logo_geo
დინა მირცხულავა : ჩვენ რას გვიყურებთ?! ჩვენ ავი ძაღლები ვართ...
- +

26 მარტი. 2018. 14:06



111- ე ბარათი შენ

/გ.ნ.-ს/


არასოდეს დაბრუნდეთო უკან, გვიკიჟინებდნენ ადამიანები და საკუთარ გამოცდილებას გვილაგებდნენ ცხვირწინ...

ჩვენ მაინც დავბრუნდით!

ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი ვარჩიეთ...

დავბრუნდით და მხრები ვიჩეჩეთ, ხელებიც ვასავსავეთ...

არაფერი ჩვენი, არც ერთი ნატერფალი, თითქოს ნიშა ხარი მიეყენებინათ მახინჯ ადამიანებს და გადაეხნათ იქაურობა...

ვქექეთ და ვეძიეთ, სისხლიც ვიდინეთ ნუნებიდან...

ვინც ეძებს, პოულობსო! - ტყუილია ეგ...

ვეძებეთ, ბატონო, ჩვენ დავბრუნდით და ვეძებეთ...

- რაც არ დაგვიკარგავს, რას ვეძებთ-მეთქი ! - ამოვიბურტყუნე და გონს მოვეგეთ...

ბეღურებს ავუქნიეთ ხელი, ხნულებში იკენკებოდნენ რაღაცას...

იცი შენც, რა ცოტა ჰყოფნით მათ გამოსაზამთრებლად, მაგრამ ის ცოტაც არ დავანებეთ, ვიძუნწეთ...

- თავში ქვა გიხლიათო! - მოგვაძახა ღმერთმაც და დედას გაფიცებ, ჩემ თავს კი არა - დედას, ჰკითხე ერთი (მე აღარ მელაპარაკება), ორი მკვდარი ადამიანი რისი ქვის მხლელი ვიყავით?!

სულ ეგ იყო, რაც შევიძელით - ჩვენ ვეყარეთ გულაღმა და ბეღურებს არ ვაჭაჭანებდით სიახლოვეს...

ავი ძაღლებივით, არც ჩვენ ვჭამდით და არც სხვას ვაჭმევდით...

ჰო, მე და შენ ხომ არავის დავარიგებთ ჭკუას, რომ უკან არ დაბრუნდნენ?!

დაბრუნდით, ადამიანებო, იქნებ, თქვენი ნატერფალის გადასახნავად არავის შეუბამს ნიშა ხარი უღელში ?!

იქნებ, ბეღურებს რომ ჰყოფნით, ისე ცოტა გეყოთ თქვენც?!

ჩვენ რას გვიყურებთ?! 

ჩვენ ავი ძაღლები ვართ.

არა, არა...

ჩვენ ღრუბლები ვართ - წვიმით გაძეძგილი ღრუბლები, ერთმანეთს შევეჯახებით და მთელი ცხოვრება ვიწვიმებთ მერე...

 

/დინა მირცხულავა/


 

 

 

 

big_banner
არქივი