logo_geo
ამირან ბუთურიშვილი: გენიალურ ქართველ პოეტს ტარიელ ხარხელაურს ვულოცავთ დაბადების დღეს!
- +

12 დეკემბერი. 2018. 22:48

 

 

ჟურნალისტი ამირან ბუთურიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გამოჩენილ გენიალურ ქართველ პოეტს, დიდებულ ადამიანს, ტარიელ ხარხელაურს ვულოცავთ დაბადების დღეს!“ , - წერს ამირან ბუთურიშვილი და ტარიელ ხარხელაურის ლექსებს აქვეყნებს:

 

* ადამიანი, რომელსაც ყველა უყვარს და ყველას უყვარს...

* მიწისა და ლექსის კაცი...

* ვაჟასავით სუფთაა, ვაჟასავით ალალი

* „ლეგა ნისლების მესაიდუმლე”

 

ტარიელ ხარხელაური - 72

 

***

შენ ჩემო დიდო ტკივილო...

 

შენ ჩემო დიდო ტკივილო,

დილაო - ავდრიანაო.

ძლივს აჩენილო ღიმილო,

ღიმილო - დარდიანაო.

შენ რომ ფიქრობდი, არც აგრე...

რომ ვფიქრობ, აგრეც არაო...

ცეცხლი მოგედოს, ქალთა მზევ,

მეც შენთან მაბრიალაო.

მე თუ არ მეტრფის - დაიწვას

თვალები - ნაღვლიანაო.

შენ, ჩემო დიდო ტკივილო,

დილაო - ავდრიანაო.

 

ბექას...

 

წვიმის წვეთებში შენს თვალებს ვეძებ,

რა გინდა, შვილო, ამ მწვანე გზებზე.?!

შენ უნდა ცათა ბილიკებს აჰყვე,

აქ ქარი –

ქარი ყველაფერს არყევს.

შენს სულს ცის ლურჯი ფერი უხდება,

მიწა დასცდის და შემოწუხდება.

ცისკენ,

ჰო, ცისკენ ფრენა ისწავლე –

მიწას ბევრი აქვს წვა და სიმწარე.

ხედავ ჩემს სახეს – როგორ დაღარა?!

ხედავ ჩემს თვალებს – როგორ აღამებს?!.

როგორ დამდრიკა დაუდრეკელი,

ჩამომიზოლა შუბლის კედელი …

მე მიწა ვარ და – მიწა ვერ დავთმე…

შენ, შვილო, ცისთვის გიმზადებ საფრენს!..

იქ მზე თავისთან გიყოლებს ახლო,

მზე იყოს შენი საყდარი – სახლი.

 

***

ჩემს მეუღლეს და ყოველ ქართვლის დედას, რომელთათვის –

“სამშობლო როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა”

 

მამაკაცებში გადასახლდა დედათა

სული –

დედაკაცებში მამაკაცთა სული

ჩასახლდა,

ჩრდილი მოადგა, თალხი ჩრდილი

სიცოცხლის სურვილს,

ბნელ ხეობაში მიტოვებულს ვგავარ

ნასახლარს.

ვეღარც გადაღრღნილს ვიბაგუნებ

მარჯვენას მკერდზე,

თავი მოვიკლა – არ მიტოვებს დრო

სხვა არჩევანს,

ქართვლის დედებო! –

საქართველო შეიდგით მხრებზე –

რადგან კაცებმა უარი ვთქვით

გადასარჩენად…

თანდათან ლღვება წარსული და

წარსულის ხიბლი,

უბერავს ქარი და ნისლებში

განქარდა მოთქმა,

ვერც საიმედოს სახვალიოდ

ვერ ვამჩნევ ირგვლივ,

ვაგლახ ჩვენს შვილებს –

უწარსულოდ მოუწევთ ყოფნა…

კვლავ ცივი სისხლი გადამივლის

დაფლეთილ გულზე,

ხავსი მოედო, სისხლის ბორგვა

ძალზე მდორეა,

თვალცრემლიანი ჩემს ჩამოღლილ

სამშობლოს ვუმზერ

და ჩემი თავი გარდაცვლილი უკვე

მგონია.

ვდგავარ ჩემსავე დაყვითლებულთ

ვცახცახებ ძვლებზე,

დამბლადაცემულს შემითრთოლებს ქარი მარჯვენას,

ქართვლის დედებო! –

საქართველო შეიდგით მხრებზე,

თორემ კაცებმა უარი ვთქვით გადასარჩენად…რადგან კაცებმა უარი ვთქვით გადასარჩენად.

 

***

(მის უწმინდესობას საქართველოს პატრიარქს

ილია მეორეს)

 

ბრძანე, მოძღვარო, გონებავ ერის,

უნდა ვდუმდეთ და უნდა ვიფრთხილოთ?

სულებს გვირყვნის და გვიწამლავს მტერი,

ვითმინოთ?!

როცა ჩვენს თვალწინ წმინდანებს

რყვნიან,

უწმინდეს შუბლებს ფურთხით ბილწავენ,

თუ შენთვის მკერდს არ მივუშვერ ტყვიას,

სამშობლოვ, ხატად რისთვის გიწამე.

ბრძანე, მოძღვარო, დღეს ერის გული

შენს გონებაზე მიბმული ფეთქავს.

ბრძანე, მოძღვარო, გაიმცვრა სული,

დაავადა შიშმა და კეთრმა.

ბრძანე, მოძღვარო, ნათელს, ისეც მწირს

შემოაძარცვეს კალთა ქარებმა,

ბრძანე, მოძღვარო, სისხლი სისხლის წილ,

დავუდოთ ზღვარი ამ მოკრძალებას!

თორემ სამშობლოს თავზე გვაქცევენ,

სამშობლოს ჩვენსას – უფლის მშვენებას,

აღარ უშველის მერე არც ცრემლი

ჩვენს აღდგომას და აღმოცენებას.

ბრძანე, მოძღვარო,ვგავარ საძვალეს

და ყველა ნერვი არის გამწყდარი,

მოძღვარო, დროშა გამოაბრძანე,

საქართველოსთვის ლოცვით დაგვძარი!

ბრძანე, ბრძენკაცო,ჯერ კიდევ დროა,

ვიდრე ძარღვებში სისხლი მოძრაობს,

ვიდრემდის ცრემლებს სისიხლის გემო აქვთ,

ვიდრე სიკვდილი გვილხინს,მოძღვარო!

ვიდრე ქართულ ჯიშს აქცევენ არცრად,

გადაუჭერენ მკერდზე არტახებს,

მთლად ეს სამყარო ქცეულა ნაცრად,

თუ საქართველო ამიპარტახეს.

 

***

დახურეთ ზეცა!

 

დახურეთ ზეცა!

ვარსკვლავებთან საუბარს ვიწყებ...

მოსწიეთ მთვარე,

მოსაყრელად დამიდგით მუხლის

და თქვენ ქარებო,

ჩამომბერტყეთ სიმძიმე მიწის,

რომ ჩემმა გმინვამ

გაამღვრიოს სამყაროს მწუხრი.

სულნო შეშლილნო,

ყველა სკნელის კარნი განახვნეთ,

რომ ჩემი მოსვლა ყველა ნერვით

იგრძნოს სამყარომ...

გადამიტანეთ -

მზის მხურვალე მტვერში დამმარხეთ,

მიწას ცხელ მკერდზე

 

თურმე

 

თურმე,

შენც მოგნატრებივარ,

დღეს წამჩურჩულა ნიავმა,

გულს შემოერღვა ყინული,

გალხვა და გაიმზიანა...

ვაი, ამ მონატრებამა

რა ძაან დააგვიანა...

 

***

დაზამთრდა

 

დაზამთრდა...

თოვლი არც ისე მიკვირს

და არც სიცივე -

სისხლში რომ ატანს

მე შინია ამ ატმის კვირტის

გაზაფხულზე რომ

ვერ გახსნას მარტმა.

მე მეშინია დამშრალი ღელის,

თოვლის ქვეშ რომ წევს და

უგონოდ სძინავს

და გვირილათა გაყინულ ველის

გამოღვიძება ვერ შესძლოს

წვიმამ.

დასაწყისი არ მაფიქრებს ზამთრის -

როგორ შევხვდები ზამთრის დასასრულს?!

ვაი, თუ ისევ დავობდე სახლში,

რომ ცეცხლთან მჯდომი

დავხვდე გაზაფხულს,

მე მეშინია შენი-შენს გამო,

არა თებერვლის ცივი ქარების,

გავიღვიძო და აღარ ვეწამო,

არ მომწყურდე და არ მეყვარები.

გავიღვიძო და მთათა კალთებზე

აღარ მიცდიდნენ ლეგა ნისლები,

იქნებ სჯობია,

აღარ გავთენდე,

მოვკვდე და

ნუღარ გარდავიცვლები.

არ მინდა შენი ჭკნობა ვიხილო,

ვიხილო შენი დაშლა ფერებად,

ჩემს მერე შენთან მოვა

სიკვდილი

და მკერდზე ცივად მოგეფერება.

დაზამთრდა...

თოვლი არც ისე მიკვირს,

არც ეს სიცივე -

სისხლში რომ ატანს,

მე მეშინია ამ ატმის კვირტის -

გაზაფხულდეს და

ვერ გახსნას მარტმა.

