logo_geo
მანძილი სამოთხემდე: ჯოჯოხეთს ნახევარი ბეღურაც ჰყოფნის
- +

3 ნოემბერი. 2018. 16:17

 

 

ჩვენ ეზოში მანეულები შემორჩება ხოლმე დიდხანს ხეივანს.

 

უკანასკნელ ფოთლებსაც ქარი გაუწიაწებს ვაზს, მაგრამ ვერაფერს აკლებს მანეულებს. ისე იცის მამამ გაკვანძვა – ორჯერ მაინც, და მეორე კვანძი უფრო მძლავრად, ქარი რას დააკლებს?!

 

 

ბეღურა გაება დილას, ფეხით ჩამოეკიდა.

 

შეიკრიბა სრულიად საბეღურეთი ახლო-მახლოდან და იმისთანა ჟივილი დასცხეს, თითქოს თავი ჩამოეკიდოს ხეივანზე მათ შორის საუკეთესოს.

 

ადამიანებმაც ასე ვიცით, როცა ვინმე სასიკვდილოდ გაებმება, ერთს იმისთანას დავჭექთ, შევაზანზარებთ სამყაროს და მერე გავიყურსებით, ხელებს გადავაჯვარედინებთ სასეიროდ.

 

ასე ქნეს ბეღურებმაც, შორიახლოს დასხდნენ და კუდები აიპრიხეს.

 

მიყუჩდნენ.

 

მამამ ძლივს მოათრია კიბე მტკივანი წელით და ხეივანზე აბობღდა.

 

იმ შერეკილმა როგორ თქვა, აბსოლუტური სიჩუმე არ არსებობსო?!

 

იქ იდგა აბსოლუტური სიჩუმე, ვიდრე მამამ ბეღურა არ გაათავისუფლა.

 

ისევ დასჭექეს და კამარა შეკრეს ჟრიამულით ბეღურებმა.

 

 

მამამაც ააფრინა ბეღურა, ისე ააფრინა, როგორც მტრედებს ააფრენენ ხოლმე მექორწილე ადამიანები.

- ესეც ასე! სამოთხე გარანტირებული მაქვს, - თქვა.

 

 

გამეცინა.

- ერთი ბეღურით?!

- კი.

- მაშინ ჯოჯოხეთიც... რომ არ გაგეშვა...

- ჯოჯოხეთს ნახევარი ბეღურაც ჰყოფნის, ადვილად მოიპოვება, - თქვა.

და ჩვენ დავინახეთ, როგორ მოეხეთქა ფანჯრის მინას გადარჩენილი ბეღურა და რამდენიმე წამს ხელებზე დააჩერდა მამას.

 

მამაჩემს კი დაკოჟრილი თითები გასათბობად მიეშვირა გავარვარებული ღუმელისთვის...

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი