logo_geo
„თამაში კიდევ მინდა — გაუმაძღარი ვარ!“ - გოგი გეგეჭკორი დღეს 95 წლის გახდებოდა
- +

23 თებერვალი. 2018. 13:01




„გაჭირვებას შეჩვეული ვიყავი. მე ხანდახან რომ მილხინს და საზრუნავი არ მაქვს, ვფიქრობ, ვაიმე, რაშია საქმე? მინდა საზრუნავი გავიჩინო! მეუბნებიან: მოისვენე, რა გინდა, არ არის ეს შენი საქმე, მაგრამ არა, მაინც!.. მე მეტიჩარა კაცი არ ვარ, მაგრამ როგორც ყველა მსახიობს, ცნობისმოყვარეობა მკლავს და ყველაფერი მაინტერესებს - როგორია, რანაირია! კომპიუტერი შემოვიდა?.. ესეც მაინტერესებს!

თამაში კიდევ მინდა  - გაუმაძღარი ვარ! მეუბნებიან: ყველაფერი ითამაშე და რა გინდა? არა, ჯერ კიდევ დამრჩა გასახსენებელი და ამის დასტურია სწორედ ის, რომ როცა კოტე მახარაძემ შემომთავაზა ნოდარ დუმბაძის გაუხმაურებელ მოვლენებზე სპექტაკლის თამაში, მე გამიხარდა! წარმოდგენაზე ახალგაზრდები მობრძანდნენ, თეატრი გაივსო, გასუსულები უსმენდნენ და ეს უდიდესი ბედნიერება იყო... მათ ნოდარ დუმბაძე სხვა სახით დაინახეს. ახლა, როგორ მოეწონათ, არ ვიცი, მაგრამ ტაში კი დაუკრეს, მეც მადლობა გადავუხადე და მივხვდი, რომ რაღაცაზე დაფიქრდნენ... აი, ეს არის ჩემი დანიშნულება!" - ამბობდა გოგი გეგეჭკორი ერთ-ერთ ინტერვიუში.

გიორგი გეგეჭკორი დაიბადა 1923 წლის 23 თებერვალს პედაგოგ თამარ გელოვანისა და პოეტ ვლადიმერ გეგეჭკორის ოჯახში.

1954 წელს პირველად მიიღო მონაწილეობა კინოში. ის სიკო დოლიძემ მიიწვია ფილმში „ჭრიჭინა", სადაც  ლევანის როლზე დაამტკიცეს. კინოში შესრულებული აქვს 33 როლი. გიორგი გეგეჭკორი გამოირჩეოდა ქართულ და რუსულ ენაზე დახვეწილი მეტყველების უნარით. მას შეეძლო, ფარული ირონიით, გროტესკით, ტრაგიზმითა თუ სევდით, გადმოეცა სათქმელი.

მიიჩნეოდა მხატვრული თუ საავტორო ტექსტის საუკეთესო მკითხველად. ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც სანდრო კარიძის როლია ფილმ „დათა თუთაშხიაში". მსახიობის დახვეწილი მანერა, სამსახიობო ოსტატობა, მისი გენია გულგრილს ვერავის ტოვებს.

გიორგი (გოგი)  გეგეჭკორი გარდაიცვალა 2003 წლის 11 მარტს.

დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.



 

big_banner
არქივი