logo_geo
თამაზ შანავა: ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა მეთქვა...
- +

15 თებერვალი. 2018. 16:09




ღია წერილი დინას

დაგვიანებული რეცენზია

ნოველების კრებული: მზეზე გაფენილი ამბები

ავტორი: დინა მირცხულავა


ნოველების კრებული „მზეზე გაფენილი ამბები", დინა მირცხულავას პირველი გაცხადებული ნაშრომია. მან ცხოვრებაში რაღაცა დოზით ყველაფერი გამოსცადა: სიხარული და ტრაგედია, იმედი და დეპრესია, სიყვარული და დამსხვრეული ოცნებები, იძულებითი სიმშვიდე თუ ომის საშინელებანი; დროზე ადრე გაიზარდა, დაქალდა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა მეამბოხე სულს. ყველაფერმა ამან წარუშლელი დაღი დაასვა მის შემოქმედებას, თუმცა მისი ენა მარტივად და საინტერესოდ აღიქმება. დინას აქვს საოცარი უნარი, სიღრმისეულად ჩასწვდეს და ლამაზად წარმოაჩინოს, ერთი შეხედვით, სრულიად უმნიშვნელო ფაქტი თუ მოვლენა. უბედურება იმაშია, რომ რაც საზოგადოებას მეასეხარისხოვნად და თუნდაც დაუწერელ აქსიომად მიაჩნია, დინას ხელში ხშირად სულ სხვა ელფერს იძენს ხოლმე.


ავტორი უკომპლექსოდ, ღიად და თავისუფლად წერს ახალგაზრდა გოგოს სირთულეებით აღსავსე ცხოვრებაზე, ძველქართულ ტრადიციებთან მარტოხელა დედის შეჯახებაზე, საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნიჰილიზმსა და გულგრილობაზე, საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული სტერეოტიპების გაუმართაობაზე. მისი გმირები ხშირად ხვდებიან ჩიხში და ვარდებიან დეპრესიაში, საიდანაც გამოსვლა ერთობ უძნელდებათ.


დინა არ ჰგავს ანა კალანდაძეს, არც არავის ჰგავს. ის ქართველი მწერალი, სიკვდილისთვისაც კი მოუხელთებელი - დინა მირცხულავაა, თავისი განუმეორებელი: „გატეხილი გული"-თ, „დაკეტილი სულების საამქრო"-თი, „მარიტა"-თი, „დაკითხვის ოქმი 45"-ით, „თავისუფლებით - საპყრობილეში", „სიბრმავის არჩევანი"-თ, „მუსიკოსი"-თ; წარუშლელი „ჩემზე" და ჩემ-ზე"-თი. ნოველებში აშკარად ჩანს დინას მებრძოლი სული, დიდი ძალა, პრობლემების გენიალური, სიღრმისეული ხედვა და ურთულეს სიძნელეებთან დაუმორჩილებლობა. უფსკრულის პირას მდგარი, ეული და განადგურებული, სამყაროსგან ყრუ კედლით განცალკევებული დინას რეაქცია მაგონებს ვაჟას უკვდავ სიტყვებს: „ძაღლ იყოს თქვენის მკვდრისადა!"


დინას რამდენიმე ნოველა სისხლს გაგიყინავს, გულს სოლით გაგიპობს და ცრემლებად დაგღვრის, მაგრამ სხვაგან მეტია მზის შუქი და აშკარად ხვდები, რომ ავტორიც გადარჩება და მკითხველიც. პესიმიზმი და იმედგაცრუება უცხო არ არის დინას ნოველებში, მაგრამ მისი გმირები მაინც, დანებებას არ აპირებენ.


ყველა სიკეთესთან ერად, დინას ნოველების ნაკრებს აქვს ერთი შავი ლაქა. ეს არის მისი „მოდი, დავემალოთ ღმერთს". თვითონაც ამბობს: „ოი, რამდენი სიშტერე ვთქვით უფლის სახელით". ეს ჩემი სუბიექტური აზრია და ვურჩევდი, რომ შემდგომ გამოცემებში (რომელიც აუცილებლად იქნება მოთხოვნების გამო), ამოიღოს „გვერდი 53".


ეს არ არის ყველაფერი, რაც უნდა მეთქვა, მაგრამ არის ის, რაც აუცილებლად უნდა მეთქვა.


თამაზ შანავა 14.02.2018.



 

big_banner
არქივი