logo_geo
თეა ფირცხალავა: დამიჯერეთ, ბოლომდე წაიკითხეთ...
- +

7 ივნისი. 2017. 01:28


 

 

თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დამიჯერეთ, ბოლომდე წაიკითხეთ:

 

1799 წლის 6 ივნისს მოსკოვში დაიბადა მსოფლიო მასშტაბის უდიდესი რუსი პოეტი ალექსანდრ პუშკინი.

 

ახლა კი... ჩემებურად დავალაგებ და მოგითხრობთ იგორ ობოლენსკის ჩანახატს პუშკინის თბილისში მოგზაურობაზე.

 

1827 წელს პუშკინმა წერილი გაუგზავნა ძმას - ლევ პუშკინს, რომელიც იმხანად კახეთის რეგიონში გადიოდა სამხედრო სამსახურს და სწერდა, რომ თავადაც ოცნებობდა საქართველოში ჩასვლაზე. ამასთან, პუშკინი გრიბოედოვთან მეგობრობდა და ბევრი სმენოდა ქართველების შესახებ.

 

1829 წელს პუშკინი „გრიბოედოვის ნაკვალევს" გამოჰყვა და თბილისში თვითნებურად ჩამოვიდა, რაც მალევე გახდა ცნობილი ნიკოლოზ I-სთვის. გასაკვირი არაფერია, რადგან იმ დროს კავკასიის მთავარსარდალი იყო გრაფი ივან პასკევიჩი, გრიბოედოვის უახლოესი ნათესავი. მან სამხედრო გუბერნატორს დაავალა, რომ თვალი ედევნებინა პუშკინისთვის. გუბერნატორმა ბრძანება გულდასმით შეასრულა, იქამდეც კი, რომ პოეტი კავკასიის მთვარმართებლის სასახლეშიც აქეიფა, იქ, სადაც სულ რაღაც ერთი წლის წინ გრიბოედოვისა და ნინო ჭავჭავაძის ჯვრისწერის შემდგომ დიდებული ნადიმი გაიმართა.

 

პუშკინის თბილისში ჩამოსვლა მის 30 წლის იუბილეს დაემთხვა, რაც სტუმართმოყვარე ქართველებმა ღირსეულად და პომპეზურად აღნიშნეს კრწანისის ბაღებში. პოეტი იხსენებდა: "... ქართული სიმღერები სასიამოვნო მოსასმენია. ერთი სიმღერა სიტყვა-სიტყვით მითარგმნეს... მათში ისმინებოდა ერთგვარი აღმოსავლური აბდაუბდა, რასაც თავისებური, პოეტური ღირსება ჰქონდა". იმ დროს, თურმე, ქალაქში ისე ცხელოდა, რომ პოეტმა ქალაქის სახელი „თბილის" მაგიერ „ცხელ" ქალაქად თარგმნა, პუშკინისეულად.

 

თბილისში პუშკინი 2 დღის ნაცვლად, მთელი 2 კვირა დარჩა. პირველ რიგში მთაწმინდას ეწვია და ახლად დაკრძალული მეგობრის - გრიბოედოვის საფლავს ემთხვია. ამბობენ, ცრემლიც უღვრია.

 

არც თბილისმა დაივიწყა დიდი რუსი სტუმარი. 1892 წელს ქუჩაზე, რომლითაც პუშკინი თბილისში შემოვიდა, დაიდგა ფელიქს ხოდასევიჩის მიერ შექმნილი ბრინჯაოს ქანდაკი, რომლის თანხაც საქართველოს მოსახლეობამ გაიღო. ძეგლის გახსნას უამრავი ადამიანი დაესწრო.

 

ახლა კი ბოლოსიტყვაობა:

 

ალექსანდრ პუშკინი გარდაიცვალა 1837 წელს, სანქტ- პეტერბურგში, მას შემდეგ, რაც დანტესთან დუელის დროს მძიმედ დაიჭრა და პერიტონიტი განუვითარდა. 4 შვილიდან მხოლოდ ორმა - ალექსანდრემ და ნატალიამ დატოვეს შთამომავლობა, რომლებიც დღეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, მ/შ, აშშ-ში, ინგლისში, გერმანიასა და ბელგიაში. 50-მთე შთამომავალი რუსეთშიც ცხოვრობს", - წერს ფირცხალავა. 


 

big_banner
არქივი