logo_geo
„შენ ისეთი სენსიტიური და კრედიბილური ხარ...“
- +

23 იანვარი. 2018. 16:09



სათაურში გამოტანილი ეს ფრაზა გახლავთ ნაწყვეტი იმ გზავნილიდან, რომელიც ჩემმა ნათლულმა აღმოაჩინა თავის Facebook გვერდზე, მანახა და მთხოვა, იქნებ როგორმე მითარგმნო და აზრი გამაგებინოო.


სიმართლე გითხრათ, თავიდან ხუმრობა მეგონა, მაგრამ როდესაც მეორე დღეს ახალი გზავნილი მოვიდა, იძულებული გავხდი, მომემარჯვებინა უცხო სიტყვათა ლექსიკონი და შევდგომოდი თარგმნას, ანუ, ვითომ ქართულიდან უნდა მეთარგმნა ქართულად. დიდი შრომა ნამდვილად არ დამჭირვებია და აზრიც მიახლოებით გამოვიტანე, მაგრამ ახლა თავად საკითხმა დამაინტერესა -  რატომ უნდა წერდეს თანამედროვე ახალგაზრდა ასეთი ენით?! თუმცა, სანამ ამის გარკვევას ვეცდები, გთავაზობთ გზავნილის სრულ ტექსტს:

 

„შენ ისეთი სენსიტიური და კრედიბილური ხარ, შენში ნებისმიერი ფეიკის აბსორბირება წარმოუდგენელია.

 

მომწონს შენი კონსისტენტური კრეატიულობა.

 

შენი ყველა მესიჯი რელევანტურია და დატესტვაც არ სჭირდება, ამიტომაც ხარ ჩემი ოფცია.

 

აქამდე სულ ნეგატიური, კონტროვერსიული ვილანები მხვდებოდნენ, მათგან ფრუსტრირებული ლამის ესკალაციამდე მივდიოდი.

 

კარგია, რომ ერთ თიმში მოვხვდით და მემორიალური იმპლემენტაციაც შედგა.

 

ჩემო გლამურულო ფრენდო იმედია უახლოეს ივენთზე ან პერფორმანსზე შევხვდებით და ამ შეხვედრას რელევანტური ჰეფი ენდი ექნება.

 

შენი ფეიჯის ვიზიტორი კოკა მ."


ძალიან გამიხარდება, თუ ბევრმა თქვენგანმა ვერაფერი გაიგო და აზრი ვერ გამოიტანა. საქმის კურსში რომ არ ვიყო, ვიფიქრებდი, რომ რაღაც ახალი ენა გამოიგონეს, ნაწილობრივ ასეც არის და ამაში დამნაშავე მარტო ეს ყმაწვილი არ გახლავთ. ცოტა შორიდან დავიწყებ.


მე-19 საუკუნის ქართული ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოს და მიზანს რწმენასა და მამულთან ერთად, ენა და მისი დაცვა წარმოადგენდა. ენის მნიშვნელობას მარტო ჩვენ არ მივმხვდარვართ. მსოფლიოს ყველა კონტინენტზე არაერთი გამათავისუფლებელი მოძრაობის თუ საგანმანათლებლო-ფილოსოფიური მიმდინარეობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მოტივი სწორედ მშობლიური ენის თვითმყოფადობის შენარჩუნება იყო. უკანასკნელი 10-15 წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს რომ ვაკვირდები, ქართველი საზოგადოება ვეღარ ისიგრძეგანებს ქართული ენის თვითმყოფადობის დაცვის მნიშვნელობას.


ენათმეცნიერი არ გახლავართ, ვარ ერთი რიგითი ჟურნალისტი, ხოლო პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, სულაც არ საჭიროებს ენათმეცნიერების ცოდნას იმის მისახვედრად, რომ ქართული ენა რეალური საფრთხის წინაშეა. ქართული ტელეეკრანებიდან, ინტერნეტ-სივრციდან თუ საგაზეთო ფურცლებიდან ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, ხელოვნების მოღვაწეები და ინტელექტუალები სრულიად ხელოვნურად ამკვიდრებენ ქართველი ადამიანისთვის სრულიად გაუგებარ ახალ სიტყვებს. არცთუ იშვიათად, მათ მიერ დაწერილ თუ წარმოთქმულ ყოველ წინადადებაში გამოყენებული სიტყვების ნახევარი უცხოურია. საქართველოს ფსევდოელიტა, რომელიც ქართულში უცხოურ სიტყვებს დიდი გულმოდგინებით იყენებს, ამით ყალბი ინტელექტუალიზმის და განვითარებულობის ცრუ აურას ქმნის და მსმენელის და მკითხველის მოხიბლვას ცდილობს. არ ვიცი, ხვდებიან თუ არა, რომ ამით დიდ ზიანს აყენებენ საკუთარ ენას.


