logo_geo
გელა ზედელაშვილი: ბებო, ვერ მიცანი? გიგილო ვარ, ტიტინა!
- +

25 მარტი. 2018. 22:02


 

გიგილოს (უგულავას) თავი გიგილოს ფეხებს არ ასვენებს. მართალიც არის, ისე უნდა გიგილოს (როგორც თავად ამბობს, გიგლა ტიტინას) თავს პარლამენტარობა, რომ ფეხებსაც აღარ ინდობს, ფეხებზე ჰკიდია. დადის, დადის, დადის... მართალია, ხონისა და ვანის სოფლებში მრავალათასიან მიტინგებს ვერ მართავს, მაგრამ ორიოდე, სამიოდე კინკილა "მგზავრს" თუ გამოიჭერს, ეგეც საქმეა - ზოგს რას ათქმევინებს, ზოგს - რას, სურათებსაც გადაიღებს, მერე ლეპტოპს ჩართავს, "ბრძნულ" სტატუსს გააშანშვალებს, თუ როგორ უჭირთ იქაურებს და კმაყოფილია.


ჩემ სოფელშიც ცხოვრობდა ერთი ეგეთი მოსიარულე. ოღონდ იმას არც დეპუტატობა უნდოდა და არც მერობა. უბრალოდ დადიოდა, დადიოდა, დადიოდა და ბირჟაზე რომ ჩამოივლიდა, დაჟინებით გვეკითხებოდა: ბიჭებო, აქეთ არაგვს ხო არ ჩამოუვლია? არა, ჯერ არა, - ვეტყოდით სერიოზულად. არა, ხო? - ჩაილაპარაკებდა თავისთვის და დაეშვებოდა თავქვე, ანუ როგორც მოხუცები იტყოდნენ ხოლმე - დოიტოღრივ. ის ადრე იყო, ჩემს ბავშვობაში, მაგრამ რატომღაც ჩამრჩა მეხსიერებაში. ეს ახლაა, ახლა დაძუნძულობს სოფლიდან სოფელში, ამას დიდი მიზანი აქვს - დეპუტატობა უნდა. თან იმნაირად უნდა, გლეხებს მამულებში შეუვარდება ხოლმე, სახნავ აგრეგატს წაართმევს და უკვე გადახნული მიწის ხელახლა გადახვნას იწყებს. მერე მივარდება, რომელიმეს კარტოფილით სავსე ვედროს წაართმევს, დამაცადეთ, ექსპერიმენტი უნდა ჩავატარო, კატოფილი ჩემებურად უნდა დავრგოო. ესენი, ეს გლეხები ებუზღუნებიან, შეგვეშვი, თავი დაგვანებე, კარტოფილი არ ირგვება, ითესება, ნუ გვაცდენო, მაგრამ არ ესმის, უბერავს თავისებურად - ექსპერიმენტს ვატარებ, ჩემ დარგულ კარტოფილს ფაროსანა ვერ მიეკარებაო.


აი, ახლაც, ერთ-ერთი სოფლის ორღობეში ბებო გაუჩერებია და რაღაცებს ეკითხება, იქნებ რამე ისეთი წამოაცდენინოს და მერე „ფეისბუქში" დაწეროს ჩიქორთული ქართულით. ბებოს და გიგლას დაახლოებითი დიალოგი:

 

- შვილო, ვინა ხარ, ვერ გიცანი, ადრე აქ არასოდეს მინახიხარ.

 

- გიგილო ვარ, ბებო, ტიტინა.

 

- ტიტინა?

 

- ჰო, ბებო, ადრე სულ თბილისში ვტიტინებდი, ეხლა არჩევნებამდე აქ უნდა ვიტიტინო.

 

- რათ უნდა იტიტინო, შვილო, მეტი საქმე არა გაქ?

 

- არა, ჩემი საქმე ტიტინია, ბებო, თუ ამირჩევთ, მერე წავალ და ქუთაისში ვიტიტინებ.

 

- რათა, შვილო, რათა?

 

- ეხლა ეგრეა საჭირო, ბებო!

 

-კარგი, შვილო, ნუ მიყვირიხარ, წადი და იტიტინე რამდენიც გინდა!

 

- თუ არ ამირჩევთ, ვერ ვიტიტინებ!

 

- აქა, შვილო, ბევრი ტიტინებს ხოლმე არჩევნებამდე, მაგრამა მერე ყველა იკარგება!

 

- მე არ დავიკარგები, შაბათ-კვირას სუ აქ ვიქნები, დაგიბარავთ, დაგიხნავთ, ეზოს დაგიგვით, საქონელს დაგიბინავებთ, დაგირგავთ, დაგითესავთ, ჭურჭელსაც გაგირეცხავთ!

 

- ჰიიიიჰ... წადი, შვილო, ისევ იტიტინე, თავი დაგვანებე!



 

გელა ზედელაშვილი


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი