logo_geo
ეს წერილი ნაძვის ტყეში დააგდეთ - გოდერძი ჩოხელი
- +

31 დეკემბერი. 2017. 05:54



საშინელმა სიზმრებმა გატანჯეს ჯღუნაი და შემკრთალს გამოეღვიძა.

კარგა ხანს ღამის ზმანებები ედგა თვალებში. საწოლზე იჯდა თავჩაღუნული. მერე ფეხებზე ტალახიანი ჩექმები ჩაიცვა და ბერის სახლისაკენ მიმავალ ორღობეს გაჰყვა დაფიქრებული.

მზე კარგა აქეთ ამოსცილებოდა აღმოსავალს.


 ბერის სახლის წინ სოფლის დედაკაცები ისხდნენ და ჩუმად რაღაცას ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს. იმათ შორის იჯდა ბერის ცოლიც. იდაყვზე სახე ჩამოყრდნობილი დროდადრო სახლის ფანჯარას შეხედავდა და ამოიოხრებდა.


სიჩუმეს მარტო ღობის მარგილზე შემომჯდარი ყვავი არღვევდა. საავოდ ყრანტალებდა ყვავი.

- ყვა შენ და შენი ხმის გაცივება! - ქოქოლას აყრიდნენ ყვავს დედაკაცები.


ჯღუნამ ღობიდან მარგილი მოტეხა და ყვავს ესროლა. ყვავი გაფრინდა და ახლა ბანის წვერზე შემომჯდარი მოჰყვა ყრანტალს. ჯღუნაი კედელ-კედელ წამოეპარა და დიდი სიპი ესროლა. ყვავმა ისევ შეიცვალა ადგილი. ჯღუნამ თავი გაანება და დედაკაცებთან ჩამოვიდა.

_ როგორ არის საქმე? _ იკითხა ჯღუნამ.

_ წუხელ მაგარი შეტევები ჰქონდა, _ თქვა ბერის ცოლმა.

_ ნემსი გაუკეთეთ?

_ არ გაგვაკეთებინა.

_ ცოტა მაინც არ გახმა?

_ ხმება, მაგრამ ისე დარდობს იმის გახმობას, ალბათ გადაჰყვება. გულიც რო ეხლა ასტკივდა!

_ ექიმი არ ამოვიდა?

_ ჰო, ამ დილით ამოვიდა, _ თქვა ბერის ცოლმა და ამოიოხრა.

_ რა თქვა, რაო.

_ თუ იმ ნემსებს არ გაიკეთებს, არ გახმებაო. როგორ არ ვეხვეწეთ, მაინც არ გაიკეთა.

_ სხვა წამალი არაფერი დაუნიშნა?

_ ჯერ არა, ელაპარაკება, შიგნით არის.

ჯღუნაი სახლში შევიდა.

საწოლზე ზის ბერი. მარცხენა მხარზე ტანსაცმელი ამოუჭრიათ და იქიდან პატარა ნაძვს ამოუყვია თავი.

შიშველი ფეხები საწოლის წინ ამოთხრილ მიწაში უწყვია ბერს და მიწას წყალს უღვრის.

_ ნუ, ბერო, გასცივდები, ნუ იღუპავ თავს, _ ეხვეწება ბერს ექიმი, სამოც წელს მიტანებული დაბალი ებრაელი ქალი. ეს ქალი გუდამაყრელების მკურნალი ანგელოზია.

_ რას შვრები, კაცო, ნემსებს არ იკეთებ და მიწაში რო ფეხებს აწყობ, შენს გულს მაგით ეშველება?

_ მე არა, ამას ეშველება, _ მხარზე ამოსულ პატარა ნაძვზე ანიშნებს ბერი ჯღუნას.

_ შე კაი კაცო, მაგდენი როგორ არ გესმის, შენ თუ დაიღუპები, ეგ ნაძვიც ხო დაიღუპება, რა გაჰქეჯდი, გაიკეთე ნემსები.

