logo_geo
დემურ მიქაძე, პოლიციის სახელოვანი გენერალი... ძმობისა და მეგობრობის მარშალი
- +

8 ოქტომბერი. 2017. 17:43


მისი ზნეობრივი და ფიზიკური ჩამოყალიბება, ბავშვობისა და ადრეული ყმაწვილობის წლები, სირთულებითაა და სიძნელეებით დაიწყო.            


ადრეულ ასაკში მოაკლდა, შეუწყდა დედისა და მამის მზრუნველი ხელი, სითბო და ალერსი.


მისმა ბებიამ, იდეალურმა, კეთილშობილური და მამაცური თვისებებით აღზრდილმა ქალბატონმა აგრაფინამ, აიღო მისი აღზრდისა და კაცად ქცევის უზარმაზარი ტვირთი.


აიღო პასუხისმგებლობა და დიდებულად გაართვა ყველაფერ ამას თავი ბებია აგრაფინამ.


ქალბატონმა აგრაფინამ  დიდებული ვაჟკაცი და შესანიშნავი მოქალაქე გაუზარდა საქართველოს. (ქართველ და არამარტო ქართველ) საზოგადოებას.


ხშირ შემთხვევაში, უდედ-მამოდ მარტოობაში გაზრდილი ბავშვები, შურიან, ბოღმიან და საზოგადოების მიმართ ,,გაბუტული" პოზიციაში შეიმჩნევიან. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირად მოხდა.


ქალბატონმა აგრაფინამ შეძლო თითქმის შეუძლებელი და იმდროინდელ რთულ პერიოდში (დიდი ომი რომ ახალი დამთავრებული იყო, ქვეყანას უჭირდა) დემურს ეკონომიურად ვერა დააკლო რა.


ეს არაფერი, უმთავრესი რამ ვერ დააკლო, კეთილშობილებისა და სიკეთის შეთვისებაში ვერა დააკლო რა.


ადამიანთა სიყვარულის შეთვისებაში ვერა დააკლო რა. სიმამაცისა და რაინდული თვისების შეძენაში - ხელი არ დააკლო; შენი „მე" რომ სხვაზე ზევით არ უნდა დააყენო, ცრუ და ყალბი, რომ არ უნდა იყო, ეს ასწავლა.


მეობა ძვალ-რბილში ჩაუნერგა, სამშობლოს სიყვარული, ერთგულება და თავდადება ასწავლა ბრძენმა ბებიამ.


ერთი სიტყვით, ბებია აგრაფინას „სამჭედლომ" უკეთილშობილესი და თავდადებული რაინდი გამოუჭედა ოჯახს, სამშობლოს ქვეყანას საძმოსა და სამეგობროს.


ამაგიც დაუფასდა ბებია აგრაფინას, დიდი და პატარა ლოცავს დემურის გაზრდისათვის, თვითონ დემურისა და მისი ოჯახისათვის აგრაფინა ბებია მარად სალოცავი ხატია.


მეც ვიცნობდი აგრაფინა ბებიას, ხშირად მინახავს ხოლმე, დიდებული და კოპწია ქალბატონი ბრძანდებოდა. ნათელი გონებისა და  იუმორის შესანიშნავი ოსტატი, გონიერი თბილი და მოსიყვარულე, ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე იყო. დიახ, დღეს წარსულში მოვიხსენიებთ და აქედან მადლობას ვუხდით, ნათელში ამყოფოს დემურის აგრაფინა ბებია.


ჯანიანმა და გონიერმა ახალგაზრდა დემურმა თავისით, მისი გონიერებითა და შეძენილი ადამიანების მხარდაჭერით და არა ვიღაც ძიას „კრიშით" შესანიშნავად დაიწყო და ააწყო თავისი მომავალი. სწავლა-განათლებაშიც არ დაიშურა ენერგია და მონდომება.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა შრომისა და საქმიანობის პარალელურად.


მარნეულის რაიონში, სადაც უმრავლესობას აზერბაიჯანული ენით მოსაუბრენი შეადგენდნენ,  აუცილებელი მოღვაწეობა სულ რიგითობიდან დაიწყო. მშვენიერი ბუნების, საუკეთესო სპორტული მონაცემებისა და ორგანიზატორული უნარის მქონე ცქვიტმა ყმაწვილმა მალე მიიპყრო... ყურადღება.


კომკავშირის რაიკომმა ინსტრუქტორობა მიანდო, მალე ამ უზარმაზარი რაიონის პარტიის რაიკომში გადაიყვანეს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე.


ახალგაზრდობის მართვა და ხელმძღვანელობა მიანდეს მალე, რესპუბლიკაში ცნობილი კომკავშირის პირველი მდივანი გახდა, დრო დადგა და კომკავშირული ასაკიდან გამოდიოდა, პარტიის რაიკომის მდივანი გახდა, აქაც ისახელა თავი, მთელი რაიონის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა.


შესანიშნავი პარტიული ლიდერი გახდა, ის არაერთხელ დააჯილდოვეს მაღალი რანგის სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა რესპუბლიკურ ზემდგომ ორგანოებში.


ხალხში... უყვარდა, ხალხს აფასებდა და ხალხის პასუხიც ღირსეული იყო. ხალხიც აფასებდა და ხალხსაც უყვარდა.


მუშაობის დაწყებიდან ორ წელიწადში აზერბაიჯანული წარმომავლობის მოსახლეობას თავის მშობლიურ აზერბაიჯანულ ენაზე ესაუბრებოდა, ხელისუფლებაც აფასებდა დემურ მიქაძის აქტიურობას, პრინციპულობას, სიმამაცეს და პარტიის მარნეულის რაიკომის მდივანი დემურ მიქაძე საქართველოს სინამდვილეში ურთულეს დარგში - შინაგან საქმეთა სამინისტროში მეტად სერიოზულ უბანზე სამუშაოდ გაამწესა პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა.


ახლა ამ სისტემაში გამოჩნდა დემურ მიქაძის შეუპოვრობა, პრინციპულობა, მომთხოვნელობა და კეთილშობილება. გამოჩნდა მისი გაბედულება და ნიჭი. ხელისუფლებამ დემურ მიქაძის ნიჭი და უნარი ხან სახელწიფო ქონების დამტაცებელთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენა, ხან ბანდიტებთან, მკვლელებთან და ყაჩაღებთან წინააღმდეგ საბრძოლველად. ერთი პერიოდი სასჯელაღმასრულებელი სისტემის (კოლონიები, ციხეები) ხელმძღვანელობაც ჩააბარა.

სადაც კი იმუშავა დემურ მიქაძემ, მისი მსგავსი არავის გაუკეთებია. ყველაგან დაატყო თავისი ხელი, ყველგან საუკეთესო სახელი დატოვა. უზარმაზარი უბანი, ქ. თბილისის მილიციის სამართველოს უფროსობა. ე.ი. ქალაქ თბილისში ქურდების, ბანდიტებისა და დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა, ქ. თბილისში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მიანდეს. ქალაქის სამართველოს უფროსად დაინიშნა.


მიანდეს და გაამართლა კიდევაც ნდობა. ხელისუფლებისა და ხალხის ნდობა. დიახ, ხალხის ნდობა. ბატონ დემურს ძალიან ენდობოდა ხალხი. ხალხს მისი ნდობა, იმედი და პატივისცემა ჰქონდა.ა ასეა.


უპრეცედენტო ბრძოლა გაუმართა დამნაშავეთა სამყაროს. საქმეს მალე დაეტყო მებრძოლი, უშიშარი და შეუპოვარი „ჩეკისტის" ხელი. მინდა ვთქვა, რომ დემურ მიქაძის ნდობა და პატივისცემა მარტო კეთილშობილ საზოგადოებაში კი არა, კრიმინალურ სამყაროშიც ჰქონდა. იცოდნენ მათ, რომ შეუპოვარი მებრძოლი იყო, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ სუფთა და სიტყვის კაცი პოლიციელი იყო. ისიც იცოდნენ, რომ მათ ებრძოდათ, მაგრამ მათთან მიმართებაშიც კანონს არასდროს გადავიდოდა. დასაჭერად დასდევდათ, მაგრამ დაჭერილების დამამცირებლად და არადამიანურად მოპყრობას არავის აპატიებდა. დედამისის შვილები იყვნენ და კოლონიებსა და ციხეებს რომ განაგებდა, პატიმარს ვინმე უკანონოდ, უდიერად მოპყრობოდა. კვებასა და მოვლა-პატრონობას დააკლებდა. დემური მათ საზოგადოებიდან გარიყულ და გაძევებულ ადამიანებად არ მიიჩნევდა. დემურ მიქაძე იყო ის კაცი, რომელიც შეირაღებული ბანდისა და ყაჩაღების ჯგუფთან მოლაპარაკებაზე მარტო და უიარაღოდ მიდიოდა.


ერთხელ ტელევიზიამ მოახერხა და პირდაპირ ეთერში გადასცა. ბინაში უკიდურესად საშიში დამნაშავეები მიიმწყვდიეს გაძარცვის დროს. შეირაღებულებმა მძევალი აიყვანეს, კარები ჩაკეტეს და საბრძოლველად მოემზადნენ. კარებთან მშვიდად მივიდა გენერალი მიქაძე და დააკაკუნა.

- კარი გააღეთ, მიქაძე ვარ, უიარაღოდ შემოვდივარ, მოლაპარაკება მინდა.

შენ კი გინდა მოლაპარაკება და უსისხლოდ ოპერაციის დასრულება, მაგრამ მორფისგან გაბრუებულ ბანდიტებს  უნდათ მოლაპარაკება?!

საოცრება -  კარები გაიღო.უიარაღო გენერალი ბანდიტებთან შედის. შიგნით რა ხდება, არავინ იცის. კარებთან და კიბეებზე პოლიციელები, მეზობლები და ჟურნალისტებია. ყველას ეტყობა გაოცება და შიში. ტელეეკრანს ნახევარი საქართველოა მიჩერებული და გაფითრებული - რა მოხდება?! ამას ხომ მისი მეუღლე, ქალბატონო მანანა, და მისი შვილები უყურებენ. რა მოხდება?!


და მოხდა! წინ დემურ მიქაძე მოდის.  - დაუშვით იარაღი, მისცა ბრძანება პოლიციელებს და გამოვიდა ოთახიდან. უკან კი ხელებაწეული ოთხი თუ ხუთი მრავალჯერ ნასამართლევი ბანდიტი მოჰყვება.

შვებით ამოისუნთქეს ჟურნალისტებმა, შვებით ამოისუნთქა მაყურებელმაც. ალბათ დაწყნარდნენ აკანკალებულ-გაფითრებული ქალბატონი მანანაც და გენერლის ოჯახის წევრებიც. რამდენჯერ?!


ეს ერთი ფაქტია. ასეთი უამრავია, რომელიც შეასრულა დემურ მიქაძემ. ხალხს, კანონიერებას და წესრიგს იცავდა საქართველოს საბჭოთა პერიოდშიც. დამოუკიდებელ საქართველოშიც, ზვიად გამსახურდიას პერიოდშიც, ედ. შევარდნაძის პერიოდშიც. ხან ქალაქის პოლიციის უფროსი, ხანაც რესპუბლიკის შს მინისტრის მოადგილე.


მისი სიმამაცე და ავტორიტეტი გასცდა რესპუბლიკის საზღვრებს. უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდნენ საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში.  1992 წლეს უდიდესი როლი შეასრულა მეზობელ სომხეთთან დაძაბულობის განმუხტვაშიც. უამრავი ორდენი და მედალი, სხვადასხვა ხარისხის ჯილდოები აქვს მიღებული, მაგრამ გულიც ბევრჯერ ატკინეს სრულიად დაუმსახურებლად, ზოგიერთმა ავადსახსენებელმა ხელისუფალმა. რას იზამ ? საქართველოში ეს რომ არ მომხდარიყო, ის უნდა გაგკვირვებოდა.


ხალხმა? საზოგადოებამ ? დიახაც რომ დაუფასა.


პოლიციის გენერლის ყურადღება და მზრუნველი ხელი არ მოჰკლებია მძიმე და გაჭირვებული ცხოვრების ჟამს საქართველოს მეცნიერებს, ხელოვნების მუშაკებს, მწერლებს, ვეტერანებს, პენსიონერებს. დემური ბუნებით ქველმოქმედი კაცია, ხშირად გაუცია უკანასკნელი მანეთიც. დემურ მიქაძეზე უამრავი რამეა სათქმელი. ასე იოლად ვერ იტყვი კაცზე, რომელიც ამ ქვეყანაზე ხალხისა და მეგობარებზე ზრუნვისთვის არის გაჩენილი. სამშობლოს სიკეთისა და აყვავებისთვის ზრუნვისთვის არის გაჩენილი.


დემურ მიქაძემ უზომო, დიდებული მეგობრობა იცის. ის არავისთან მეგობრობს ჩინისა და გვარიშვილობისთვის. მეგობრებს არ იცვლის ამინდისა და ხელისუფლების ცვლის მიხედვით.  როდესაც ის ვინმეს (ძალიან ბევრის) მეგობარია, მეგობარია ჭირშიცა და ლხინშიც. განსაკუთრებით კი როცა გჭირდება. მან იცის ძმობა და მეგობრობა. ის მეგობრებისთვისაც გამტკიცებისა და კეთილი საქმის მაგალითის მიმცემი კაცია.


გყავს მეგობრად დემურ მიქაძე?! იმედიანად იყავი, უკვე ძლიერი ხარ.



პოლიციის გენერალი დემურ მიქაძე ძმობისა და მეგობრობის მარშალია

ყველაფერ ამაში კი უსაზღვროა დემურ მიქაძის უმშვენიერესი და უჭკვიანესი მეუღლის, ქალბატონი მანანას და მისი ოჯახის როლი. ვფიქრობ, დემურ მიქაძეზე უნდა შეიქმნას, გამოიცეს წიგნი, რაც დიდად სასარგებლო იქნება ახალგაზრდა თაობისათვის.



გიჭირს?! შენთან ზის!

გილხინს?! შენთან არის!

როცა შენთან არის, ნუღარაფრის გეშინია.

დემურ მიქაძე სულ იყო და არის ქალაქის პირველი ჭირისუფალი და ქალაქის პირველი მასპინძელი, ბრწყინვალე თამადა და გულითადი...    



ავტორი: ანზორ ბურჯანაძე


 

big_banner
არქივი