logo_geo
ირანის ქუჩა და მიკლუხო მაკლაის ძეგლი თბილისში!
- +

1 აპრილი. 2018. 21:56



ორი დღეა ვუყურებ, როგორ ნერვიულობს საზოგადოების გულუბრყვილო ნაწილი ვიღაცის მიერ გადმოგდებული სისულელის გამო. პრინციპში, ამას გულუბრყვილობაც აღარ ჰქვია, ზოგი უკვე ისეა დაავადებული, მზადაა, ყველა იდიოტობა დაიჯეროს და სოციალურ ქსელში ლანძღვა-გინების კორიანტელი დააყენოს.


მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ვიღაცას „ფეისბუქში" ტყუილი, ანუ ყალბი გვერდი გაუკეთებია, ფოტოშოპში წაუმუშავია, მერე თავადაც დაუჯერებია, რომ თბილისში, მაჩაბლის ქუჩისთვის ირანის სახელი დაურქმევიათ და ისე აღშფოთებულა, თავის ოჯახს და მეზობლებსაც კი აღარ ინდობს. არ დაგავიწყდეთ, „ფეისბუქგვერდისთვის" ასეთი სახელწოდება შეურჩევია - „მოვკვდები საქართველოსთვის". ჰოდა, კვდება კაცი თუ ქალი... აი, ირანელები ამისთვის იბრძოდნენო, სასწრაფოდ გააკეთონ განმარტებები სათანადო ორგანოებმაო, ძალიან აღშფოთებული გახლავართო, ანწუხელიძის ქუჩა არ არსებობს და ამას რა უფლებით აკეთებთო?!

 

კიდევ კარგი, სოციალური ქსელები არსებობს, თორემ ამდენი გიჟი ქუჩაში რომ იბოდიალებდა, რა უნდა გვექნა, ვინ შეაკავებდა მათ იდეებსა და პატრიოტულ მოწოდებებს? ჩვენ, სადაც სამართალია, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას აუცილებლად უნდა დავარქვათ ცუკერბერგის სახელი და პატარა ზომის ბიუსტიც დავუდგათ.


ამ სისულელის გავრცელებიდან მალევე განმარტება გაავრცელა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნობლოშვილმა:


„ირანის ქუჩასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თბილისში, ირანის ქუჩა არ არსებობს!

 

მრჩება შთაბეჭდილება, რომ კონკრეტული ადამიანები მიზანმიმართულად ცდილობენ, ჩვენი მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანონ.

 

ისნის რაიონში წლებია გვაქვს გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი გმირებით!

 

გთხოვთ, მსგავსი ტიპის ინფორმაცია გადაამოწმოთ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაში".


მე მგონი, ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თქვენ გგონიათ, საზოგადოების ნაწილმა რამე გაიგო? თქვენც არ მომიკვდეთ, ამის შემდეგ ისევ გრძელდებოდა და გრძელდება ხელისუფლების ლანძღვა. მოდით, ახლა ჩავატაროთ ერთგვარი ექსპერიმენტი - ამ წერილს გავუკეთოთ პროვოკაციული სათაური... მაგალითად, ასეთი: „ირანის ქუჩა და მიკლუხო მაკლაის ძეგლი თბილისში", დარწმუნებული ვარ, წერილს ბევრი ბოლომდე არ წაიკითხავს, ან სულაც არ წაიკითხავს და დიდაქტიკური ტონით დაიწყებს მსჯელობას, თუ რატომ არ უნდა დაიდგას მიკლუხო მაკლაის ძეგლი თბილისში, აღარაფერს ვამბობ ირანის ქუჩაზე. აბა, ვცადოთ.


ნუ ხარ არიფი, ქართული საზოგადოების ნაწილო, ნუ იჯერებ ყველა სისულელეს, რასაც კი სოციალურ ქსელებში ავადმყოფები გაავრცელებენ!


თორნიკე ზედელაშვილი









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი