„დღეს ყველა ეროვნებისა და ქვეყნის მილიონობით ჯარისკაცის „მამის" დაბადების დღეა", - წერს თეა ფირცხალავა სოციალურ ქსელში.
„1907 წლის 1 ივლისს ბაქოში დაიბადა თეატრისა და კინოს ლეგენდა, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მსახიობი, მხატვრული კითხვის, ქართული სიტყვის და სასცენო მეტყველების დიდოსტატი სერგო ზაქარიაძე.
სანამ მსოფლიოს თავისი ლეგენდარული როლებით განაცვიფრებდა, მანამ ზესტაფონის ფეხბურთელთა გუნდის კაპიტანი, მერე კი თბილისის „დინამოს" ცენტრალური მცველი იყო. შემდეგ იყო თბილისის უნივერსიტეტი, დიდი კოტე მარჯანიშვილის და სანდრო ახმეტელის მოწაფეობა, მოღვაწეობა რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრებში, მრავალი თეატრალური თუ კინო შედევრი და... 30 წელს მეხსიერებაში ჩაბეჭდილი სიღნაღელი გლეხის სახის და „ბაჯბაჯის" საოცარი გადატანა რეზო ჩხეიძის შედევრში „ჯარისკაცის მამა"... ეს ერთი როლი დავასახელე, თორემ სერგო ზაქარიაძის ნათამაშევი ყველა როლი - მთავარიც და ეპიზოდურიც, მეფისა თუ ფოსტალიონის, შადიმანის, თუ ბაყბაყ-დევის - ყველა შედევრი იყო, უკლებლივ ყველა... ერთი „ჩავარდნაც" კი არ ჰქონია, რაც მართლაც და იშვიათობას წარმოადგენს ამა თუ იმ პროფესიის ადამიანისთვის... ერთხელ უთქვამს, ძნელი სათქმელია, რომელი გმირის ცხოვრების გავლა უფრო საინტერესო და რთულია მსახიობისთვის - მეფის თუ ჯარისკაცისო...
კიბატონო, „გაუყალბებელ" და დამაჯრებელ სახეებს ქმნიდა, მაგრამ ისიც ვიკითხოთ, რის ფასად ხდებოდა მთელი მსოფლიოს მაყურებელთა განცვიფრება?! რისი და დიდი გულის... თვითონ ამბობდა, მუხა ვარ, მუხაო, მაგრამ ნუთუ მუხის გამოჭმული გული არავის გინახავთ? ჰოდა, იმ „გამოჭმულმა" გულმა უმტყუნა...
სერგო ზაქარიაძე გარდაიცვალა 1971 წელს. კარგად მახსოვს მისი დაკრძალვის დღე და ზღვა ხალხი. მთელ რუსთაველზე ისმოდა დიდი სერგოს ხმა... ისკიარადა, მთელი საქართველოს ჯარისკაცებმა დაიტირეს „მშობელი მამა"... გულით დაიტირეს...
დიდი სერგო ზაქარიაძე დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში", - წერს ფირცხალავა.