_ ნემსი როგორ გავიკეთო, გახმება, ხო ხედავ, როგორ ჩამოუჭკნა წიწვები.

ბერმა ფეხებში მოყრილ მიწას წყალი დაასხა.



ოთახში უცხო კაცი შემოვიდა და იქ მყოფთ გამარჯვება უთხრა.

_ გაგიმარჯოს, _ სულ ბოლოს თქვა ბერმა და მოსულს სიგარეტზე ანიშნა, _ ჩააქრე, მაგის ბოლზე უფრო ხმება.

ახალმოსულმა სიგარეტი ჩააქრო და თქვა:

_ მე თქვენი სკოლის ახალი მასწავლებელი ვარ. გეოგრაფიას ვასწავლი. ამ უცნაურმა ამბავმა დამაინტერესა და იმიტომ მოვედი. გაოცებული ვარ პირდაპირ, გაოცებული. პირველად მესმის, რომ კაცს მხარზე ნაძვი ამოუვიდა. არა, თუ შეიძლება უფრო ღრმად გამარკვიეთ ამ საქმეში.


_ რა არის აქ ღრმად გასარკვევი, ამოვიდა, _ თქვა ბერმა.

_ თქვენ ამბობთ, რომ ღრმად გასარკვევი არაფერია, უბრალოდ, ამოგივიდათ, ხომ? მაგრამ მე გადმომცეს, რომ თქვენ შვილივით ეპყრობით მაგ ნაძვს. ჰაერზე ასეირნებთ, იმის გულისთვის, რომ წამლებმა ნაძვი არ გაახმოს, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეში იგდებთ. არ არის ეს ღრმად გასარკვევი ამბავი? რას მეტყვით, საიდან გაჩნდა ეს მამაშვილური მზრუნველობა, ჰა?!

_ მე შვილი არა მყავს, _ თქვა ბერმა და მასწავლებელს, რომელმაც სიგარეტი აანთო, სთხოვა:

_ თუ შეიძლება, აქ ნუ მოსწევთ.

_ უკაცრავად, სულ გადამავიწყდა. და კიდევ ერთი: არ გეგონოთ მე თქვენი ცოლის მიერ მოგზავნილი, ეს ჩემი რჩევა არის _ თქვენ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ნემსები, სხვანაირად გული არ მოგირჩებათ. ნაძვები, ბატონო, ტყეში რამდენიც გინდათ, იმდენია, თქვენ კი ერთი პატარა ხის გულისათვის...

_ თქვენ რომ ამოგსვლოდათ, რას იზამდით? _ ჰკითხა ბერმა.

_ თქვენსავით გული რომ მტკივებოდა, ალბათ, ჩემს თავს ვარჩევდი და წამლებს მივიღებდი. თქვენ კი სიცოცხლეს საფრთხეში იგდებთ და იცით თუ არა, რომ ამით თქვენში მყოფ ღმერთს კლავთ.

_ განა ეს ნაძვი კი ცოცხალი არ არის?! _ თქვა ბერმა.

_ ეგ ნაძვი ისეც გახმება.

_ იქნებ არ გახმეს, _ თქვა ბერმა და წასასვლელად მოემზადა.

_ სად მიხვალ? _ ჰკითხა ჯღუნამ.

_ უნდა ვასეირნო, აქ ჩახუთული ჰაერია, შეიძლება აქ მართლა გახმეს.

_ გულის წვეთები მაინც დაგელია,. _ სთხოვა ექიმმა.

ბერმა არაფერი თქვა, ფრთხილად გავიდა ვიწრო კარში, რომ ნაძვი არაფერს წამოსდებოდა ტოტებით.

_ თქვენ ღმერთი გწამთ? _ ჰკითხა ექიმმა მასწავლებელს.

მასწავლებელი დაიბნა.

_ არა, ეს ისე... ძალიან უცნაური შემთხვევაა. როგორ უნდა ამოუვიდეს კაცს ნაძვი? ამის მერე შეიძლება ყველაფერი იწამო და არაფერი არ იწამო. ვითომ რატომ უნდა ამოსვლოდა ნაძვი, ჰა?

_ ომში დაჭრილა და ტყეში ნაძვის მტვერი ჩაჰყრია ჭრილობაში, _ თქვა ექიმმა.

_ როგორ გგონიათ, ექიმო, არაფერი ეშველება? _ იკითხა ჯღუნამ და ნათქვამს დარდი ამოაყოლა.

_ როგორმე ნემსები უნდა გავუკეთოთ, რომ გახმეს ის ნაძვი.

_ როგორ, აბა, ღამეც არ იძინებს, სუ იმ ნაძვს ჰყარაულობს, შვილივით უვლის.

_ გულმა შეიძლება ვეღარ გაუძლოს, მკურნალობა აუცილებელია, _ თქვა ექიმმა,

_ პირდაპირ ღრმად შესწავლის ღირსია ეს თემა, _ თქვა მასწავლებელმა და სიგარეტი გააბოლა.


***

ბერმა ჯერ თხილნარში ისეირნა, მერე იფიქრა, იქნებ წიფლიანში უფრო მოუხდეს ნაძვს გასეირნებაო და ზემოთ წავიდა.

გზაზე მეტყევე გადაეყარა.

_ მართლა ხმება? _ ჰკითხა მეტყევემ ბერს.

_ ჰო, ვერ არის კარგად.

_ შენც რაღა ეხლა აგტკივდა გული.

_ აბა!

_ ისე, ღვთის სამართალი რა ვთქვი, აქაურ ტყეში ნაძვი არ იბადება და მაინცდამაინც შენ ამოგივიდა, იმ დალოცვილს შვილი მოეცა ბარემ.

_ მე ამაზედაც მადლობელი ვარ, ოღონდ ნუ გახმება.

_ რაღა ნუ გახმება, ანდე, ჩამოსჭკნობია წიწვები. ანდა, კაცო, ბედი არ არის, მა რა არის, რატომ სხო ხე ვერ გაიმეტა ღმერთმა, ბალი მაინც ამოგსვლიყო, პირს მაინც გაისველებდა კაცი, ნაძვს რაში გამაიყენებ? ის დალოცვილი, თუ გაძლევს, მოგცეს. არც იმასა აქვს სამართალი და ეგ არის.

_ მე არა ვნანობ, _ თქვა ბერმა.

_ ისე, არა სტყუი, კიდე, ხო იცი, იძახიან, ნაძვის გირჩებისაგან კუჭის წამალს აკეთებენო. მამკლა, კაცო, კუჭის ტკივილმა. ე ჩვენ ტყეში კიდევ ერთ ძირსაც ვერ ნახავ, სუ წიფელი და ნეკერჩხალია. თუ ძმა ხარ, თუ არ გახმა და გირჩები გამაიბა, არავის მისცე, მამკლა კუჭის ტკივილმა.

ბერი ნაძვის პირველ გირჩებს მეტყევეს შეჰპირდა და მარტოკამ გააგრძელა გზა.

გორზე დაისვენა.

ახლომახლო მოშიშვლებული ადგილი იყო და, როცა კი ნაძვს ასეირნებდა, ყოველთვის აქ ისვენებდა ბერი. ჩამოჯდებოდა და ეალერსებოდა ნაძვს. ეს ადგილი ძალიან მოსწონდა.

ცოტა რომ დაისვენა ბერმა, ადგა და მახლობელ ჩირგვში ისე ჩაიმალა, რომ ზემოთ მხოლოდ ნაძვი ჩანდა. მანამდე იყო ასე, სანამ ერთი პატარა ღობემძვრალა ჩიტი არ შემოჯდა ნაძვის კენწეროზე, თავის ენაზე რაღაცა იწრიპინა და ნაძვზე ჯდომით რომ გული იჯერა, გაფრინდა. ბერი წამოდგა და მადლიერი მზერა გააყოლა ფრინველს.

მერე ისევ გორზე დაჯდა და ჭიუხებიდან მონაბერ ნიავს შეუშვირა მარცხენა მხარი.

ქვემოთ ხელისგულივით ჩანს არაგვის ჭალა.

სულ ქვემოთ, ხეობის დასაწყისში, დიდი სოფელი ჩანს, იმ სოფელში კოლმეურნეობის კანტორა არის. აქედან კარგად ჩანს ის შენობა: თეთრი, მაღალი, ქვითკირით ნაშენები.

ბერს უცებ აზრი დაებადა.

ჩავა კანტორაში და კოლმეურნეობის თავმჯდომარეს დასასვენებელ საგზურს სთხოვს სადმე ისეთ ადგილზე, სადაც ბევრი ნაძვია. იქნებ იქაური ჰაერი მოუხდეს და აღარ გახმეს ნაძვი.

ამის გაფიქრებაზე გულის ტკივილიც კი გადაავიწყდა. სირბილით დაეშვა ქვემოთ.


***

კოლმეურნეობის თავმჯდომარე თავის ოთახში დაუხვდა. ცნობისმოყვარე ხალხი ჯარივით მოსდევდა ბერს უკან.

_ საგზური მინდა, _ თქვა ბერმა.

_ რა საგზურს თხოულობ, ვერ გამიგია, _ გაიკვირვა თავმჯდომარემ.

_ სადმე, ნაძვნარ ადგილას.

_ ჩვენ აქ ვშრომობთ, _ თქვა თავმჯდომარემ.

_ ვიცი, _ უთხრა ბერმა.

_ მერე?!

_ იქნებ გქონდეთ საგზური.

_ არა გვაქვს.

_ ძალიან გთხოვთ.

_ კაცო, რას გადამეკიდე, ხო გითხრეს, გაიკეთე ნემსებიო, რატომ არ იკეთებ?!

_ შენც იმათ მხარეს ხარ?

_ ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვია და ნუ ჯიუტობ რაღაცას.

_ ამომივიდა და რა ვქნა!

_ ამოგივიდა! ხმება! გამიხსენი ეხლა აქ სატყეო მეურნეობა, გაიშენე ზურგზე ტყე, გაურივე შიგ პანტა, ვაშლი, მსხალი, ზღმარტლი. გაამრავლე მერე ნადირი. შემოგესევიან მონადირეები, ტყისმჭრელები და ნუღა მომასვენებ მერე. მომთხოვე მეტყევეები, დავუნიშნოთ მერე იმათ ხელფასი. მერე იმ ნაძვნარში აგარაკს მოგვთხოვს ვიღაც. ჰო, მართლა, ყურძენი არ დაგავიწყდეს, ვენახიც გაიშენე, დავწუროთ ღვინო და ვიყვნეთ ესე... საგზური არა მაქვს მე და რაც გითხრეს, ის გააკეთე. შენ არ იფიქრო, რო შენმა ცოლმა დამავალა ამის თქმა. ამას მე გეუბნები _ მოიშორე ეგ ნაძვი.

ბერს აღარაფერი უთქვამს თავმჯდომარისათვის, კანტორიდან გამოვიდა და გზას გაჰყვა ქვემოთ.


***

ბორჯომამდე კითხვა-კითხვით მიაღწია ბერმა. ხალხს გიჟი ეგონა, ნაძვს რო ხედავდნენ იმის მხარზე.

არც სასტუმროში მიიღეს, სანატორიუმები გადაჭედილი იყო დამსვენებლებით.

მაშინ ბერმა ერთ ნაძვნარ ტყეში პატარა ქოხი აიშენა და იქ ასეირნებდა ნაძვს.

პირველ ხანებში გულის ტკივილმა თანდათან უმატა. მერე უკეთესად იგრძნო თავი.

ერთი კვირის თავზე ნაძვს გამოკეთება შეატყო ბერმა. გამწვანდა, გამოზიზინდა.

უცებ აიყარა ტანი ნაძვმა. ბერი გულმკერდში გრძნობდა იმის ფესვებს და წიწვების სახეზე მოლამუნებით ტკბებოდა. ის ახლა ნაძვის ყოველ ნაფიქრალს ხვდებოდა, გრძნობდა, როგორ ელაპარაკებოდნენ ხეები ერთურთს. ბერი ახალ სამყაროს გრძნობდა, გრძნობადს და არა ხილვადს, უჩინარს, იდუმალებით მოცულს. ახლა იმის სხეულში ორი სული იდგა და ეს ორი სხვადასხვა სული ერთურთის შერწყმას ლამობდა. სხეულები კი ერთსახედ გადაქცევას ესწრაფებოდნენ. ისინი სვამდნენ ურთიერთს და ერთ მთლიანს ავსებდნენ თანდათან.

ერთი თვის თავზე ბერის თავს ზემოთ ჯანმაგარი ნაძვი მასპინძლობდა მის ტოტებზე შემომსხდარ ფრინველებს.

ბერს მეუღლე მოენატრა.

ჯღუნაი მოენატრა.

ახლა ის სიამაყით იყო ავსილი და ერთი სული ჰქონდა, როდის გაასეირნებდა ამ ჯანსაღ ნაძვს თავის სოფელში. როდის შეეყრებოდა მეტყევეს და დააიმედებდა:

_ ნუ გეშინია, მოგცემ გირჩებს, მორჩები, აბა, არა!

გადაწყვიტა, თავის სოფლამდე ტყე და ტყე ევლო, ფეხით, რომ უცხოს არავის გადაჰყროდა, ხიფათს რომ არაფერს გადაჰკიდებოდა.

დაემშვიდობა ნაძვებს და წავიდა.


«წერილი ნაძვებს!

ახლა ამ წერილს ჩემი სოფლიდან გწერთ. კარგადა ვარ. ხშირად დავსეირნობ ტყეში. ჩემი სოფლელები შეშინებულნი არიან, ერიდებათ ჩემთან სიახლოვე. გუშინ გეოგრაფიის მასწავლებელმა მთხოვა, რომ საახალწლოდ მე მომრთონ. მე დავეთანხმე, მაგრამ ცოტა მეშინია კიდეც, ტოტები არ ჩამომალეწონ. ერთადერთი, ვისთანაც ადამიანური ლაპარაკი შეიძლება, მეტყევეა. გირჩებს შევპირდი, მაგრამ ცოტა ხარბი კაცია. მაინც ვერ ურიგდება იმ აზრს, რომ ნაძვი ვარ. წამოსცდება ხოლმე ხშირად, ბალი მაინც იყო, პირს მაინც გავისველებდიო.

დღესაც სასეირნოდ ვიყავი. ჩემი ცოლი სულ გვერდით დამყვება, რომ სადმე კლდეზე ტანმა არ გადამძლიოს და ხრამში არ გადავიჩეხო. შეურიგდა ბედს.

ჯღუნაი გადასახლდა, აღარ ეკარება ჩვენს სოფელს. მენატრება, ადრე კარგი მეგობრები ვიყავით.

ერთი კვირის წინ ქორწილში ვიყავი და ერთ ლამაზ გოგონასთან ვიცეკვე. იმ დალოცვილს ჩემსავით აშოლტილი ტანი ჰქონდა.

ერთი ლოთი კაცი ცხოვრობს აქ, რამდენჯერაც დათვრება ის კაცი, აიღებს ცულს, დაუწყებს გალესვას და თან იძახის:

_ ბერი უნდა მოვჭრა! ბერი უნდა მოვჭრაო!

ვერიდები.

მეშინია.

რას გაიგებ, მთვრალი კაცისგან ყველაფერი მოსალოდნელია. შეიძლება მართლა მომჭრას.

აქაურ ტყეებს სიყვითლე შეეპარა. ამათ ძალიან უკვირთ, მე რომ სულ მწვანე ვარ და ფერს არ ვიცვლი. ეს კიდევ არაფერი, მე რომ სიარული შემიძლია, ამაზე მთლად გიჟდებიან, ალბათ, ზეციდან მოვლენილი ვგონივარ, ისე მეკრძალებიან.

