logo_geo
დინა მირცხულავა - იცით, მათხოვარმა რა ქნა ?!...
- +

14 თებერვალი. 2018. 15:09



ეს ამბავიც მზეზეა გასაფენი და თვითონ იცის მზემ, როგორ გააშროს...

კიბეზე, ალბათ შუა საფეხურიდან ასე თექვსმეტი - ჩვიდმეტი წლის ბიჭი დაგორდა....

თავპირის მტვრევით დაეშვა დედა და იატაკზე გაშოტილს მივარდა.

- ფეხი, ფეხი აქვს მონატეხი, ახლახანს მოვხსენით თაბაშირი - ყვიროდა ქალი და დახმარებას ითხოვდა.

მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ ბიჭს არც ერთ ხელზე არ ჰქონდა მტევნები, მისი ზედა კიდურები იდაყვებთან მთავრდებოდა.

ხალხიც მოგროვდა, მაგრამ რატომღაც უძრავად ვიდექით...

- მომეშველეთ, ავაყენო - დედის ხმამ გამოგვაფხიზლა და იმდენნი მივცვივდით, საჭირო რომ არ იყო.

წამოაყენეს ბიჭი.

შარვალი დაუფერთხა დედამ, ქუდი შეუსწორა.

თასმა შეუკრა.

- ჩემი თავი დაიფიცე, ფეხი მართლა არ გტკივა ? - ჩუმი ხმით ჰკითხა.

არ მტკივაო, უპასუხა ბიჭმა და ფეხების ბაკუნი დაიწყო ამის დასამტკიცებლად.

ვიდექი და ვუყურებდი.

აბაკუნა და აბაკუნა, არ გაჩერდა და არ გაჩერდა.

ჰოდა, მის მზერას მივყევი, მივყევი და ჰოი, საოცრებავ, მოხუცს უყურებდა...

კიბის თავში მჯდომ მოხუც მათხოვარს, ინვალიდის ეტლში, რომელსაც არც ერთი ფეხი არ ჰქონდა და მისი ქვედა კიდურები მუხლებთან სრულდებოდა...

არ ვიცი, რას სჩადიოდა იმ წუთებში ბიჭი ან რა იყო ეს - ნიშნის მოგება თუ სიხარული იმისა, რომ ფეხები ჰქონდა ?!

მერე ლამის ახტებოდა კიბის საფეხურებს და თან უკან იყურებოდა, ხედავდა თუ არა მოხუცი.

იცით, მათხოვარმა რა ქნა ?!

დედას გეფიცებით, ორივე ხელი გამოიშვირა სამათხოვროდ და კარგა ხანს, ვიდრე მე იქ ვიდექი და ვუყურებდი, არც ერთი მათგანი არ ჩამოუშვია დასასვენებლად...


დინა მირცხულავა





 

big_banner
არქივი