logo_geo
დინა მირცხულავა : ერთს პატარა ჯაყვა დაუჭერია და ფრჩხილებს ისუფთავებს...
- +

20 მარტი. 2018. 11:59


 

დედას ისე შეუსივდა ფეხები, რომ სიარული უჭირდა. ასე სცოდნია ორსულობის ბოლო თვეს...

არ წყდებოდა სროლის ხმა და ზეცაც წითლდებოდა, მას შემდეგ არ მინახავს მე ცა - ასე ნაწამები.

სატვირთო მანქანით დიდხანს გვატარეს და იმ დღეს პირველად გავიცანი ჯერ არდაბადებული ძმა. მთელი გზა გვიბაგუნებდა მე და დედას ფეხებს, ვერ მგუობდა დედის მუცელზე ჩაბღაუჭებულს.

არადა, რომ რამე, ტყვია ჯერ მე მომხვდებოდა, მერე მას და დედა გადარჩებოდა...დედა უნდა გადარჩენილიყო, იმიტომ რომ მამამ უთხრა - აუცილებლად დავბრუნდებიო და ვიღაც ხომ უნდა დახვედროდა მამას ?!

რომელიღაც ცივ სახლში აღმოვჩნდით...

ბებომ პური მოიტანა სადღაციდან, ტალახივით - გამოშრობა აკლდა.

წუხდა დედა, ფეხები და სახე უფრო შეუშუპდა, არ ვშორდებოდი ისედაც ვიწრო საწოლიდან და ტკიპასავით ვეკვროდი...ძილბურანში გავიგე, როდის დაეწყო სამშობიარო ტკივილები, მაგრამ გაღვიძება შემეზარა.

დილას კი კარზე კაკუნმა ჯერ ცალი თვალი დამაჭყეტინა და ბებიაჩემიც რომ ვერ დავლანდე, ორივე თვალი ვჭყიტე...

კარს მართლა ტკიპასავით ავეკარი და სადაც ჭუჭრუტანა ვნახე, იქ გავიხედე.

სამხედრო ბათინკები, ზღმურტლინი ბათინკები.

ახლა სხვა ჭუჭრუტანას ვეცი - ფორმიანები, იარაღი, გაბურძგნული წვერი, შავი სათვალეები, ბენდენები, რუკზაგები, სიგარეტი, კვამლი...

ერთს პატარა ჯაყვა დაუჭერია და ფრჩხილებს ისუფთავებს.

აკაკუნებენ და არ ვსუნთქავ, დამებერა ფილტვები...

აკაკუნებენ და სულ არ იციან, რომ კარს უკან ვდგავარ ბავშვი, თითისტოლა ბავშვი და ცოტა მიკლია, ვიყვირო : გარედან ვარ ჩაკეტილი, ბებო სადღაც აქვეა, რომ მამაჩემი ლაბრაში იბრძვის და რამე რომ დამიშავოთ, შურს იძიებს, რომ მე ძმა მეყოლა და ის მაინც მოგძებნით, როცა გაიზრდება !...

კაკუნი შეწყვიტეს და კიბეები ჩაირბინეს...

ბებიაჩემმა პური მოათრია სადღაციდან- პირი არ დავაკარე. დედაც მალე მოვიდა იმ ცივ სახლში ჭინჭებში გამოხვეული ჭყიპინა ბავშვით - ზედაც არ შემიხედავს.

სამყაროზე გავგულისდი.

მას შემდეგ მე ყველა დაკეტილი კარის მეშინია.

მინდა, ყველა კარი ღია იყოს დედამიწაზე, რომ აღარ დააკაკუნონ და ადამიანებს კარსუკან სუნთქვა აღარ შეგვეკრას ფილტვების დაბერვამდე...


/დინა მირცხულავა/


 

 

 

 

 

big_banner
არქივი