მე ვუთხარი მათ, რომ არა ვარ სხვაგნიდან მოსული.

არ დამიჯერეს:

_ თუ მიწაზე დაიბადე, რატო შენც ჩვენსავით ფერს არ იცვლი, შენიანებს სიარული არ შეუძლიათ, შენ კი დადიხარ, სადაც მოგესურვება, იქ დგები, თან არც ჩვენნაირი ფოთლები გაქვსო.

რა უნდა ვუთხრა.

რით დავაჯერო.

წიფელს კიდევ რამეს ვაგებინებ, სხვები მთლად ურწმუნოები არიან.

არ მინდა, ტყეებს თავის რწმენა დავუკარგო. არადა, ვერც ვშორდები. შუაგულ ტყეში ერთი პატარა ვერხვი შემიყვარდა, ყოველდღე რომ არ ვნახო, არ შემიძლია, უიმისოდ ვერ ვძლებ. ისე თრთის ხოლმე ჩემს დანახვაზე, ალბათ, მასაც ვუყვარვარ. ამ ბოლო დროს მასთან სიახლოვეს ვერიდები. მგონი, ჩემი ცოლი ეჭვიანობს, მეშინია, მე რომ მემუქრება, ის ლოთი კაცი არ მოისყიდოს და ვერხვი არ მოაჭრევინოს.

ჩემს სოფლელებსაც მგონი შეეპარათ ტყეების ეჭვი.

სოფლის თავს ერთი ბებერი კაცი ცხოვრობს, არც ცოლ-შვილი ჰყავს იმ კაცს, არც და-ძმები, მარტოა, რაც თავი მახსოვს. ადრე ღმერთი არა სწამდა და სოფელს იმიტომ გამოშორდა. სოფლის თავს სახლი აიშენა და შეუვალი ღობე შემოავლო. მთელი თავისი სიცოცხლე ღმერთის გმობაში გაატარა. ეხლა მოხუცდა, ჯან-ღონე წაერთვა და სიღარიბემ წელში მოხარა. სამადლოდ თუ ვინმე მიაწვდის პურ-წყალს. ჩამომხმარ სხეულში ცოდვილობს იმისი სული. ყოველდღე ღმერთს ევედრება შეწყალებას.

ტყისაკენ მიმავალი გზა იმ მოხუცის სახლის გვერდზე გადის და ყოველთვის, როცა ტყეში მივდივარ ხოლმე, იმისი საცოდაობით მიკვდება გული. სახლის წინ მუხლებზე დაჩოქილი დგას ხოლმე და ცას შესძახის:

ჩამომეშველე, ზენაარო,

ეგ თალხი კალთა ჩამომაფარე,

ა, ეს თვალები დამიხუჭე,

ა, ეს ენა-პირი დამიდუმე,

ა, ეს მუხლები ჩამიშალე,

სული ნამგალივით გამიღუნე

და

წამიყვანე!..

ამ სახის მიღმა გამიყვანე,

თორემ დავიღალე,

ამ ბნელ მღვიმეში ყოფნით დავიღალე.

და ამ ლოცვის დროს მე თუ დამინახა, აკანკალებული მეხვეწება:

_ სთხოვე უფალს, ჩამომეშველოს,

სთხოვე, ჩამომეშველოს,

მიშველე, სთხოვე...

მეცოდება ეგ კაცი, არ ვიცი, რა ვქნა, რით ვუშველო. რომ არ ვაწყენინო, შევუშვერ ხოლმე ზეცას ხელებს და შევთხოვ:

_ ჩამოეშველე! ჩამოეშველე!

არ ჩანს გამკითხავი.

იგვიანებს...

საოცარ სიზმრებს ვხედავ ღამღამობით: ხან მეჩვენება, რომ ჰაერში დავფრენ, მერე ქვემოთ ვეშვები, მიწის გულში ჩავდივარ და იქ მისი გულის ბაგაბუგს ვისმენ.

სუნთქავს მიწა.

როგორც კაცი, ამოისუნთქავს და მერე სადა და როდის ჩაისუნთქავს.

თითქოს სუნთქვის ხმაც მესმის.

მიწის გულიდან რომ გამოვდივარ, ყველაფერი, რაც კი მის ტანზე ხდება, მიწის სიზმარი მგონია.

ხან შორს მიმაფრენს და შორიდან ვუყურებ დედამიწას. დედამიწას იქიდან სხვანაირს ვხედავ:

ცოცხალს!

მდინარეები მისი სისხლძარღვებია.

ზღვები და ოკეანეები _ ფილტვები.

ტყეებით სუნთქავს.

ჰაერი მისი სულია.

თვითონვეა კაციც და დედაკაციც.

შორიდან კარგად ჩანს, როგორ გამოდიან ათასნაირი სახეები მიწიდან და ისევ მიწას უერთდებიან...

ნეტავი ერთხელ ჩემს სიზმრებში ჩაგახედათ და განახვათ, როგორი სახე აქვს იქ დედამიწას.

ღმერთი?

მე მწამს ღმერთი, რადგან მწამს დედამიწა და რაკი ჩვენ, ყველანი, დედამიწის ნაწილი ვართ, ალბათ, დედამიწაც ასევე ღმერთის ნაწილია.

ჯერ ეს სიზმარში არ მინახავს, მაგრამ, ალბათ, როგორც დედამიწას შეერთვიან მისგან გამოსული სახეები, თვითონ დედამიწაც შეერთვის ღმერთს.

მე რატომღაც მგონია, რომ ღმერთი ერთია და ამასთანავე იმდენი, რამდენი სახეცა დგას მასში.

ვიცი, ჩემი ჯანმრთელობა უფრო გაინტერესებთ. ნუ იდარდებთ. წინანდებურად აღარ მაწუხებს გულის ტკივილი.

დღეს ჩემს ტოტებზე ისე გულიანად იგალობა შაშვმა, რომ სულ გადამავიწყდა, თუ როდესმე გული მტკიოდა.

აქაურ ტყეში მარტო მე ვარ ნაძვი. ერთი ადგილი მომწონს მაღალ მთაზე, ხშირად ვდგავარ იქ. აქედან კარგი გადასახედია, მთელი ხეობა მოჩანს.

ღამღამობით სიზმარში მეჩვენება, რომ ფეხები მიწაში მიდგას.

თქვენ მენატრებით.

გკოცნით ბევრს...»


წერილს გარედან მისამართი ეწერა:

«66793

ბორჯომი

ეს წერილი ნაძვის ტყეში დააგდეთ.

ბერი».


შემოდგომაზე გულის ტკივილმა მოუმატა ბერს.

ერთ საღამოს ნაძვის ფესვები მუხლებს ქვემოთ იგრძნო.

საშინლად სწიწკნიდა გული.

მთვარიანში სახლიდან გამოვიდა, კალოდან ბარი გამოიტანა და ტყისაკენ აუყვა აღმართს.

გვიანი შემოდგომა იყო.

მთვარის შუქზე ვედრებასავით იდგნენ გაძარცული ტყეები.

ტყის მცველის ქოხს ჩაუარა.

შუაღამისას თავის საყვარელ ადგილს მიაღწია.

აქედან ხელისგულივით მოჩანდა ხეობა.

ბერმა ღრმა ორმო ამოთხარა და შიგ ჩადგა. მერე ნათხარი მიწა შიგნით ჩაიყარა და ხელებით ფეხებში ჩაიტკეპნა წელამდე.

იდგა ასე.


უკანასკნელი, რაც ბერმა იგრძნო, ის იყო, თუ როგორ შეავსო ორმა სხეულმა ერთი მთლიანი და გახდა ერთსახე, რომელიც წვრილი ფესვებით საოცარი სისწრაფით ჩაებღაუჭა მიწას.

ხოლო პირველი, რაც ნაძვმა იგრძნო, ეს მზის ამოსვლა იყო.


/გოდერძი ჩოხელი/










 

big_banner
არქივი