logo_geo
ვაჟა-ფშაველა: რას ჰქვიან თავისუფლება?
- +

2 დეკემბერი. 2016. 17:07




როცა ჩვენს ნაცნობს, ან ნათესავს ატუსაღებენ, დაუყოვნებლივ მივესწრაფებით მის სანახავად ისე, როგორც სნეულისა. თან ვნანობთ: „ახ, რა ცუდი საქმე მოუვიდაო!" რადა? რისთვის? იმისთვის, რომ კაცს წაართვეს თავისუფლება, წაართვეს ისეთი რამ, რითაც ადამიანი შეაწუხეს, წაართვეს სიხარული და მისცეს ვაება-ტანჯვა. თავისუფლება და ბედნიერება ერთი და იგივეა. დატუსაღებული ადამიანი უბედურადა გრძნობს თავსა: ვერა ჰსვამს და სჭამს თავის ნებაზე, ვერ ადგება, ვერც დაწვება ისე როგორც თვითონ უნდა; ვერც ტანთ იცვამს, რაც მოსწონს იმას; ვერა ჰხედავს იმას ვინც უყვარს, ვერ აკეთებს იმას, რის გაკეთებაც სულით და გულით სწყურია; თავის ნებაზე ვერ დაილაპარაკებს, თავისუფლად ფეხს ვერ გადასდგამს. უბედურ ყოფაშია ტუსაღი ჩავარდნილი. გვესმის ჩვენც მისი მდგომარეობა და გვებრალება. რაღა უნდა ვსთქვათ, როცა დატუსაღებულია მთელი საზოგადოება, ერი, სახელმწიფო? ნადირი ან ფრინველი ცოტად მოზრდილი, თავისუფლებას ნაჩვევი, ნაგემი, რომ დაატყვევოთ, თუ ვერ მოახერხა გაპარვ ტყეში, მინდვრად, დარდისაგან კვდება. მაგალითები აუარებელი ხდება. რაც უნდა კარგად მოუაროთ, ასვათ, აჭამოთ, საუკეთესო ბინა მიუჩინოთ, მაინც თავისუფლად ცხოვრება ურჩევნია. მზად მირთმეულს საზრდოს, თავის შრომით, წოწიალით, წვალებით მონაპოვარი ეუკეთესება. სიცივე და სიცხე არ აშინებს, ოღონდ კი თავისუფალი იყოს, თავის ნებაზე ცხოვრება, მოძრაობა შაეძლოს. აი რამდენად ტკბილია თავისუფლება.


ნადირს და ფრინველს თითქმის ადამიანზე მეტად უყვარს თავისუფლება. ტრედი მშვიდი, უწყინარია და რომ შეიპყრო: ისიც-კი გინისკარტებს - გამიშვიო, ნუ მატუსაღებო. დიაღ, ადამიანს, მით უმეტეს გაუნათლებელს, არ უყვარს თავისუფლება, არ იბრძვის მის მოსაპოვებლად იმიტომ, რომ მონობაში არის აღზრდილი, მორჩილებას, მოთმინებას არის ჩვეული და თანაც ის სიყვარულს თავისუფლებისადმი აძინებს გულში იმ მოსაზრებით, საწყალს კაცს თავისუფლებას ვინ აღირსებსო, თითქოს ხემწიფის ქალს იყოს შეყვარებული და ვერა ჰბედავს თხოვას, რადგან მისთვის ხელმისაწდომი არაა. აბა კარგად დაუკვირდით თუ ასე არ იყოს.


ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს როგორ თავისუფლად მოქმედობს, როცა შეიძლებს მოძრაობას, ეპოტინება ყველაფერს, რასაც თავალი დ ყური მიუწვდება; იქნევს ხელებს და ფეხებს, როცა აკვანში აწვენს დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსზრება, დაშლა, დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც უსამზღვრო თავისუფლებისაკენ მიისწრაფის...

გაიზრდება, მოვა გონებაზე და მაშინ ხომ შინაურ უფროსებთან ერთად უჩნდება გარეთ სხვა უფროსი - საზოგადოება აუარებელი ზნე-ჩვეულებით, აზრებით, წესებით, რომელთა შორის მრავალი უვარგისი და პირდაპირ დამღუპველია ადამიანისა, შემბოჭველი იმის თავისუფლებისა, საღის მსჯელობისა. მსობლები, საზოგადოება და უხეირო სკოლები აჩვევენ ყრმას ისეთს აზროვნებას, რაც უხშავს მას გონებას, უნერგავს ცხოვრებისათვის მავნე აზრებს, აჩვევს გონებას მორჩილებას, მოთმენას, უკლავს სიყვარულს თავისუფლებისადმი. ასე: ადამიანი მოსისხლე მტერი ხდება ბუნებისა; იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყოს და განავითარის ეს ძვირფასი განძი - თავისუფალი გრძნობა, მისცეს მას გონივრული მიმართულება, ცდილობს დაახშოს, მოსპოს იგი სრულიად ამოაგდოს ძირიან-ფოჩვიანად ადამიანის გულიდან. ამ დროს საზოგადოება ვერა გრძნობს რამდენად მოსისხლე მტერი ხდება იგი თავის თავისა. რატომ? მიტომ, რომ ხეს ტოტებს აჭრის, ქერქს აცლის გარშემო ტანზე, რის გამო იგი ხელს უწყობს შტოების გახმობას, რასაც ადრე თუ გვიან თვით ხის გახმობაც მოსდევს. დიაღ, გამხმარია, ხმელია ის საზოგდოება, რომელთა წევრებიც მონურად, ყეყეჩ-ჩერჩეტად არიან აღზრდილნი და არ უყვარსთ თავისუფლება, ჰხდება თავის თავის მტერი, სთელავს ფეხით თავისივე ბედნიერებას. ამისთანა საზოგადოება თუ სახელმწიფო ბუდეა ყოველნაირს უსამართლობისა, ადვილად ჩნდებიან დაჩაგრულნი და მჩაგვრელნი, გაცარცულნი და მცარცველნი დ იმართება მათ შორის ბრძოლა. დღეს ჩვენა ვართ მოწამე და მონაწილენი ამისთანა ბრძოლისა. ბედნიერებაწართმეული ნაწილი საზოგადოებისა (კლასი) ებრძვის მეორეს, რომელმაც მისი ბედნიერება მიითვისა, მისი თავისუფლება და ქონება. მჩაგვრელნი დღევანდლამდის თავისუფლად იქცეოდენ: ფული, მიწა, ფაბრიკები, ქარხნები, სახლები იმათ ხელშია. ეს სულ მოტყუილებით, მტარვალობით, სხვისთვის თავისუფლების ჩამორთმევით მოიპოვეს. დღეს დაჩაგრულმა ნაწილმა იგრძნო ეს უსამართლობა, აახილა თვალები, გაიღვიძა მის გულში დაძინებულმა თავისუფლების სიყვარულმა, დღეს იგი ამბობს: დამიბრუნეთ წართმეული ბედნიერებაო!


თავისუფლება მტარვალთაგან (უმცირესობა) ხალხისათვის (უმრავლესობა) წართმეული, ბედნიერებაა. თუ ერთს ადამიანს სტანჯავს, სჩაგრავს ტუსაღობა, თავისუფლების წართმევა, ფრინველს და ცხოველსა ჰკლავს, რა თქმა უნდა ხეირს არ დააყრის არც საზოგადოებას, რომელიც ადამიანთა კრებულია. როცა დამონებაში იმყოფება ქვეყანა, თავისუფლებას მოკლებული, იგი დამწყვდეულია ციხეში. ის როდი კმარა მარტო, რომ როცა უნდა გამოვიდეს და ისეირნოს ქუჩებზე, იმღეროს, ითამაშოს, შეირთოს ცოლად ის ქალი, ვისაც იგი მოსწონ და ვინც მას მოსწონ; მაგრამ ამავე დროს აკლია სახსარი ცხოვრებისა, არა აქვს მოსახნავი მიწა, მოსწონ იქვე ახლო მდებარე ნაფუძარი და არ აძლევს ნებას მიწის პატრონი, რომელსაც ათასი ამისთანა ნაჭერი მიწა სხვა აქვს.


თავისუფლების მტერია ის ადამიანი, ვისაც არ უყვარს თავისი თავი. თავმოყვარეობა ორნაირია: ბრიყვული და გონივრული. ბრიყვული, როცა ადამიანი მარტოდმარტო თავის თავზე ზრუნავს, მხოლოდ ფიქრობს მას: „მე ვირგო და სხვა წყალმა ზიდოსო. მე მქონდეს უფლება სხვა შეურაცხვყო, და სხვას კი არა ჰქონდეს ნება პასუხი მომთხოვოს. მარტო მქონდეს ნება ვცარცვო და მეორეს კი მოესპოს საშუალება თავის დაცვისა". სხვის უფლება, ადამიანობა შელახოს დაუსჯელად, ხელშეუბრუნებლად. ამისთანა ადამიანი მსგავსია მხეცისა, იგივე მხეცია და მისი თავმოყვარეობა არის მხეცური. მგელიც ასე ფიქრობს, ოღონდ თვითონ გაძღეს და იმის ჭირის ნაცვალი იყოს ათასი სული ცხვარი და ათიათასი. არაფერია მგლის ფიქრით ეს ცოდვა, ეს დანაშაული. თავისუფლება უნდა იყოს საერტო, საყოველთაო და არა საკუთრება რამდენიმე ადამიანისა, როგორც დღეს არი.


მაგრამ მაგარი ის არის, რომ დღეს არც მჩაგვრელები არიან თავისუფალნი; იმათაც ძვირად უჯდებათ თავისუფლების შენარჩუნება. მგელი კი თავისუფალია ვითომ? არა. ისიც მუდამ შიშს ქვეშ იმყოფება, დღეს თუ ხვალ უნდა ამომშხამდეს მგლობაო, ფიქრობს იგი, უნდა მომკლანო, ბოლო მგლისა მაინც ეს არი: უნდა მოკვდეს თოფით, საწამლავით ან ხაფანგში გაებას, სიკვდილი თან სდევს ყოველს ნაბიჯზე. მგელს ადამიანი მაინც სდევნის, თუნდ არაფერს აშავებდეს, რადგან მგელია, ნადირია, ტყავი აქვს გამოსადეგი. ხოლო მგლად ქცეულს ადამიანს ასე არ უნდა მოვეპყრათ! იმის გაწვრთნა, ჩვენ, - ადამიანთა ხელთ არი, ჩვენ უნდა მოვუსპოთ მას საშუალება, დავუკეტოთ ბილიკები მგლური ინსტიქტების, სურვილების სანავარდო და მორჩა მისი მგლობა.


