logo_geo
ასტამურ ინალ-იფას ფოტო, რომელიც სიძველის მოყვარულთა აღფრთოვანებას იწვევს
- +

21 ივნისი. 2017. 18:27



ექიმი, პოლიტიკოსი პაატა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ასტამურ საათ-ბეის ძე ინალ-იფა...

 

ამ რამდენიმე წლის წინ, ეს ფოტო ბატონ ზურიკო ჩიქოვანის არქივში აღმოვაჩინე. დედანში ერთი ციდაა. უამრავი ქართულ-აფხაზური რარიტეტის გადამრჩენია ბატონი ზურაბი. არაერთი სასიკეთო და პატრიოტული საქმისათვის უთავკაცია მას.

 

შემდეგ ალექსი კახნიაშვილმა გულიანად დაამუშავა და დღეს სიძველის მოყვარულთა აღფრთოვანებას იწვევს იგი.

 

კოლორიტული პირონება იყო ასტამურ ინალ-იფა, საოცარი მისი და ნუცა ჩიჩუას სიყვარულის ისტორია, შემზარავი სიკვდილი და დასაფლავება.

 

XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოში აფასებდნენ ნუცას მამას - თავად გიორგი ბერის ძე ჩიჩუას. ქველმოქმედი, არაერთი საზოგადო საქმის მოთავე და მონაწილე ახლო ურთიერთობაში იყო და მეგობრობდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებთან.

 

„მეგრელთა ზრდილობა მეტად ნიუანსიანია. ზრდილობა გულისხმობს „ზრდას", „ზრდა" ქცევას" - ქცევა კი თავდაჭერას. გ. ჩიჩუა ებაასებოდა გლეხებს ვითარცა თანასწორს. ამავე დროს გლეხი გრძნობდა რომ მობაასე თავადი იყო. ასეთი თავდაჭერაა ნამდვილი ნიშანწყალი სენიორის, თავადისა...", - ასე ახასიათებს მას გრიგოლ რობაქიძე.

 

გიორგის დიდი ნათესაობა ჰყავდა აფხაზეთში, იგი დედით ანჩაბაძეთა გვარს ეკუთვნოდა. მისი ძმისშვილებიც აფხაზეთში იყვნენ გათხოვილნი. გიორგი ჩიჩუას ერთადერთი ასული ნუცაც აფხაზ ვაჟკაცს - ასტამურ ინალ-იფას შეუყვარდა. უკვე ასაკოვან გიორგის ემძიმებოდა ერთადერთი ქალიშვილის ოჯახიდან გაშვება, მაგრამ როცა თავდავიწყებით შეყვარებულმა სასიძომ ხელის მთხოვნელად ალექსანდრე და ივანე შარვაშიძეები აახლა, გატყდა... ასე უთქვამს - აფხაზ ნათესაობას თუნდაც ჩემი ნუცას გულისთვის ვერ გავანაწყენებო!

 

ნუცასა და ასტამურის ქორწილში, სოფელ უფალკარში (ახალი სენაკი), რამდენიმე დღე რომ გრძელდებოდა, ამბობდნენ ასი ხარი დაიკლაო. პატარძლისთვის, გარეგნულ მშვენიერებასთან ერთად მდიდარი სულითაც რომ გამოირჩეოდა, ნეფეს ზღაპრული სამკაული მიურთმევია. ლეგენდად შემორჩა ნუცა ჩიჩუასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის უზადოდ შესრულებული ლეკური და ნუცას ნამღერი რუსული და ბოშური რომანსები.... დიდხანს არ გაგრძელებულა ასტამურ ინალ-იფას ოჯახური ბედნიერება. 1924 წელს ის საბჭოთა ხეისუფლებამ დახვრიტა. განაჩენი სისრულეში ბათუმში იქნა მოყვანილი. ნაწამები აფხაზი ვაჟკაცის ნეშტის მშობლიურ ოჩამჩირეში გადმოსვენება დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული. მაგრამ ეს საქმე ასტამურის მეგობრებმა, თავად ხელისუფლებისაგან დევნილმა, უშიშრობითა და შეუდრეკლობით ცნობილმა გუჯუჯ მარღანიამ, დავით მხეიძემ და ვარლამ ჩიქოვანმა ითავეს. გაყინული თევზის კასრში მოთავსებული, ნაწილებად დაჭრილი ცხედარი, ოჩამჩირეში უჩუმრად ჩამოასვენეს და საგვარეულო ძვალთშესალაგს მიაბარეს. ხელისუფლებისთვის ასტამურის საფლავის ადგილი უცნობი დარჩა...

 

1924 წლის შემოდგომა, სოფელი შხეფი, შუაღამე... ბოლშევიკთაგან საკუთარი სახლიდან გამოსახლებულ და დის ოჯახს შეხიზნულ გიორგი ჩიჩუას სადამსჯელო რაზმმა მიაკითხა და გარეთ გამოიხმო. გიორგიმ იცოდა, რაც ელოდა. 86 წლის მოხუცმა დინჯად დაიწყო ჩაცმა. რაზმელები აჩქარებდნენ: რაში გჭირდება ეგ ჩოხა, უამისოდაც დაიხვრიტებიო... ღირსებით აღსავსე ბრძენკაცმა თავშეკავებული პასუხი გასცა - ახალგაზრდებო, მამაკაცი სიკვდილსაც ლამაზად უნდა შეხვდეს! და მშვიდად განაგრძო ღილ-კილოების შეკვრა... იმავე წელს, აფხაზეთის იძულებით დატოვების წინ, მგლოვიარე ნუცა ჩიჩუამ მეუღლის მორთმეული სამკაული შავი ზღვის ტალღებს მიანდო..."

 

ნაწყვეტი პ. ქურდოვანიძის წიგნიდან „ქართულ-აფხაზური ალბომი", 2008 წ. შემდგენელი და რედაქტორი ხათუნა ჭურღულია", - წერს პაატა ქურდოვანიძე.


 

 

 

big_banner
არქივი