logo_geo
გელა ზედელაშვილი: აი, ამაშია საქმე... ვის ატყუებთ, ვის ეთამაშებით?!
- +

6 ივნისი. 2017. 15:17


„პარასკევს „რეაქციაში" დამიძახეს. ნეტა, არ დაეძახათ, ან მე არ წავსულიყავი და კიდევ ერთხელ არ მენახა ჩემი ზოგიერთი გაავებული „კოლეგა", დემოკრატიის სახელით „მებრძოლი" არასამთავრობოების წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან, ოდნავი განსხვავებული აზრის გამო ჩაგქოლონ, მოგკვეთონ, გაგაძევონ, სამუდამოდ აგითვალწუნონ და გამოგლანძღონ. ისინი ყველაფერზე მიდიან, ოღონდ კი გაიტანონ გრანტებით დაფინანსებული თავიანთი სიტყვა!" - წერს ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ინგა გრიგოლიას გადაცემა ეხებოდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებას, გატაცებას, დაპატიმრებას. აფგან მუხთარლი - ეს სახელი და გვარი ადრე არასოდეს მსმენია. ალბათ, სტუდიაში მყოფთა უმეტესობასაც არასოდეს სმენია. უბრალოდ ახლა გახდა ყველასთვის წამებული, გმირი, დემოკრატიის შუქურა... რაკი რაღაც ინციდენტი მოხდა ამ ადამიანთან დაკავშირებით, რაკი (როგორც თავად ამბობს) სოლოლაკიდან თუ მთაწმინდიდან გაიტაცეს, თავზე „მეშოკი" ჩამოაცვეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს, მორჩა, ამით სამუდამოდ დასამარდა ქართული დემოკრატია, ჩამოიშალა სახელმწიფო სტრუქტურები და დაემხო ქართული სახელმწიფოებრიობა!

 

თავიდან პირდაპირ ეთერში ჩართეს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. ამ ადამიანზე არც მაშინ მქონდა დიდი წარმოდგენა, როცა („ნაციონალების" ზეობის ხანაში) ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას თავმჯდომარეობდა და დაჟინებით ითხოვდა, ქართველებმა აფხაზებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო, მაგრამ ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ის ყოველთვის მოქმედებს საქართველოს საზიანოდ. ნანუაშვილის მტკიცებით, მუხთარლის დაპატიმრებით განადგურდა ქართული სახელმწიფოებრიობა და ჩვენ დაგვჭირდება ათეული წლები, რათა დანგრეული ქვეყანა აღვადგინოთ!

 

სხვათა შორის, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამნაირმა პროვოკატორებმა კარგად დაამუღამეს თავიანთი პროგრამა: საკმარისია, რაღაც ისეთი მოხდეს, ეგრევე აცხადებენ, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა, ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფოებრიობა აღარ არსებობს. არადა, არ შეიძლება, რაღაც ინციდენტის გამო სახელმწიფოებრიობა ინგრეოდეს თვეში რამდენიმეჯერ. როდესაც გადაცემაში სიტყვა მომცეს, სწორედ ეს ვთქვი. თუმცა მანამდე აღვნიშნე, ძალიან ცუდია, რაც მოხდა, სათანადო უწყებებმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ-მეთქი. ყველაფერი ვთქვი გასაგებად, ქართულად... მაგრამ აქ ერთი ვითომ ჩემი „კოლეგა" ამიხტა: შენ რა ჟანდარმივით ლაპარაკობო?! „კოლეგის" ვინაობას არ ვამჟღავნებ, ის იმდენად უსახურია, არ იმსახურებს ოდნავ ყურადღებასაც კი. გულწრფელად გეტყვით: მყვირალა „ნაციონალებზე" უფრო საშიშნი არიან „ქართული ოცნების" კარზე ოდესღაც მოფუსფუსე აფერისტები და შემდეგ იქიდან გამოყრილები. ასეთებზე ვეღარ ვბრაზდები, უბრალოდ მეცინება, მათთვის რამდენიმე წლის წინ „ოცნების" კრიტიკა ისეთი მიუღებელი იყო, თუ დასჭირდებოდათ, თავ-პირსაც დაგალეწავდნენ... ახლა კი ისე ლანძღავენ ოდესღაც საკუთარ პარტიას, ოდნავი გამოქომაგება და „ვსიო", ჟანდარმი ხარ, დემოკრატიის მტერი ხარ, შენ არ იცი, რას ნიშნავს სახელმწიფოებრიობა... აგერ, მუხთარლი დაიჭირეს, მაგრამ ისე უნდა დაიცვა, ერთი შეკითხვაც არ უნდა გქონდეს. ახლა ასეა საჭირო იმიტომ, რომ ვიღაცას ასე აწყობს. დაინგრა ქართული სახელმწიფო, გაცამტვერდა, მოისპო, რადგან ის თურმე იდგა მუხთარლის მხრებზე!

 

ჰოდა, მე ჩემი ვთქვი... სტუდიაში მოსული საზოგადოება გაღიზიანდა. ვიცი, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ჩემნაირად ფიქრობდა, მაგრამ გადაუხვიეს, ჩვენება შეცვალეს, შეეშინდათ, ევროპულ „ღირებულებებს" ვერ უღალატეს. ვიმეორებ, პირად საუბრებში ისინი ზუსტად ჩემნაირად ფიქრობენ, მაგრამ გრანტიჭამიების დანახვაზე აჟრიალებთ. ერთადერთი, ვინც ბოლომდე გაიტანა, ეს ნიკოლოზ მჟავანაძე იყო, მაგრამ მის მიმართ არ ყოფილა ასეთი აგრესია!

 

ინგა გრიგოლიამ გამოაცხადა რეკლამა. 9-10 წუთი უნდა შევისვენოთო. ეს ტიპი, ეს უდღეური, რომელმაც მე ჟანდარმი მიწოდა, გასულა ფოიეში და ვიღაც ქალებთან დაუწყია „ბლატაობა": ეს ზედელაშვილი რაებს ლაპარაკობს, ეს ჟანდარმიო?! ჩემთვის დემოკრატია არის სათქმელის პირდაპირ თქმა და არა ზურგს უკან ჭორაობა!

 

უსახური ტიპი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მაგრად ჩაფლავდებოდა... ის აზრზე ვერ მოვიოდოდა, რომ ჩემი შვილი მოისმენდა ამ ყველაფერს და საკადრის პასუხს გასცემდა! ჩემი შვილი იქვე იდგა, შემთხვევით შეესწრო, როგორ მლანძღავდა. დამიძახეს. გავედი. რომ არ ჩავრეულიყავი, მაგრად დაუნაყავდა ცხვირ-პირს. წამოვიყვანე, გადაცემის მეორე განყოფილება აღარ მაინტერესებდა. ვფიქრობდი, აშკარად რაღაც პროვოკაციას მიწყობენ-მეთქი და ასეც იყო.

 

ჰოდა, ბოლოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ვინმე მუხთარლის წინააღმდეგ არსებობს უამრავი შეკითხვა: მაგალითად, როგორ მოხვდა თბილისში? როგორ ცხოვრობდა ფარულად ქალაქის ცენტრში 2 წელიწადი? თუკი მას მუდმივად დევნიდნენ (როგორც ამბობენ, დევნიდნენ), რატომ არ განაცხადა შესაბამის ორგანოებში? რატომ არ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი? ბოლო დროს ბევრი იწერება, თითქოს თბილისში არსებობს აზერბაიჯანის ხელისუფლების საწინააღმდეგო იატაკქვეშა ორგანიზაცია. მე არ ვაცხადებ, ვინმე მუხთარლი დამნაშავეა-მეთქი, მაგრამ არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ის ციდან ჩამოფრენილი ანგელოზია. ვერც იმას დავიჯერებ, რომ ეს აღტყინებული კასტა ქართული დემოკრატიის გადასარჩენად დარბის. ამათ მუხთარლი გაიხადეს სალოცავად და ამ დროს ხმას არ იღებენ კონგოში დატყვევებული მფრინავის, სოსო ოსორაულის გათავისუფლების თაობაზე. აააა... სოსოს გამო ჯერ გრანტი არავის გამოუყვია, მისი ბედი საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აინტერესებთ? აი, ამაშია საქმე, ვის ატყუებთ, ვის ეთამაშებით?!" - წერს ზედელაშვილი.




 

big_banner
არქივი