 

***

როგორც ეტყობა - გაზაფხულს

 

როგორც ეტყობა - გაზაფხულს

ისევ უშენოდ მოვილევ,

ალბათ, სწორია, სამყარომ

ერთად ვერ გვზიდა ორივე.

მე ვერ შემბედა,

საწუთრო ვერანაირად მომიკლა,

გარს მივლის, მეფოლორცება,

ჩამოტეხილ მხარს მილოკავს.

გულს ვერც ეს ფოლორცი ალბობს,

ვერც მზის მალული ცინება,

დღეს ან ხვალ, იცის ტიალმა,

უშენოდ მომეწყინება.

ბარგს შევკრავ, ვიცი,

გრიგალი მალულად გაიქილიკებს,

ერთხელღა ამოვიბღავლებ,

მერე შენს ნავალ ბილიკებს

მოვძებნი, გულში ჩავიხვევ -

ნისლივით დავეწურები,

ქარი ჩემს საფლავს წააყრის

მტვერს შენი ნაფეხურების.

როგორც ეტყობა - გაზაფხულს

ისევ უშენოდ მოვილევ,

ალბათ სწორია სამყარო...

ერთად ვერ გვზიდა ორივე!

 

***

მე აგარიდე ფეხი, გვირილავ

 

მე აგარიდე ფეხი, გვირილავ,

წამოგიქროლა, ქარმა გაგთელა,

რა იოლია სხვისი ტკივილი,

რა ადვილია სხვისთვის სათქმელად!

 

***

არ ყოფილიყო მარტოობა თავად შევქმნიდი

 

არ ყოფილიყო მარტოობა თავად შევქმნიდი,

ცაო, დაიმსხვრა ყველა მითი შენი სრულობის,

ბებერო მიწავ, ამოვდივარ შენი ქერქიდან,

ეს მე ვარ,

მე ვარ

ჟამი შენი მარტოსულობის.

ბებერო მიწავ დაეკარგა ხიბლი მნათობებს

არც ეს მზე მინდა

არც ეს მთვარე ცაზე მცურავი

მხოლოდ მე და შენ

მხოლოდ ახლა

ან არასოდეს

როგორც სიცოცხლეს

დღეს სიკვდილსაც ვუთხარ უარი.

მიდი ბებერო და დასძლიე შიშის სიფითრე

რაკი ვმოძრაობთ,

რაკი ვბორგავთ,

რაკი ვხმაურობთ.

სადაც ჩემი გზა

დღეს შენი გზაც მიდის იქითკენ

უსასრულობის აბსურდისკენ სამოგზაუროდ.

 

***

მთებზე აენთო, აბრწყინდა

 

მთებზე აენთო, აბრწყინდა

ახლად დასხმული ცვარიო,

ყაყაჩოთა ცეცხლს გამოჰრევს

შიშველი წვივით ქალიო,

დავდუმდი, შტერად დავდექი,

ვერ დავიბრმავე თვალიო:

თუ რამ შეგცოდე, უფალო,

არაა ჩემი ბრალიო!

 

***

ფერი გადახუნდა კარვის

 

ფერი გადახუნდა კარვის,

როგორ მოწყენილი დახვალ,

ისეთს რას გიამბობს ქარი,

განა რაღაზე-ღა მძრახავს.

შენი სამზეოთი ვთბები,

ჩემი გალეწილა კალო,

ხომ არ გაგითეთრე თმები,

ხომ არ დაგაბერე,ქალო;

მთებზე გადაფენილ ნისლებს

მივედევნები და ვლოკავ,

ქარი ჩემს ნატირალს ისმენს,

შენთან უსირცხვილოდ როკავს.

როგორ დავიღალე ურვით,

როგორ მემძიმება თოვლი,

არის მარტოობა სრული,

ყოფნის მეტად თალხი ფონი.

სიო საშინელი მნაქრავს

ცივი, ულაჟვარდო მთების.

ხომ არ გეშინია,რა ვქნა,

ხომ არ დაგეღალა ფრთები.

 

***

გაიცრიცება საღამოს ბინდი

 

გაიცრიცება საღამოს ბინდი,

ვიცი,

ამ დილით უნდა მოთოვლოს,

ვიცი,

ჩემი გზა საითაც მიდის,

შენ საით წახვალ,

ხმელო ფოთოლო!

ამოვარდნილა ქარი ძლიერი ,

ო,როგორ ცდილობს, რომ ამათრთოლოს.

და შენზე ამით ვარ ბედნიერი,

რომ ქარს არ ავდევ,

ხმელო ფოთოლო.

ლეგა ხეობებს გრიგალი სჭვალავს,

მთა დუმს,

ამ დილით უნდა მოთოვლოს,

ვიცი,

ჩემი გზა საითაც წავა,

შენ სადღა წახვალ,

ხმელო ფოთოლო!..

 

 

big_banner
არქივი