logo_geo
„მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით, ვით პოეზია, როგორც ღვთაება...“ - აკაკის პლატონური სიყვარული - ტასო მაჩაბელი
- +

21 ივნისი. 2017. 12:26



თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ბევრი მითქმა-მოთქმა დადიოდა აკაკისა და ტასო მაჩაბლის სასიყვარულო ურთიერთობაზე, მაგრამ ამ „მითის" „ქვასრომგახეთქავს" იმგვარი დასაბუთება ვერავინ წარმოადგინა, გარდა დიდი პოეტის წერილებისა და ახლო მეგობრისადმი მიძღვნილი არაერთი ლექსისა, რაშიც გასაკვირი არაფერია.

 

1884 წელს 44 წლის აკაკი წერეთელმა 15 წლის ტასო ბაგრატიონ-დავითაშვილი გაიცნო და1889 წელს მას პირველი ლექსი უძღვნა. 1891 წელს ტასო ცოლად გაჰყვა სახელოვან ქართველ მწერალსა და მთარგმნელს ივანე მაჩაბელს. ცნობილი ფაქტია, რომ ილიასა და ივანე მაჩაბელს შორის ბანკთან დაკავშირებული დავისას, როდესაც ივანეს შოთას ძეგლის ფულის გაფლანგვას ედავებოდნენ, აკაკიმ მაჩაბლის მხარე დაიჭირა. ამ მოვლენიდან ცოტა ხანში ივანე მაჩაბელი გაუჩინარდა, ამბობდნენ, რომ იგი მტკვარში გადავარდა... იმ დროს ბევრი ჭორი და ვერსია დადიოდა ივანე მაჩაბლის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით. ზოგი ვარაუდობდა, რომ მაჩაბლის სიცოცხლე მსახიობ მაკო საფაროვასა და თეატრალური კრიტიკოსის - ილია ზურაბიშვილის „ე.წ. „სასიყვარულო სამკუთხედს" შეეწირა... ზოგი ამტკიცებდა, რომ მაჩაბელმა მისი ცოლის და აკაკის სასიყვარულო კავშირის გამო მოიკლა თავი, გაიგო რა აკაკის წერილებისა და ლექსების შესახებ, რომლებიც ტასოს ეძღვნებოდა... ისიც ცნობილი იყო, რომ ტასო ძალზე ბრაზობდა აკაკის წერილებზე, მაგრამ ბოლოს შეუნდო, როგორც დიდ პოეტს, რომელიც ქალის ახალგაზრდობას და სილამაზეს ეტრფოდა და საპასუხოდ არაფერს ითხოვდა... პლატონური სიყვარული კი ვისთვის დაუშლიათ, რომ დიდი პოეტისთვის დაეშალათ?! აი, წმინდა სიყვარულის დასტურიც:

 

„მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით,

ვით პოეზია, როგორც ღვთაება

და შენს თვალებში მეხატებოდა

სასუფეველი და უკვდავება!...

 

მაგრამ ჯოჯოხეთს და ბოროტ სულებს

არ ასვენებდა ციური ძალა

და უკვდავების წმინდა წყაროში

ჩააწვეთწვეთეს შხამი, სამსალა!"

 

მრავალ ვერსიათა შორის, ვფიქრობ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს თავად ტასო მაჩაბლის აზრს, რომელიც თვლიდა, რომ ივანე მაჩაბელი თვითმკვლელობამდე თავად ხალხმა მიიყვანა... (ვფიქრობ, ეს ვერსია ყველაზე ახლოს არის სინამდვილესთან). მეუღლის გაუჩინარების შემდეგ ტასო მაჩაბელი აღარ გათხოვილა და მთელი ცხოვრება საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა.

 

ტასო მაჩაბელი გარდაიცვალა 1917 წელს", - წერს თეა ფირცხალავა.


 

 

 

big_banner
არქივი