logo_geo
დინა მირცხულავა - ადამიანობა გადაიფიქრა ღმერთმა...
- +

30 იანვარი. 2018. 11:15



მე ვიცნობდი რუბენას. ფართოსახიანი კაცი იყო და ფართო მკლავიან „კიტელს" ატარებდა. შარვალიც ფართოტოტიანი ეცვა - ხაკისფერი. მოდიოდა და მოაქნევდა ნიჩაბივით ფართო ხელებს. მარტომ იცოდა ბუტბუტი შარაზე სიარულისას, ზოგჯერ იმ ფართო ხელებსაც იყენებდა რაღაცის, თავისივე ნაბუტბუტარის, დასამტკიცებლად. მერე ჩაფიქრდებოდა და აი მაშინ, საოცრად ჰგავდა იმ კაცს სურათზე, ჩემი დიდი ბებია რომ გამოაძვრენდა ხოლმე ღამით ლეიბის ქვეშიდან, ფანჯრის რაფაზე მიაყუდებდა და ელაპარაკებოდა: „ღორონდ, სქან ოროს ქუგობლუაფუდა" (მეგ. ღმერთო, შენს ჩრდილს შემოვევლე ).

 

სურათზე კაცი იყო. რუბენასნაირი წვერებით. ხელები ფართოდ ჰქონდა გაშლილი და ჯვარზე იყო გაკრული, თავი მარჯვენა მხარეს ჰქონდა გადმოკიდებული, ფეხები მიტყუპებული და სათითაო ლურსმნით იყო მიჭედებული. თვალებს დავხუჭავდი და წარმოვიდგენდი, რუბენაც რომ ასე გაეკრათ ჯვარზე, ჯვარი დიდი უნდა იყოს და ბოლოებში ბოლნური ჯვარივით ფართო, იმიტომ რომ რუბენაც დიდია და ხელებიც დიდი აქვს - უსაშველოდ დიდი. იმ ჯვარზე გაკრულ კაცთან ორნი იდგნენ - ქალი და ბიჭი. აი, რუბენა რომ გააკრან, მთელი სოფელი მოგროვდება. ჯერ ერთი, რუბენას ორი კაცი ვერ მოერევა, ორი კი არა, ვერც მთელი სოფელი, მოერევა. მეორეც - რატომ უნდა გააკრან რუბენა?! არაფერი დაუშავებია. ამ კაცმა ალბათ მოიპარა და იმიტომ გააკრეს ასე ჯვარზე, იმ ორ ადამიანს მოპარა რაღაც... მაგრამ თუ მოიპარა, რატომ ეუბნება დადი, „შენს ჩრდილს ვენაცვალეო?!"

 

ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში, ვიდრე არ მიმეძინებოდა და დადის ბუტბუტი აკვანთან დათენებული დედის „ნანასავით" არ მიჩუმდებოდა.

 

ჩაის კერეფისა და მანდარინობის დრო რომ მოაღწევდა, საჭირო კაცი იყო რუბენა. უთქმელად ალაგებდა ყვითელ მზეებს - მანდარინებს - ხის ყუთებში, თითქოს შუშის იყვნენ.

 

სწორედ ასე სათუთად ვიღებდი ხოლმე შუშის სათამაშოებს საახალწლო ნაძვის ხისთვის ყუთიდან და ახლაც, ოცდაოთხი წლის მერე - ნაძვის ხის ყოველი მორთვისას მახსენდება რუბენა მანდარინებით, თითქოს მზე ჰყავდა დატყვევებული ხელში და ეგონა თუ ოდნავ მაინც უდიერად მოექცეოდა ან ცოტა შორიდან გაუშვებდა ხელს, ყუთში ჩასაგდებად - უთუოდ დაიმსხვერეოდა! ვითომ მართლაც, მისი ხელის მტევანზე იყო დამოკიდებული, სამყაროს მზეობა ან უმზეობა.

 

სამუშაო დღის ბოლოს ბებიაჩემის გაკეთებულ ღომს თხილებში წაიღებდა, ფეხს მოირთხამდა მიწაზე, ხუთივე თითით მოატეხავდა კიდეს და ხმელა ღომს ჭამდა. ყველს კი ხელუხლებელს ტოვებდა.

 

რას აღარ ამბობდნენ რუბენაზე - აფხაზიაო, აისორიაო, ბერძენიაო, სომეხიაო, ესტონელიო ... ყველა ეროვნებას „წამებდნენ", ქართველობის გარდა. ზოგი იმასაც ირწმუნებოდა , ბოშა ქალის ნაბუშარია და რკინიგზაზე დატოვაო დედამ, რომ არ მოეკლათ პირმშო. მაგრამ არავინ იცოდა, ვინ იპოვნა ჩვილი და ვინ გაზარდა.

 

ჩემთვის რომ ეკითხათ, ღმერთი იყო რუბენა!

 

მაშინ არ ვიცოდი, რომ დადის ლეიბქვეშ დამალული, ჯვარზე გაკრული კაცი და ღმერთი, ორივე ერთი იყო.

 

ჰოდა, რუბენა იყო ღმერთი! უფრო სწორედ, რუბენას სხეულში დასახლდა ღმერთი. იმიტომ რომ, ჩემი ბაბუ შეეცოდა, ამდენი მანდარინის მარტო საკრეფად და მოვიდა, ვითომ რუბენაა, რომ სხვებმა არ იცნონ, თორემ უარს ხომ ვერავის ეტყვის?! დაიღლება და გაწამდება, კაცო, ის ღმერთიც და იმალება...

 

ასე მჯეროდა და მწამდა.

დღესაც ასე მინდა, მჯეროდეს და ასე მწამდეს.

მერე ომი დაიწყო და გურიაში გადავბარგდით.

მთელი სოფელი რუბენას ჩავაბარეთ.

 

-ქათმები და ღორები დაპურებული მყავს, დილით კარი გაუღე მარტო და საღამოს დავბრუნდებით! - ასე დაუბარა ბებიაჩემმა და დარწმუნებულიც იყო, რომ დაბრუნდებოდა.

 

გურიაში დიდხანს ვეძებდი რუბენას ჩაის პლანტაციებში, მანდარინებში, მდინარეზე, ტყეში, ღრეში, ყანებში და მიკვირდა - რატომ არ გამოჩნდა?! აქ არ იღლებიან ადამიანები, რომ მიეხმაროს?!

 

მერე მამა დაბრუნდა ომიდან.

 

- საცოდავი რუბენა, ბიჭო, ტამიშში აფხაზებმა წამებით მოკლეს... იქ რა უნდოდა მაგ ჩემი ცოდვით სავსეს, აზრზე არ ვარ... ვერაფრით ათქმევინეს თურმე, ვის მხარეს იბრძოდა - ომიდან მობრუნებულმა მამამ სუფრაზე მჯდომ მეგობარს შესჩივლა და დავინახე, რომ ცრემლი და ღვინის ყლუპი ერთად გადაყლაპა.

 

- ხომ ვამბობდი, ღმერთი იყო რუბენა! უნდა მოეკლათ, აბა თავს მოიკლავდა ღმერთი?! ან თავისი სიკვდილით ხომ არ მოკვდებოდა?! მამაჩემის გამკვირებია, ტამიშში რა უნდოდაო, ღმერთი ყველგანაა, ტამიშშიც, ოჩამჩირეშიც, კოჩარაშიც. გურიაშიცაა ღმერთი, იქნებ სხვა სახელითა და სხეულით ... კი, კი, ასე იქნება... აბა, რუბენა იქ მოუკლავთ და აქ რანაირად მოვიდოდა ?! - არ მახსოვს, აზლუქუნებულს როდის მიმეძინა.

 

მაგრამ ზუსტად მახსოვს იმღამინდელი სიზმარი.

 

ჩვენს მანდარინებში იდგა რუბენა და ხელში მართლაც შუშის მზეები ეჭირა. ხაკისფერი შარვალი სულ სისხლიანი ჰქონდა, მაგრამ მზეები ისე ანათებდნენ, იფიქრებდი, უბრალოდ წითელი ფერის შარავალი ეცვა და სხვა არაფერი. გულისპირი გადაღეღილი ჰქონდა. ახლოს მივედი, ძალიან ახლოს, თვალს მჭრიდა, მაგრამ მაინც დავინახე, გულზე ის ჯვარცმული კაცი ეკიდა - დადის სამალავიდან - თავისნაირი კაცი... ყუთები სავსე იყო მზეებით და რუბენა ბედნიერად გამოყურებოდა.

 

- აქ, ჩვენთან გურიაში არ მოხვალ? - სიზმარში ვეკითხებოდი.

- არა, ვერ მოვალ...

- რატომ?

- ადამიანობა გადაიფიქრა ღმერთმა...

- როდის ?

- 1992 წლის, 2 ივლისს, ტამიშში - ასე მითხრა რუბენამ და ძალიან ფრთხილად ჩააწო შუშის მზეები ხის ყუთში.

შუბლზე ცივი ტილოს დადებამ გამომაფხიზლა.

დედა ჩუმი ხმით საყვედურობდა მამას:

- ბავშვთან არ უნდა მოგეყოლა რუბენას ამბავი...


დინა მირცხულავა












 

big_banner
არქივი