logo_geo
მზისგან ნაკოცნები არიან ჭორფლიანი გოგონები...
- +

21 აპრილი. 2018. 10:44

 

 

სად არ მატარა დედაჩემმა და ვისთან აღარ...

ავად არ ვიყავი.

ყვრიმალებზე ჭორფლები მქონდა და ამ ამბავს ისე განიცდიდა, თითქოს რამდენიმე ნიშნობა ჩაშლილიყოს ამის გამო...

მაგრამ დედაჩემი რომ ატყდებოდა, მისი ნება შეუვალი ხდებოდა.

ვიღაცას წამოცდენია, ერთი ზაფხული ზღვაზე გაუშვი, რუჯი მიიღოს და გაუვლისო.

მატარებლის ბილეთი ხელში ჩამიკუჭა, ორი წიგნიც ჩამიტენა ჩანთაში და გამისტუმრა.

ღმერთო, რანაირი ქალია, ახლა რომ მეფიქრება, საკითხავ ლიტერატურასაც თვითონ მირჩევდა...

"კუკარაჩა" ამოვაძვრინე ჩანთიდან.

- კუკარაჩას მოკლავენ - ინტერესი მომიკლა გვერდით მჯდომმა გაბურძგნულმა ბიჭმა.

- უი, რატომ ?! - წიგნი დავკეცე.

- ეგეთები ეზედმეტებაო სამყაროს- მითხრა და სახეზე დამაკვირდა.

- მზემ გაკოცა !

- რა ?

- მზისგან ნაკოცნები არიან ჭორფლიანი გოგონები, ასე გამიგია.

- სულ ჭორფლიანი ვიქნები - დავიმორცხვე.

- კი, სანამ მზე კოცნას არ გადაიფიქრებს - თქვა და ფანჯარაში დაიწყო ყურება.

ისევ წიგნი გადავშალე.

ორივეს ჩაგვეძინა.

რატომღაც დღესაც მჯერა, რომ ერთნაირი სიზმარი ვნახეთ.

ვითომ მზე იყო თვითონ და მკოცნიდა, მე კი მთელ ტანზე მაყრიდა ჭორფლები წითელა ბატონებივით.

- მზის გარდა სხვას არ აკოცნინოო !- გაღვიძებულმა სიტყვა მომიგდო და ჩემზე ადრე ჩავიდა.

მერე მთელი დღეები მკოცნიდა და მკოცნიდა იმ ზღვიდან ამოსული მზე და შებინდებულზე გულნაჯერები ზღვაში იხრჩობდა თავს...

 

/დინა მირცხულავა/

 

 

big_banner
არქივი