დედამიწაზე არ არსებობს ისეთი ენები, რომლებიც მთლიანად საკუთარ სიტყვათა მარაგს ეყრდნობიან. საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს ყველა ენამ უამრავი უცხო სიტყვა შეითვისა ერთმანეთისგან. გამონაკლისი არც ქართულია, რომლის წიაღშიც შეხვდებით ბერძნულ, ლათინურ, არაბულ, სპარსულ და თურქულ სიტყვებს. ენის სიტყვათა ახალი მარაგით გამდიდრება ბუნებრივი პროცესია, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, თუკი ყოველი ახალი უცხოური სიტყვა ენაში არარსებული სიტყვის ადგილს იკავებს, სიცარიელეს ავსებს და მასში ახალი მნიშვნელობა და აზრი შეაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში უცხოური სიტყვა უკვე არსებულს აძევებს და ენის  გადაგვარებისა და კვდომის პროცესის საშიშროება ჩნდება.


მეორე, არანაკლებ მტკივნეული პრობლემა, სალიტერატურო ქართულში ქუჩის ენის ანუ ეგრეთ წოდებული „ჟარგონის" (slang) დამკვიდრებაა. ქუჩური ლექსიკა, რა თქმა უნდა, ყოველ ენაში არსებობს, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, რომ მან სალიტერატურო ენაში უნდა დაიმკვიდროს ადგილი.


მაგალითებისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება. ქართული ტელეეკრანებიდან თუ ინტერნეტ-სივრციდან ყოველწუთიერად  იღვრება ქუჩის ენის ნალექი. ჩვენი ქვეყნის მმართველი წრეების უმაღლესი წარმომადგენლები, რიგითი პოლიტიკოსები, წამყვანი ტელეჟურნალისტები თუ ე.წ. ინტელექტუალები „ჟარგონულ" ლექსიკას ისეთი სიხშირით და სითამამით იყენებენ, რომ, ეჭვი მაქვს, „ჟარგონსა" და სალიტერატურო ქართულს შორის განსხვავება გულწრფელად არ ესმით. ჩვენი ტელევიზიები (საბედნიეროდ, ყველა არა) უფრო შორსაც წავიდნენ, „სლენგს" აღარ სჯერდებიან და ყოველ საღამოს ლანძღვა-გინების კორიანტელი იღვრება ტელეეთერიდან. მამაკაცის სასქესო ორგანო ხომ  „მოდურ", ადამიანის დახასიათებისთვის ყველაზე გამოყენებად სიტყვად იქცა.


ამ უბედურების მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, ჩვენში ზოგადი განათლების დონის მკვეთრი დაცემაა. სატელევიზიო ეთერში, ინტერნეტ-სივრცესა თუ საგაზეთო ფურცლებზე დღეს ძალიან იშვიათად თუ წავიკითხავთ ან მოვისმენთ გრამატიკულად, სტილისტურად გამართულ სრულ წინადადებას, რომელიც აზრს ნათლად, სუფთა სალიტერატურო ქართულით გადმოსცემს. ეს პრობლემა განსაკუთრებით ჩანს ქართველ ტელეჟურნალისტთა მეტყველებაში. მათი უდიდესი ნაწილის ლექსიკური მარაგი ძალიან ღარიბია, არ იცნობენ ქართული გრამატიკის ძირითად წესებს და შესაბამისად, სატელევიზიო ეთერში უჭირთ წინადადების ჩამოყალიბება და აზრისა თუ მომხდარი ამბის გამართული, სალიტერატურო ქართულით გადმოცემა.


ქართული ენა, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და უმდიდრესი ენა, ჩვენი ეროვნული საუნჯეა. ნუ დავივიწყებთ, რომ  მსგავსი ბედნიერება დღევანდელი მსოფლიოს ბევრ ერს არ გააჩნია. ეს განძი ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს და საუკუნეების განმავლობაში ჩვენამდე უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლის ფასად მოიტანეს, ჩვენი ვალია, რომ ეს ჩვენი უგუნურების გამო არ დავთმოთ, გავუფრთხილდეთ და მომავალ თაობას შეურყვნელი გადავცეთ. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ისედაც ბევრი რამ ვავნეთ ჩვენს ქვეყანას. კარგი იქნება, თუ ქართული ენა ჩვენი კიდევ ერთი მსხვერპლი არ გახდება.





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი