logo_geo
1949 წლის 22 ივნისს მერილ სტრიპი დაიბადა
- +

22 ივნისი. 2017. 17:24



თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„1949 წლის 22 ივნისს ნიუ-ჯერსის შტატში დაიბადა თანამედროვეობის უდიდესი მსახიობი, მსოფლიო თეატრალური და კინოხელოვნების სამაგალითო წარმომადგენელი, პირველთა შორის უპირველესი ქალი-შედევრი მერილ სტრიპი. იგი არის ჭეშმარიტი პერფექციონისტი, რაც მის მიერ თეატრსა და კინოში განსახიერებულ თითოეულ სახეში ვლინდება. მის მიერ ნათამაშები ყველა როლი გენიალურია და მათზე აღარ შევჩერდები, რადგან განსხვავებულს ვერაფერს გეტყვით. ფაქტი ერთია - მას ნებისმიერი როლი „ემორჩილება" - კომედიურიც და დრამატულიც.

 

1978 წლიდან დღემდე მერილ სტრიპს ჰყავს ერთი ქმარი (მოქანდაკე დონ ჰამერი) და ოთხი შვილი, რაც ჰოლივუდისთვის მართლაც იშვიათობაა. თავად ამბობს, რომ მათი ბედნიერი ცოლ-ქმრობის საიდუმლო მარტივია: „კეთილი ნება, ცოტა მოქნილობა და ხანდახან... „მოკეტვა" (ეჰ, ქართველ ქალებს რომ მოკეტვა შეგვეძლოს, ჩვენ ქმრებს რაღა მოკლავდა). სახლში მერილი ყველაფერი თავადაა: მძღოლი, მზარეული, დამლაგებელი და ა.შ. (რომ დავაკვირდი, მოცლილი ყოფილა) თუმცა, მოცლილი როგორ არის, როცა ვერასოდეს იცლის გლამურული საღამოებისა და ბრენდების დემონსტრირებისთვის... ამბობს, რომ ურჩევნია ფული ქველმოქმედებაში დახარჯოს, ვიდრე ამა თუ იმ ბრენდში... უცებ „ეშმაკი ატარებს Prada"-ს გამახსენდა. თუმცა მერილი არც ეშმაკია და, როგორც ჩანს, არც „Prada"-ს ატარებს. ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, მერილ სტრიპი არის ჰარვარდის უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის საპატიო დოქტორი.

 

რაც შეეხება მის რელიგიურ მრწამსს, მერილი ამბობს, რომ არცერთი რელიგიის მიმდევარი არ არის, მაგრამ გრძნობს, რომ ღმერთი არსებობს და იცის, ყველაფერი უნდა აკეთოს, რომ მსოფლიო უკეთესი გახდეს.

 

მერილ სტრიპი სამართლიანი და „მოყვარეს-პირში-უძრახე" ტიპია. ერთ ფაქტს გაგახსენებთ: ცნობილია, რომ უოლტ დისნეი არც თუ ისე სწყალობდა ებრაელებს და მდედრ თანამშრომლებს. ჰოდა, მერილმა ეს ფაქტი მაშინ გაიხსენა, როდესაც 2014 წელს ოსკარი უნდა გადაეცა ემი ტომპსონისთვის, ფილმისთვის „მისტერ ბენქსის გადასარჩენად", რომელშიც უოლტ დისნეის როლს გენიალური ტომ ჰენქსი თამაშობს. ყველასთვის მოულოდნელად მერილ სტრიპმა უოლტ დისნეის რასისტი, ანტისემიტი და სექსისტი უწოდა... რას იზამთ? ამის მოსმენა მწარეა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას მერილ სტრიპი ახმოვანებს... რას ნიშნავს, როდესაც ძალიან დიდი პიროვნება და უდიდესი მსახიობი ხარ, თან შეუბღალავი რეპუტაციით და უფლება გაქვს, მწარე სიმართლე თქვა და მეორედ „მოჰკლა" უოლტ დისნეი... გენიოსებს ხომ ყველაფერი ეპატიებათ, ან თითქმის ყველაფერი", - წერს თეა ფირცხალავა. 


 

big_banner
არქივი