თავისუფლების კანონთა თანახმად, შეიძლება მაშ, სხვას ცოლი, ცხენი წაართვა კაცმა, ვსთქვათ, ივანემ პეტრეს, რადგან პირველს მოსწონს პეტრეს ცოლი და ცხენი? არა, თავისუფლება ამას არ გვიქადაგებს რომ ყოველი ჩვენი სურვილი, გრძნობა, ყოველი ჩვენი ვნება დავაკმაყოფილოთ წინდაუხედავად. ჩვენის გრძნობების დაკმაყოფილება და ჩვენთა სურვილთა მხოლოდ მაშინ არის შესაწყნარებელი, თუ ამით ჩვენ სხვას, ცალკე ადამიანს ან საზოგადოებას თავისუფლებას არ წავართმევთ: რად უნდა წაართვას ივანემ პეტრეს ცოლი, როცა თვით პეტრე არა სწუნობს თავის ცოლს, არამედ მოსწონს და უყვარს იგი? ხომ ცოდოა, უნდა ტანჯვა-დარდში და ვარამში ჩავარდეს კაცი და მისი თავისუფლება შეილახოს. ვსთქვათ, პეტრე წუნობს ცოლს და არც ეწყინება, თუ იგი ივანეს წაჰყვება, მაგრამ შეიძლება თვით პეტრეს ცოლს არ მოსწონდეს ივანე. განა აქვს უფლება, ნება ივანეს შეახოს მას ხელი? არა, ასჯერ არა. ამისთანა კანონებს არ ქადაგობს თავისუფლება. თუ ეს ასეა, მაშ რად ვართმევთ დიდის მამულის, ტყის პატრონს თავიანთ საკუთრებას მამულ-დედულს? ხომ იმასაც უყვარს თავის მამული? მამულის ჩამორთმევით ხომ ვართმევთ იმას თავისუფლებას? ვხელმძღვანელობთ ამ შემთხვევაში სიმართლის გრძნობით, თუ არა? იქნება უსამართლოდ ვიქცევით, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ? არა. არ ვიქცევით უსამართლოდ და აი რატომ. დიდი მამულის პატრონი ჯერ ერთი, რომ სხვებს. ასს, ათასს ართმევს თავისუფლებას, რადგან სხვის ნაშრომს იტაცებს, სხვას ლუკმას სტაცებს. ეს უწესობაა, უსამართლობაა და როგორც უწესოების ჩამდენს, მას უნდა მოესპოს საშუალება ამ გვარის ყოფაქცევის. მეორე, მამულ-დედული ხომ იმის შრომით შექმნილი არ არი, იგი ღვთისგან ბოძებულია. იგი ძალმომრეობს, როცა ბუნებას სტაცებს მომეტებულს, რაშიც სხვებსაც წილი უდევთ. ყველა ეს საჭირო ერისთვის როგორც ცალკე ადამიანისთვის, კანონები უნდა იყოს თვით ხალხის დადგენილი.


მაშასადამე, თავისუფლებამ უნდა მოგვცეს სიამოვნება. შეიძლება უსიამოვნებაც მიერგოს თავისუფალს ადამიანს, როგორც სასჯელი უხეირო საქციელისათვის, მაინც მისი თავისუფლება არ იქნება დარღვეული, რადგან ხალხისაგან შექმნილი კანონი, რომლის დადგენაში თვით იმასაც მონაწილეობა აქვს მიღებული, სჯის მას. ხომ იცით ჩვენებური გლეხკაცი რას ამბობს: „ სამართლისაგან მოჭრილი ხელი არ მეტკინებაო". ოღონდაც რომ ასეა. თავისუფლებამ უნდა მისცეს მუშას მთელი ნაყოფი შრომისა. უნდა მისცეს სწავლა, განათლება, თავის თავისა, თავის ერისა და კაცობრიობის გონივრული სიყვარული.


უნდა მიანიჭოს ნება, უფლება. იმ ხელობას დაადგეს, რომელიც მას მოსწონ და ეხერხება; იცხოვროს იქ, საცა მოისურვებს, ისე რომ სხვის თავისუფლება ოღონდ არ შეზღუდოს, სხვას უსიამოვნება არ მიაყენოს. უნდა უბასპორტოთ წავიდეს და მოვიდეს საცა უნდა. ვერავინ უნდა შეახოს მას ხელი, ვიდრე კანონი არ გადასწყვეტს. უნდა ილაპარაკო, სწერო საზოგადო საქმეებზე ისე, როგორც შენ გინდა, დაშლა არავის შეუძლიან, უნდა გამოსთქვა შენი აზრი, დაჰგმო დასგმობი, აქო საქებარი.




 

big_banner
არქივი