი დარჩა. ბიჭს მილან კუნდერა ეკავა ხელში, რუსული გამოცემა. აქაც სტიუარდესამ იგივე გვკითხა, მე და ჩემმა თანამგზავრმა (25-28 წლის ახალგაზრდამ) ორივემ წითელი ღვინო ავირჩიეთ. სტიუარდესამ ღვინოს თითო ფილა შოკოლადი მოაყოლა და გადმოწეულ მაგიდებზე დაგვიწყო. ბიჭმა მაშინვე - ეს თქვენ, ჩემგანო და შოკოლადი ჩემს მაგიდაზე გადმოდო. ხომ მაქვს-მეთქი და მე მინდა, მოგიძღვნათო. ჩემი მხრივ, ორივე ფილა წინა სკამზე მჯდომ პატარა ქართველ გოგონას მივეცი, რომელიც პირველად მოდიოდა საქართველოში. ბიჭის საქციელით გულაჩუყებულმა, რაღა თქმა უნდა, დაწვრილებით გამოვიკითხე ბიოგრაფია, ორი საათი სალაპარაკოც არ გამოგვლევია. ეს გარეგნულად ულამაზესი, განათლებული, მოაზროვნე ბიჭი, გია ალიბეგაშვილის შვილი აღმოჩნდა, ერთ-ერთი გერმანული ფირმის მენეჯერი. ვუთხარი კიდეც, მამაშენის წიგნებზე გაზრდილი კაცი ასეთიც უნდა ყოფილიყავი-მეთქი. მამასთანაც მოკითხვა დავაბარე.

რა ცოტა გვყოფნის ადამიანებს, არა?" - წერს მეტრეველი „facebook"-გვერდზე.



 

big_banner
არქივი