logo_geo
დინა მირცხულავა: სარკეში დავინახე, რომ ქალმა ისევ გაშალა ქოლგა...
- +

16 იანვარი. 2018. 13:35



ამნაირ ამინდში მკვდარ კატას არ გააგდებენ გარეთო - ასე იტყოდა ბებიაჩემი, მაგრამ მე სადღაც ძალიან შორიდან მოვდიოდი.

თოვლი, წვიმა, ქარბუქი...

წამოუფრენდა ქარაშოტი ფიფქებს და საქარე მინაზე აწყვიტავებდა, კვდებოდნენ საწყლები, ვერტიკალურად ეშვებოდნენ და უკვე ჭირდა გარჩევა, რომელი ღარი იყო ფიფქის და რომელი წვიმის...

კიდევ ვიღაც ჩემსავით აუცილებლობამ გამოიყვანა გარეთ ალბათ, თორემ ამნაირ ამინდში ?!

ჰოდა, ხელი გაგვიქნია, მძღოლის მხარეს ოდნავ ჩაწეულ ფანჯარაში შემოყო თავი და სთხოვა - გამიყოლეთ და ვიდრე ფულს არ მოგიტანთ, პირადობას დაგიტოვებთ...

თვალის დახამხამებაში აიწია ფანჯარა და ჩვენც დავიძრით. სარკეში დავინახე, რომ  ქალმა ისევ გაშალა ქოლგა ან რად კეცავდა საკითხავია...

როგორ შეიძლება, ადამიანის იმედად ქოლგის დაკეცვა და წვიმაში გალუმპვა ?! 

არ ვიცი, რა პირკატა მეცა იმ წუთებში და მე რად არ ვთქვი - ამობრძანდით, მე გადაგიხდით მგზავრობის საფასურს !

მერე სავარძელზე მისვენებულმა,  თვალებდახუჭულმა აღვიდგინე მისი სახე და ჯანდაბას ! საოცრად ჰგავდა ჩემს გარდაცვლილ მამიდას...

აი სულები თუ იმისათვის განსხეულდებიან ხოლმე, რომ ნახონ როგორ დაიმკვიდრეს მისმა ნათესავებმა ქვეყანა, მე ჩავფლავდი...

ვერ დავიმკვიდრე...

დინამ გამოცდა ვერ ჩააბარა...

საშემოდგომო მაინც გამოჰყოლოდა დინას, მაგრამ განა რამდენჯერ გაშლის და დაკეცავს სული ქოლგას, მხოლოდ იმიტომ რომ სიკეთე გასწავლოს ?!

თოვლის ფიფქები კი საქარე მინაზე იხოცავდნენ თავებს , ადამიანების გულგრილობით გაჩიჩინებულები...












 

big_banner
არქივი