logo_geo
როგორ გავიზარდე დიდი...
- +

26 აპრილი. 2018. 12:25

 

ჩემი სარკმლიდან მოსჩანს ცაცხვის ხე, რომელსაც შემოდგომა ქარით აწვალებს, ხან მთელი ძალით დაჰქროლებს მის ტოტებს, ხან ცოტა შეეშვება, ამოსუნთქვას აცლის, მერე ისევ დაუბერავს. ზუსტად ისე, როგორც წლების წინ ბებიაჩემს ექცეოდა, ცოტას ამოასუნთქებდა და მერე ისევ..... საწყალი სიკვდილს ნატრობდა.

ნატრობდა და ბებიაჩემსაც მაინცდამაინც ეს ნატვრა აუხდა, კუბოში ჩასვენებულს შევცქეროდით მე და ჩემი ძმა და გვიკვირდა, რომ აღარ სუნთქავდა, რომ თვალებს აღარ ახამხამებდა.

მახსოვს, მაშინაც ცუდი ამინდი იყო, ქარი ხეებს აწვალებდა, ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ იმ დღეს ხეებს მაინცდამაინც ბებიაჩემის ფოთოლი მოსწყდა.

ბებიაჩემი მოხუცებული მახსოვს, მანამ ცოცხალი იყო, მე სულ ვარიდებდი ხოლმე თავს მასთან საუბარს, მაგრამ რომ მოკვდა, სანამ დამარხავდნენ, ძალიან მომინდა მასთან საუბარი, მინდოდა, მოეყოლა, როგორია, როცა მოკვდები. ვუყურებდი, მაგრამ ვერ ვუბედავდი კითხვის დასმას, მასაც არაფერი უთქვამს ჩემთვის, ისე დამარხეს.

ძალიან ბევრი მიწა მიაყარეს დიდმა კაცებმა, მერე წვიმაც დაიწყო. სასწრაფოდ ჩავსხედით დიდ რუსულ ავტობუსში ნახევრად მშრალი ხალხი, მძღოლმაც ამოქოქა ძრავი და ძრავის ხმას სიტყვაც მოაყოლა: „ბუნებაც ტირისო“. ოღონდ არ დაუკონკრეტებია, ვის ტიროდა ბუნება, დამარხულ ბებიაჩემს თუ ჩვენ რუსულ ავტობუსში მჯდომ დასამარხებს.

მანამდე პატარა ვიყავი....

მიდიოდა ავტობუსი და მთელი გზა ბებიაჩემზე ვფიქრობდი: „რა უნდა აკეთოს ახლა მიწაში!? „ან სულ ეგრე გაუნძრევლად როდემდე იწვება!?“ მერე გამახსენდა, რომ იქ სასაფლაოზე ბევრი ადამიანი იყო დამარხული, მერე ყველაზე ერთად დავიწყე ფიქრი, მერე შევეცადე, ყველას მაგივრად მეფიქრა და წავედი და წავედი შორს... ბევრი აღარ მახსოვს მაშინდელი ფიქრიდან, მარა ერთი დანამდვილებით ვიცი, ფიქრი რომ შევწყვიტე, შევნიშნე, რომ უკვე დიდი ვიყავი! არ ვიცი, რამდენი ხანი იარა სასაფლაოს გზაზე ავტობუსმა, მარა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა, რომ გავზრდილიყავი.

ჰოდა, იმის მერე დავდივარ დიდი, სასაფლაოს გზაზე გაზრდილი ბიჭი... სულ მიცვალებულებზე ფიქრში გამდის დღეები, კვირები, თვეები, წლები და ისევ დიდი ინტერესით ვაკვირდები სარკმლიდან, შემოდგომა ქარით როგორ აწვალებს ცაცხვის ხეს, იმ იმედით, იქნებ ბუნებამ კიდევ ვინმე დააფიქროს, ვინმე მიახვედროს, იქნებ სხვაც ვინმე გაზარდოს ჩემნაირი, თორემ დავიღალე დედამიწაზე მარტო სიარულით!

 

ლევან შერმადინი

big_banner
არქივი