logo_geo
მურმან ჯინორია: ღმერთმა სადაც წამიყვანა, ყოველთვის კარგად წამიყვანა...
- +

21 თებერვალი. 2018. 11:06


 

„...მიყვარს სასმელი. რომ მითხრან, სასმელი არ დალიოო, ჩემთვის ეს ძნელი გადასატანი იქნება. ჩემთვის სასმელი რაღაც ნორმებში მაინც საჭიროა. ხანდახან ძალიან მომინდება ხოლმე კახური ღვინო...

გული მეუბნება, საითაც უნდა წავიდე, ღმერთს ჩემში დიდი ადგილი აქვს და თვითონ უკეთესად იცის, სად წამიყვანს.

ღმერთმა სადაც წამიყვანა, ყოველთვის კარგად წამიყვანა... "

 

ეს სიტყვები ეკუთვნის ქართული თეატრისა და კინოს მსახიობს მურმან ჯინორიას, რომელიც დღეს დაიბადა.

 

„მე თვითონ გამოვწალდე და გამოვჩორკნე ჩემი ბედი და უბედნიერესი ვარ ამით. შეიძლება ისეთი წოდებები არ მაქვს, მაგრამ მე ხომ ხალხს ვგრძნობ. სპექტაკლის შემდეგ მეუბნებიან, ცრემლები მომდიოდაო. ამაზე დიდი ჯილდო რა უნდა მომცენ, მითხარით", - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში...

 

80 როლი შეასრულა სცენაზე და ორმოცი წელი ადინა მაყურებელს ცრემლი - ადამიანობის უტყუარი დასტური.

 

„ცხოვრება ასეთია, ადამიანებს ერთმანეთს აჯიბრებს. თეატრშიც რეჟისორმა შეიძლება შენს მაგივრად სხვა წამოსწიოს წინ. ეს მის პროფესიაში შედის, შეჯიბრში გამყოფებს შენს კოლეგასთან. ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა ასე. გგონია, რომ ეს როლი უნდა ითამაშო, მაგრამ მოგცეს სულ სხვა. ის, რომელზეც არასდროს გიოცნებია, არასდროს მოგწონდა... ბევრი სხვა რამეც ყოფილა... როგორ გადაიტან, ეს არის მთავარი. გაბოროტდები და ასე დაამთავრებ, თუ მოითმენ. მოთმენა გაჩერებას არ ნიშნავს. ჩემს მტრებს ვენაცვალეო, - სერგო ზაქარიაძე ამბობდა, - არტისტი გამომიყვანესო. ღმერთი იმიტომ არის დიდი, რომ იქვე გაძლევს წამალს, არ მოგკლავს. პირიქით, გასწავლის, თუ ამას ამოხსნი, ხომ კარგი. თუ ბოღმისთვის დაიტოვებ, არაფერი გამოვა. არ უნდა დაიბოღმო, არ უნდა გაბოროტდე. თეატრში ხდება ასეთი რაღაცები... ღარიბი არ უნდა იყო. ღარიბობაა გამორჩენაზე ფიქრი. ზოგიერთი არტისტი მშიშარაა, დრამატურგსა და რეჟისორს ეფარება და ამით უნდა თავის გამოჩენა. ასე ადვილია ცხოვრება. როცა არაფრიდან გამოიყვან რაღაცას, ეს არის სიამოვნება, თანაავტორი ხდები როლის... სხვა მდგომარეობაში გადასვლა არის არტისტობა. მსახიობები ხშირად ცდილობენ, ტემპერამენტის ხარჯზე მოახერხონ მაყურებელზე ზემოქმედება. საშინელებაა. ეს ემოციის ხარჯზე უნდა მოხდეს... ენერგიას ვხარჯავ კი არა, სპექტაკლის შემდეგ თითქმის ვეღარ დავდივარ, მაგრამ ტემპერამენტის ხარჯზე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ემოციის. მთავარი გულწრფელობაა და შენი სინდისი. თუ ამას მისდევ, მაშინ ყოველთვის მართალი ხარ".

 

მურმან ჯინორიამაც მთელი ემოცია დახარჯა სცენაზე, არ აქვს მნიშვნელობა, პატარა როლი იყო თუ დიდი, რამდენიმესტროფიან  ლექსს კითხულობდა თუ პოემას... დაბადებიდან, 1947 წლის 21 თებერვლიდან იხარჯებოდა...

 

დღეს ის 70  წლის გახდა.

 


 

big_banner
არქივი