logo_geo
ქალაქი მოჩვენება! - მეშახტის შვილის წერილი
- +

11 აპრილი. 2018. 01:56

 

 

ჩემი ქალაქი ყველა ჟანრის ანდერგრაუნდზე უფრო ანდერგრაუნდია და ყველა ქალაქზე მეტად სჭირდება მეინსტრიმული ქალაქების მხარდაჭერა.

 

ჩემი ქალაქი მოწინავე ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე სევდიან ქალაქებს შორის. არა, მე არ ვარ სევდიანი ადამიანი, ზოგადად, განსაკუთრებულად მიჭირს სევდის განცდა, მაგრამ ეს სევდა ყველაფერში აღწევს. სევდის, სამყაროს ყოველგვარი სიკეთისგან მივიწყებულობის სუნი აქ ჰაერშიც ტრიალებს.

 

ჩემს ქალაქს ბევრი უცნაურობა ახასიათებს, ბევრ რამეს შეხვდებით აქ ისეთს, რომელიც ბუნების ყოველგვარ კანონზომიერებას ეწინააღმდეგება, რომელიც არასდროს არსად გინახავთ.

 

ჩემი ქალაქის შიგნით ორი ქალაქი ცხოვრობს - მიწისზედა, მოჩვენებითი, ერთი შეხედვით რიგითი ყოფილი საბჭოთა საქართველოს განადგურებული „ქალაქი გეტო“ და მიწისქვეშა - ქალაქი წყვდიადი, უამრავი „შავი ხვრელით“. ქალაქი, რომელიც ზომით დიდად არ ჩამოუვარდება მოჩვენებით ქალაქს. მათ ორივეს ის „უკუნი სევდა“ აკავშირებს, რომელზეც ნაწილობრივ უკვე ვთქვი. ზედა ქალაქში მოსიარულე ადამიანთა გულების ნაწილში ყოველთვის სიბნელეა. ამ გულებში ცხოვრობენ მიწისქვეშა ქალაქში დაღუპული ადამიანები, რომელთაგან, მინიმუმ ერთი, შენი ახლო მეზობელი, ნათესავი ან ოჯახის წევრია და აქ ცხოვრობენ ისინიც, ვინც ახლა, ამ წუთას იქ არიან, ზედაპირიდან ნახევარი კილომეტრის სიღრმეზე ჯერ კიდევ ცოცხლები.

 

ჩემს ქალაქში ბავშვები ხანდაზმულებად იბადებიან და ის, რასაც შეიძლება ეწოდოს ახალგაზრდობა, საშინლად ხანმოკლეა.

 

ჩემს ქალაქში ახალგაზრდები კლუბებში ვერ ერთობიან და ყოველდღე ემდიემეის ნაცვლად მეთანს ყლაპავენ, სკოლის დამთავრებისთანავე, ბოლო ზართან ერთად შახტის ლიფტის სასიგნალო ზარი რეკავს და იქ მიდიხარ, სადაც, როგორც წესი, სიკვდილის შემდეგ უნდა მიდიოდე - მიწაში! სადაც დიდი ალბათობით სამუდამოდ დაიმარხები ან ნაწილ-ნაწილ ამოიტანენ შენს სხეულს და შემდეგ შენი ოჯახის წევრები სხვა დაღუპულების ოჯახებთან ერთად შეეცდებიან, ფაზლივით აგაწყონ!

 

და თუ შენ სხვა ქალაქიდან ან სოფლიდან იმათ დაადანაშაულებ, ვინც სავარაუდო შედეგები იცის და მაინც ქვემოთ ჩადის, თვითონ უნდა დადგე იმ დილემის წინაშე, რომლის წინაშეც ჩემი თანამოქალაქეები დგანან: სიკვდილი შიმშილით, რომელიც ალბათ სამარცხვინოცაა; ან სიკვდილი - მალე ან გვიან; ან იქნებ იღბლიანი ხარ და მოკვდე იღბლიანად. იღბლიან სიკვდილზე გსმენიათ რამე? ხო, მეგობრებო, ის აქ, ჩემს ქალაქში, არსებობს.

 

დიახ, როგორც ვთქვი აქ ყველამ კარგად იცის მოვლენების შესაძლო განვითარებაზე, მაგრამ მაინც მიდიან შახტში, რადგან მშობლებს სტკივათ, და-ძმას სცივა, შვილებს შიათ. გაინტერესებს რა შიათ? არა თიკნები შამფურზე ან საფერავ მოსხმული მწვადები, არამედ 60-თეთრიანი სუპები, 30 თეთრიანი კვერცხები, ზოგჯერ კი ყველაზე კარგ შემთხვევაში, დაგვიანებული შახტის ხელფასის პირველ დღეებში შესაძლოა იმპორტირებული ბარკლებით მოილხინოს მთელმა ოჯახმა, რაც უცხოელებს რატომღაც მგონი ეზედმეტებათ.

 

მეგობარს ვკითხე, ეშინია თუ არა, როცა შახტაში ჩადის? მითხრა, რომ დიდი ხანია აღარ აქვს შიში, თქვა, რომ შეეგუა. ემოცია არაფერს მოუტანს და უკვე იმ ვარიანტზეც ბევრი აქვს ნაფიქრი, რა იქნება ერთ დღესაც რომ ალბათობამ თავის წესს არ უღალატოს. მომიყვა თუ როგორ ეხუთება ხშირად მზისსხივებმონატრებულს იქ სული და როცა წერაქვით ხელში უჰაერობაში CO-სგან (რომელსაც საბჭოთა დროინდელი გაუმართავი ვენტილაცია ბევრს ვერაფერს უხერხებს) გაბრუებული ცუდად ხდება, სუნთქვა უძნელდება, თავის ოჯახს იხსენებს და ნელ-ნელა ძალა უბრუნდება, ნახშირის მტვრით სავსე ფილტვები კუნთებთან ერთად ისევ მუშაობას აგრძელებს და ხელები ისევ განაგრძობენ ნახშირის ნგრევას. ჯერ კიდევ მონათმფლობელური წყობილების დროს ადამიანის ცნობიერებაში ღრმად ჩანერგილი მონური ინსტინქტით, ამ დროს, ამ უკუნეთ სიბნელეში, თავთან ჰოლოგრამასავით ნათდება ოთახი, რომელშიც მისი ოჯახის წევრები ფუსფუსებენ. ეს ის ოთახია, რომელიც აცოცხლებს, რომლის მეშვეობითაც დაუძლეველის დაძლევას ახერხებს. დროის გასვლასთან ერთან ამ ოთახშიც უამრავი რამ ხდება. ხო, ჩემს ქალაქში ადამიანებს სხვებზე ბევრად ძლიერი ფანტაზია აქვთ, ჩემს ქალაქში ყველას ისეთი წარმოსახვის უნარი აქვს, რომლის მსგავსზეც თქვენ არცერთ აღმოსავლეთ აზიურ ვიჟენერი არტშიც არაფერი გსმენიათ. შენ გგონია, გინახავს ჭეშმარიტი არტისტები? არა! ნამდვილი ხელოვანები აქ იბადებიან და აქვე კვდებიან უსახელოდ, უსაფლავოდ და თან იქვე ანდერგრაუნდის უზარმაზარ „ზიარკუბოში“.

 

არასდროს უყუროთ საშინელებათა ფილმებს! და თუ მაინც მოგინდებათ ნახოთ, ჩამოდით ჩვენთან! ესაუბრეთ რომელიმე მაღაროელს და ნებისმიერი მათგანი უფრო რეალურ და უკეთეს „ჰორორ“ სიუჟეტს გიამბობთ. საერთოდაც, ყველაფერს ჩემზე უკეთესად მოგიყვებათ, რადგან მე არასდროს მიმუშავია შახტში და ეს ტექსტიც, ალბათ, ნაწილობრივ ყალბია და ცუდად გადმოცემული. მე ჩემივე სახელმწიფოში ჩემივე სახელმწიფოს ლტოლვილი ვარ. მე და ჩემნაირები ამ ქალაქის ის მეორე რასა ვართ, რომელმაც როგორღაც თავი დააღწია ქალაქს და თავკომბალად გადაქცეულ დედაქალაქში ან სადმე საზღვარებს გარეთ ცდილობს თავის გადარჩენას, თუმცა ბევრი ჩვენგანი მაინც ვერ სცდება „ბედისწერას“. ახლახან, ჩემი კლასელი, რომლიც მშენებლობაზე მუშაობდა, დიდი დიღმის ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა, მან მეორე თანაკლასელისგან განსხვავებით ვერ შეძლო გადარჩენა, რომელიც დედაქალაქის სულ სხვა უბანში, სულ სხვა ბინიდან გადმოვარდა და ფეხი დაკარგა. არცერთგან არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები. როგორი ნაცნობი გარემოებაა? ჩვენ ქალაქის ლტოლვილები იმ სისხლის წვეთები ვართ, რომელიც სულ სხვა ჭრილობიდან გადმოსდის ქალაქს და დღითიდღე ცლის მას. მაგრამ, იქნებ ასე სჯობდეს, ეს ხომ პარადოქსების ქალაქია, ჩვენთან სისხლისგან დაცლაც კი შეიძლება იყოს ჭეშმარიტი და გამართლებული.

 

ბავშვობაში ძილის წინ ვოცნებობდი ჩემს ქალაქში ცათამბჯენები აშენებულიყო და ეს მე გამეკეთებინა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, სად ვცხოვრობდი. თურმე, ცათამბჯენების კი არა, უფსკრულების ქალაქში ვცხოვრობ, უფსკრულების, რომლებიც წელიწადში მინიმუმ ერთხელ პირს აღებენ და ადამიანებს ყლაპავენ ჯგუფურად. ხო, ჩემი ქალაქის ყველა მცხოვრებს უფრო მეტი აკავშირებს შავ ხვრელებთან, ვიდრე: ჰოკინგს, გია დვალს ან ნასას რომელიმე მეცნიერს. ეს ხვრელებიც ანალოგიურად ყოველგვარ სიცოცხლეს შთანთქავენ და ამით იზრდებიან.

 

ბავშვობაში ვერც იმ უფსკრულებს ვამჩნევდი, დანგრეული კორპუსების საძირკვლებში რომ გაჩენილიყო მთელ ქალაქში, „გუგლ მეფზე“ რომ სარეველა ბალახებივით მოსჩანან. ნეტა როგორ დავიბადე და გავიზარდე აქ ტრანსჰუმანიზმის ასეთი თავგამოდებული გულშემატკივარი და მიმდევარი, ამ ქალაქში ხომ ყველა მოვლენა რადიკალურად ეწინააღმდეგება ამ იდეოლოგიას, აქ ხომ პლანეტის მთავარი დინებების მიმართულება საპირისპიროა. ალბათ ეს ჩემი ანტაგონისტური ინტერესის გამოვლინებაც ერთგვარი ადამიანური თვითგადარჩენის ინსტიქტია - რთული მექანიზმით. დღეს, როცა მსოფლიოში ადამიანის ფიზიკურ შრომას კომპლექსური თვითმართვადი სიტემები და რობოტები ანაცვლებს, ჩემს ქალაქში არაადამიანურ პირობებში მუშებს იმდენს უხდიან, რომ შიმშილით არ დაიხოცონ.

 

როცა ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩამოვდივარ და მამაჩემის 400 ლარიანი ხელფასით (რომელიც ბოლოს წინა ტრაგედიამდე ბევრად ნაკლები იყო) ნაყიდ საჭმელს ვჭამ, ხშირად ყელში მეჩხირება. ალბათ ბევრისთვის ნაცნობ მომენტზე ვსაუბრობ. როცა აქედან შორს, სულ სხვაგან ვარ, თუნდაც ვერთობი და ვიცი ამ დროს მამა მაღაროს გველეშაპის ხახაში მუშაობს ჩემ გვერდით გაზრდილ უბნელ ბიჭებთან ერთად, გართობაც არ მერგება, რაღაც ყოველთვის მღრღნის გულის კუნჭულში.

 

დედა არასდროს საუბრობს მამასთან რომ შახტი სახიფათოა, რომ ეშინია, როცა მამა შახტში მიდის, მაგრამ ოჯახში ყველამ ვიცით, თუ რას გრძნობს: შვილებმაც, მამამაც და თვითონ დედამაც. იცის, რომ ჩვენ ვიცით, მაგრამ ჩვეულად ჩუმადაა.

 

მე მაინც მჯერა ოდესმე ყველაზე დაუძლეველ სირთულესაც ეშველება, სამყაროს რომელიმე კანონზომიერებით ოდესმე ყველა სიბნელეში შეაღწევს სინათლე; იმედი მაქვს, ერთხელაც დანარჩენი სამყარო ყურადღებას მოგვაქცევს და ყველა დაინახავს ქალაქ მოჩვენებას: ტყიბულს! რომელშიც იქნებ ოდესმე აშენდეს ცათამბჯენები!

 

პ.ს. ეს ტექსტი ბოლო ტრაგედიამდე ორიოდ კვირით ადრე დავწერე. დაპოსტვამდე მეგობარს წავაკითხე. ამხელა ტექსტებს იშვიათად ვწერ. მითხრა - ბევრი არ დაგიჯერებს ახლა, რომ ტრაგედიამდეა დაწერილიო. მეც ასე მგონია. ისიც ვიფიქრე, საერთოდ არ მეთქვა ამაზე, მაგრამ რატომ, როცა სიმართლეა. ჩვენ ყოველივე ეს მხოლოდ ტრაგედიის დღეებში არ გვაწუხებს, თქვენგან განსხვავებით, სულ მალე რომ დაგვივიწყებთ და განაგრძობთ ცხოვრებას თქვენი „პლანეტის“ ისეთივე ვაკუუმურ ყოველდღიურობაში, როგორშიც ჩვენ ვიმყოფებით; გააგრძელებთ ბრძოლას ღირებულებისთვის, რომლებიც ჩვენი რეალობიდან ღიმილის მომგვრელია. მანამ, სანამ საინფორმაციოები და ფეისბუკი ისევ არ ჩამოთვლის ახალ, თქვენთვის არაფრისმომცემ სახელებსა და გვარებს წლოვანების მიხედვით.

 

ავტორი: დათო წიქრიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი