logo_geo
შარშან ნივთები გავიტანეთ სახლიდან და გავყიდეთ
- +

19 აპრილი. 2018. 12:46

 

 

საღამოობით მიწისქვეშა გადასასვლელის ნესტს მოათრევს სახლში.

ქუჩის მუსიკოსია.

თვითონ თავისთავს მოხეტიალე მუსიკოსს ეძახის, ეუხერხულა ალბათ „ქუჩისტობა“...

მე კი ვიცი, რანაირად ხეტიალობს, სულ ერთსა და იმავე ადგილებში დგას.

ნახავდით უეჭველად.

ბეჭებში მოხრილი მაღალი ბიჭია. ვერაფრით დავამოკლებინე გიტარის გადასაკიდებელი და სიმების შესახებად ოთხად იხრება წელში.

შარშან ნივთები გავიტანეთ სახლიდან და გავყიდეთ. რამდენიმე ინსტრუმენტიც, მისთვის საყვარელი, მაგრამ სხვა გზა არ იყო. უცნაური დაავადება დაუდგინეს - ალცჰაიმერის სინდრომი - ასე ჰქვია.

- ნულზე დასვაო საყვარელმა! - საჭორაო მიეცა უბანს.

ენთება და იჯაგრება ჩემს „საყვარლობაზე“...

ცალფეხზე მკიდია მე.

საყვარელი ვარ, აბა რა ვარ?!

ბავშვივით ვანებივრებ.

თმასაც თვითონ ვვარცხნი სველი სავარცხლით.

კნუტივით ვიკალათებ მის ფეხებთან და შიშველ ზურგს ვაწვდი.

გრძელ თითებს აათამაშებს ჩემს ნეკნებზე, იმ წამს ფორტეპიანოს დანიშნულება რომ აქვს.

- შენ ახლა შოპენის „იმპრომპტუ“-ს უკრავ...

- ვერ გამოიცანი, დინა, ამადეუს მოცარტის „ჯადოსნური ფლეიტაა“, - მიღიმის და ისევ თითებით მიკაკუნებს - დილეტანტი ხარ ჯერ კიდევ მუსიკაში...

მწყინს.

- შენც დილეტანტი ხარ! „ბოდვა“ ალექსანდრე კუპრინის კი არა, პუშკინისააო, - მთელი ღამე მეკამათე.

დუმილით მპასუხობს.

ვერ ვეშვები.

- შენ, ეი - მოხეტიალე მუსიკისო, სულს გაყიდიდი პაგანინივით?!

- არ ვიცი... არ მიფიქრია...

- ახლა იფიქრე... წარმოიდგინე, ერთ სიმზე დაუკრავ... ხვდები?!

- ერთ დღესაც დაკვრა რომ ვერ შევძლო, ალბათ გავყიდდი... თუმცა, მოიცა... იყო ასეთი დღე, არ მომიყოლია, მთელი დღე ვიდექი და ვერაფერი დავუკარი, ვიდექი და ადამიანებს ვუყურებდი, იმ დღეს ყველას გზა აერეოდა უმუსიკოდ... მგონი, იმ დღეს არავინ უკრავდა დედამიწაზე... მაგრამ სულის გაყიდვა არც მომაფიქრდა, მორჩენილი ფულით „ლანდიშები“ გიყიდე და სახლში წამოვედი, ხომ გახსოვს თეთრი „ლანდიშები“, აი ეგ დღე იყო... შენთან მომინდა... იმიტომ რომ, შენ კლოდ მონეს „მზის ადამიანი“ ხარ...

- აი, ახლა შენ ფაუსტო პაპეტის „ქალი სიყვარულით“ - ამას უკრავ ხო?! - სხვა თემა მირჩევნია, არ მიყვარს, როცა ჩემზე დამოკიდებულებას ხაზს უსვამს და ვაწყვეტინებ.

- ეგაა, „Woman in love“, ყოჩაღ!

ნეკნებზე ლურსმნებით მერჭობა მისი თითები, სადაც მერე ყველა დარდს და ტკივილს ქურთუკივით ჩამოკიდებს და თვითონ ისევ გზადაბნეული ადამიანების მუსიკას დაუკრავს მიწისქვეშა გადასასვლელში და მეტროს სუნსაც ამოიყოლებს საღამოს...

 

/დინა მირცხულავა/

 

 

big_banner
არქივი