logo_geo
ირმა ინაშვილი: საქართველოში ორმაგად ძნელია აირჩიო პოლიტიკის გზა...
- +

1 ივლისი. 2017. 13:28



საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


როცა ადამიანი ირჩევს პოლიტიკოსის და საერთოდ, პოლიტიკის გზას, მას უნდა ესმოდეს, რომ მარტო გულანთებული მხარდამჭერები არ მოეფერებიან. იქნება კრიტიკა. იქნება დაცინვა. იქნება შეურაცხყოფა. იქნება ცილისწამება. იქნება უმადურება მათგან, ვისთვისაც ოდესმე ხელი გაგიმართავს და რაღაცა მომენტში დაემშვიდობე. იქნება წარსულში ხელის ფათური, ბავშვობის წლებიდან სტუდენტობის გავლით ბოლომდე... იქნება დაკვირვება, რას და როგორ აკეთებ. პოლიტიკა, პოლიტიკური თანამდებობა აშკარად უწესებს ჩარჩოს პირად თავისუფლებას. მეტია პასუხისმგებლობა და მეტია მოთხოვნა შენდამი. მაგრამ თუ პოლიტიკოსს, საჯარო პირს არ ესმის, რომ სიმშვიდე... მოთმინება ამ გზაზე ორი უმთავრესი ყავარჯენია, ის გამოუსწორებელ შეცდომებს დაუშვებს და დაინგრევა. საქართველოში ორმაგად ძნელია აირჩიო პოლიტიკის გზა. აქ თამაშის წესებს არავინ იცავს. თუ გაბრაზებული ოპონენტი, ან მტერი მოისურვებს, ყველაზე წარმოუდგენელ სისულელეს დაგაბრალებს.

 

მაგ: პარლამენტში ვართ ჩვენ, ნაცების ორი ფრთა და ოცნება. ვსხედვართ ერთ დარბაზში. ერთმანეთს ვხვდებით დერეფნებში, ლიფტში, კიბეზე, საერთაშორისო დელეგაციების ვიზიტებისას. გამოვა ვინმე გაბრაზებული და შემოგძახებს,- ნაცებთან შეკრულია, თორემ ლიფტში ერთად როგორ მოხვდნენო. ნაცებთან შეკრულია, თორემ ერთ დარბაზსა და მაგიდასთან როგორ სხდებიანო. თავის დამდაბლების გარეშე ვიტყვი,თუ ვინმე დარჩა, ვინც ნაცების (ორივე ფრთის) გასამართლებას და დასჯას ითხოვს, იმ ერთეულებში მე და ჩვენი გუნდი ვართ. მათთან ერთად პარლამენტის დარბაზში რომ ვსხედვართ, ეს ჩვენი-არა, ქართული ოცნების" დამსახურებაა. მოკლედ, ენას ცოტა ძვალი რომ ჰქონოდა, კარგი იქნებოდა, მაგრამ ესეც ნაცადი სტილია. და აქაც მოთმინებაა საჭირო, თორემ გიმტყუნებს ნერვები და შურისძიებაზე გადახვალ, რაც დაუშვებელია... ძალა რომ გაქვს, მაშინ ორმაგად დაუშვებელია... ამიტომ აირჩიე ეს გზა? ხარ პოლიტიკის სფეროში? სიმშვიდეს მოუხმე. ძნელია, ხშირად ადამიანურ ძალებს აღემატება ეს მოთმინება, მაგრამ ქრისტიანულია და შესაბამისად, სასარგებლოა", - წერს ინაშვილი.

 

 



 

big_banner
არქივი