logo_geo
დინებისა და მკვდარი თევზების შესახებ
- +

20 აპრილი. 2018. 02:56

 

 

სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ოთხი ფორმიდან - მტრობა, დამორჩილება, განადგურება და პარტნიორობა - საქართველომ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მანძილზე ოთხივე გამოსცადა. მისი გეოგრაფიული მდებარეობა გულისხმობდა მტრულ გარემოცვაში ყოფნას. ეს უფრო ბედისწერაა. დამორჩილებულიც იყო და განადგურების პირასაც იდგა, მძლეც იყო და ძლიერთათვის ანგარიშგასაწევი პარტნიორიც. ისტორია აწრთობდა ერის ხასიათს, მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე მკვეთრად აისახებოდა თითოეული ნაბიჯი და ერის მეხსიერებაში ილექებოდა ყოველი განსაცდელი. ამიტომაც გადარჩა საქართველო და გაქრა მრავალი ძლევამოსილი იმპერია, რომელთა არმიებს ქართველთა მიწა უმოწყალოდ მოუთარეშებია.

 

დღესაც განსაცდელი ემუქრება ჩვენს ქვეყანას. ძნელი სათქმელია, შექმნილი ვითარება გვაიძულებს თუ არა, კიდევ ერთხელ გადავხედოთ პოლიტიკურ ორიენტაციას სახელმწიფოს რღვევის შესაჩერებლად, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ისტორიულ გამოცდილებას, არჩევანის გაკეთება აუცილებლად მოგვიწევს. მაკიაველის დასკვნას, რომ პატარა ქვეყნები საერთაშორისო პოლიტიკაში პრობლემაა, დღესაც არ გასვლია ყავლი. მით უფრო, რომ ერთპოლუსიანობის დასასრულის ყველა ნიშანი სახეზეა და დიდი სახელმწიფოების ვაჭრობის საგნად ქცეულ პატარ-პატარა ქვეყნებს კიდევ უფრო გაუჭირდებათ სუვერენიტეტის შენარჩუნება.

 

ბოროტების იმპერიის - „დიადი“ საბჭოთა კავშირის რღვევამ მთელი მსოფლიოს პოლიტიკური რუკა ააჭრელა. და ეს სრულიად ბუნებრივი პროცესი იყო. იმპერიის ნანგრევებიდან უსისხლოდ თავის დაღწევა დიდ პოლიტიკურ გამჭრიახობას მოითხოვდა დამოუკიდებლობის მოსურნე პატარა რესპუბლიკებისთვის. სამწუხაროდ, საქართველომ ყველაზე მეტად ზღო, თუმცა რატომ, ჯერ კიდევ ვერ გავრკვეულვართ. ქართული სიფრთხილე ქართულმა მაქსიმალიზმმა გადასძალა და ყველას კარგად გვახსოვს ბალახის ჭამისკენ მოწოდებები დამოუკიდებლობის საზღაურად. დიდი სისხლისღვრის ფასად საქართველო დამოუკიდებელი გახდა, თუმცა ბალახის ჭამის ნაცვლად, პირველსავე ეტაპზე იმის განადგურება დავიწყეთ, რასაც განსაკუთრებით უნდა მოვფრთხილებოდით. საბჭოთა პერიოდში შექმნილი ქონება დაუნანებლად გავანიავეთ და მსოფლიო ბანკისა თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის, სხვა საერთაშორისო ეკონომიკური თუ საფინანსო ინსტიტუტების დაჟინებული მოთხოვნების დაუფიქრებელი და გულუბრყვილო შესრულებით ქვეყანა ყუამდე დავიყვანეთ.

 

 

დამოუკიდებლობის პირველი ათი-თხუთმეტი წლისთვის თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ პატარა საქართველო კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა უცხოურ კრედიტებზე, რომლებსაც სიხარულით ვიღებდით „შიდაეკონომიკური ხანძრების“ ჩასაქრობად. თუმცა, თვით ის ფაქტი, რომ გაჭირვებულ ქვეყანაში უამრავი ფეშენებელური სასახლე და მილიონერი გაჩნდა, ნათლად მიუთითებს ამ კრედიტების „მიზანმიმართულ ხარჯვაზე“.

 

თუმცა, კალამი გამექცა და ჯობს, ორიენტაციის გამოცდას მივუბრუნდეთ.

 

სამეფო-სამთავროებად დაშლილი და განადგურების პირას მდგარი საქართველოსთვის XVII-XVIII საუკუნეები ორიენტაციის გამოცდის ასწლეულებად იქცა. საქართველომ დაიწყო მკვეთრი მოძრაობა ევროპისკენ, რამაც მისი უძლიერესი მეზობლების - ირანისა და თურქეთის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია. ისტორიული ბედისწერით, საქართველოს მეფეების ცდამ, ევროპის დახმარებით დაეღწიათ თავი სპარსეთისა და ოსმალეთის გარემოცვისთვის, მარცხი განიცადა: ევროპას თავისი პრობლემებიც უხვად ჰქონდა. ინტერესებიც, რასაკვირველია, რომელთა გაუთვალისწინებლობას ქართველ დიპლომატთა იმედგაცრუება მოჰყვა.

 

ევროპას თავისი გასაჭირი ადგა ოსმალეთის მხრივ და კავკასიის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. სამაგიეროდ, კავკასიას და, კერძოდ, ქართულ სახელმწიფოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა რუსეთი. თუკი XVI-XVII საუკუნეებში ამაოდ დაშვრნენ ქართველი მეფენი, XVIII საუკუნეში უკვე რუსეთი იჩენს ინიციატივას და ფართო ფრონტით ცდილობს საქართველოზე გავლენის მოპოვებას.

 

დიდი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედს ყოველთვის დაპყრობითი ომები და ტერიტორიების გაფართოება წარმოადგენდა, წინააღმდეგობის შემთხვევაში კი ძალადობა განსაკუთრებული სისასტიკით ვლინდებოდა. გამონაკლისი არც რუსეთი იყო, მაგრამ მისი სტრატეგია მკვეთრად განსხვავდებოდა კავკასიის ხალხებზე გაბატონების მოსურნე ორი მუსლიმანური სახელმწიფოს - სპარსეთისა და ოსმალეთის პოლიტიკისგან. ეს უკანასკნელნი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ებრძოდნენ ერთმანეთს კავკასიაში პირველობის მოსაპოვებლად, რუსეთი კი მოცდისა და ხელსაყრელი სიტუაციის დადგომის ლოდინის, თავის მოკატუნების პოლიტიკას ატარებდა. რუსმა დიპლომატებმა კარგად იცოდნენ, რომ ევროპას საქართველოსთვის არ ეცალა, საქართველო არ შედიოდა ევროპულ სახელმწიფოთა პრაგმატული ინტერესების სფეროში და მისთვის დახმარების აღმოჩენა უმიზნოდ მიაჩნდათ რეალური პოლიტიკის მომხრე ევროპის მესვეურთ.

 

ქართველთა ოცნება მუსლიმანური სამყაროსგან თავდახსნა, ირანისა და თურქეთის ჯარების გამუდმებული შემოტევებისა და მათგან წაქეზებული კავკასიის მთიანეთის მოთარეშეთა აღკვეთა იყო და ფიზიკური არსებობის საფრთხის წინაშე მდგომი საქართველოს გადარჩენას იმდროინდელი პოლიტიკური მოღვაწენი ქრისტიანული ორიენტაციის გზაში ხედავდნენ. თუმცა, ალბათ, ძნელად წარმოიდგენდნენ, რომ გადარჩენის გზაზე სწორედ ის საფრთხე იყო ჩასაფრებული, რომელსაც განსაკუთრებით ერიდებოდნენ და ისტორიული ბედისწერით ვერ ასცდა ჩვენი ქვეყანა.

 

1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკის ციხესიმაგრეში ხელმოწერილი რუსეთ-საქართველოს სამოკავშირეო ხელშეკრულება გამარჯვება იყო ორიენტაციის იმ კურსისა, რომელიც ქვეყნის მმართველმა წრეებმა ადრევე აირჩიეს, და აგვირგვინებდა ხანგრძლივ და შეუპოვარ ბრძოლებს, რასაც ქართველობა მტრული გარემოცვიდან გამოსვლისთვის ეწეოდა. ნიკო ბერძენიშვილის თქმით, „არსებულ პირობებში ეს იყო საუკეთესო გამოსავალი, რომელსაც ერთადერთს შეეძლო ქვეყანა პროგრესის გზით ახალი ცხოვრებისაკენ წაეყვანა".

 

ისტორიის ხანგრძლივი გამოცდილებით დადასტურებულია, რომ კლასობრივ სახელმწიფოთა ურთიერთობაში ხელშეკრულებანი და გარიგებანი თავიანთ პირვანდელ შინაარსს იშვიათად თუ ინარჩუნებს. ყველაფერი დამოკიდებულია ძალთა თანაფარდობაზე. ძლიერი მხარე მუდამ იმის ცდაშია, რომ ხელშეკრულება თავისი ინტერესების სასარგებლოდ წარმართოს. ამ ჭეშმარიტებას ყავლი დღესაც არ გასვლია. ჩვენს დროშიც კი ხელს აწერენ შეთანხმებებს, რომელთა შინაარსი აშკარად აკნინებს სუვერენული სახელმწიფოს უფლებებს. მაგალითისთვის საკმარისი იქნება 2003 წელს ხელმოწერილი და იმავე წლის 21 მარტს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება. შეთანხმება შესრულებულია ორ ეგზემპლარად: ქართულ და ინგლისურ ენებზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია, მაგრამ „ქართული და ინგლისური ტექსტების შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ტექსტებს“. შეთანხმებაში ამ მუხლის დამატებით ამერიკულმა მხარემ ქართულს მიანიშნა, ვის ენიჭებოდა უპირატესობა არა მხოლოდ „ტექსტების შეუსაბამობის შემთხვევაში“.

 

„ჩვენ ობოლი ერი ვართ, ფრთხილად, ქართველებო!“ - ჭაბუა ამირეჯიბის ეს მოწოდება, ალბათ, კიდევ დიდხანს შეგვახსენებს თავს. საქართველოს მთელი ისტორია ამას ადასტურებს და, ამიტომაც, გასაოცარია ქართული მოლოდინი. რატომ გვგონია, რომ ვიღაც მოვა და წმინდა ალტრუისტული მოსაზრებებით ჩვენ ნაცვლად ჩვენს საქმეს გააკეთებს?!

 

ნუ დაგვავიწყდება, რომ ევროპაც და ამერიკაც ინდიფერენტულად შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას XX საუკუნის 20-იან წლებში. ასევე გავიხსენოთ, რომ თვით რუსეთიც სიფრთხილეს იჩენდა ირანისა და თურქეთის ინტერესების მიმართ XVIII საუკუნეში. ასე იქცევიან დიდი სახელმწიფოები. ამჯერად წინა პლანზე წამოიწია რუსეთის ინტერესებმა. ამიტომაც 1919 წლის ზაფხულში ინგლისის ჯარმა დატოვა საქართველო და აზერბაიჯანი, მის ნაცვლად კი ინგლის-ამერიკის პოლიტიკური მისიები ჩამოვიდნენ.

 

გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს საზოგადოება დადებითად შეხვდა აშშ-ს დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნისადმი, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ამერიკელები საქართველოში ხიშტებით არ იყვნენ შემოსული და სურსათსა და ფქვილს აგზავნიდნენ (რა ნაცნობი სურათია - იმავე საუკუნის დამლევს, 90-იან წლებში საომარ მოქმედებებში ჩათრეულ საქართველოში ამერიკელები ფქვილს გზავნიდნენ, 2008 წელს საბრძოლო გემით ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად სასმელი წყალიც უხვად მოგვაწოდეს და ამისთვის დღემდე მუხლმოყრით ვემადლიერებით. თუმცა, ერთი განსხვავებაც არის - თუკი 25 წლის წინ რეალურად არაფერი გაუკეთებია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, 2008 წელს შეშფოთება და აღშფოთება ერთმანეთს ენაცვლებოდა და დამაიმედებელ განცხადებებსაც უხვად ვისმენდით, შედეგებზე კი რა მოგახსენოთ!..), რაც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო ბლოკადაში მოქცეული ჩვენი რესპუბლიკისთვის.

 

მაგრამ ამერიკის მთავრობა სულ სხვა მოსაზრების იყო საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ. ეს აშკარად გამოიხატა 1920 წლის აგვისტოში, როცა გამოქვეყნდა ამერიკის მთავრობის ნოტა იმასთან დაკავშირებით, რომ მას შესაძლებლად მიაჩნდა მხოლოდ პოლონეთის, ფინეთისა და სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარება.

 

ნოტაში, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 1920 წლის 10 აგვისტოს გადასცა იტალიის ელჩს ვაშინგტონში, ნათქვამი იყო: აშშ-ს აზრით, მეგობრობა და პატიოსნება თხოულობს, რომ რუსეთის ინტერესები მზრუნველობით იყოს შენარჩუნებული. რაც შეიძლება გადაიდოს ის საკითხები, რომლებსაც რუსეთისთვის სასიცოცხლო ინტერესები აქვს, განსაკუთრებით ის საკითხი, რომელიც ეხება რუსეთის სუვერენიტეტს ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე.

 

აშშ-ს მთავრობას მიაჩნდა, რომ პოლონეთი, ფინეთი და სომხეთი დამოუკიდებლობას იმსახურებდნენ, რადგან რუსეთს დაპყრობილი ჰყავდა, საქართველო კი თავისი სურვილით იყო შემოსული რუსეთის იმპერიაში და ამიტომ მის შემადგენლობაში უნდა დარჩენილიყო.

 

ძნელი წარმოსადგენია, რომ ამერიკის მთავრობას არაფერი სმენოდა 1783 წლის ტრაქტატსა და მის შინაარსზე, მაგრამ აშშ-ს თავისი მიზნები ჰქონდა. ესეც მაგალითად, გასათვალისწინებლად.

 

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით საქართველო კვლავ დამოუკიდებელი გახდა, აირჩია პრეზიდენტი და განმეორდა... 1921 წელი! მსოფლიო თანამეგობრობამ თავი შეიკავა დამოუკიდებლობის ცნობისგან ისევ რუსეთის, ამჯერად საბჭოთა რუსეთის, შიშითა და რიდით, მისი ინტერესების გათვალისწინებით.

 

გაურკვეველი იყო საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიური თავშეკავება, მაგრამ ყველაფერს ნათელი მოჰფინა 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენებმა _ ქართულმა ბურჟუაზიამ („წითელმა დირექტორებმა“) და ე.წ. ინტელიგენციამ პირი შეკრეს და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დედაქალაქიდან იძულებით გააქციეს რუსეთის პოლიტიკური წრეებისა და სამხედროების წაქეზებითა და აქტიური მხარდაჭერით. ევროპა გაისუსა, ხოლო ამერიკის პრეზიდენტს უკვე ნათქვამი ჰქონდა ცნობილი სიტყვები - „საქართველოს პრეზიდენტი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს“. ჯორჯ ბუშს (უფროსს) დღემდე არ გაუმხელია, რა რეაქცია ჰქონდა, როცა მოუტანეს ზვიად გამსახურდიას პასუხი - „დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან“.

 

თბილისში დაწყებული სახელმწიფო გადატრიალება სამოქალაქო ომში გადაიზარდა, სამოქალაქო ომი კი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სისხლიანი კონფლიქტებით გაგრძელდა. ეს იყო სრული კატასტროფა ომისთვის მოუმზადებელი ქვეყნისთვის. სოხუმსა და ცხინვალში სეპარატისტული რეჟიმები დამყარდა.

 

და აქ მეორდება ისტორიული ფაქტი. თუ გნებავთ, დეჟა ვიუ: ომში დამარცხებულმა მთავარსარდალმა (სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ მას ბოლო წუთამდე არ მიუტოვებია ალყაშემორტყმული სოხუმი) დახმარებისთვის რუსეთს მიმართა პრეზიდენტ გამსახურდია ამბოხებულ მომხრეთა დასაშოშმინებლად (გაიხსენეთ, როგორ სთხოვა კახეთის მეფემ თეიმურაზ პირველმა რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველს ჯარის მიცემა ქართლის მეფე როსტომის წინააღმდეგ საბრძოლველად). რუსმა სამხედროებმა იყოჩაღეს და საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა სამეგრელოს მთებს შეაფარა თავი, სადაც აღესრულა კიდეც 1993 წლის დეკემბრის დამლევს.

 

დღეს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, ევროსაბჭოს წევრი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ხელმოწერილია, მაგრამ მის სახელმწიფოებრიობას დიდი საფრთხეები ემუქრება. თუკი ამ ყველაფერს მეტნაკლებად ითვალისწინებდა ბალანსირების ოსტატი ედუარდ შევარდნაძე, მომდევნო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი რადიკალიზმის უფსკრულში გადაიჩეხა. ამიტომაც უდიდესი პრობლემები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გადაიქცა წარმოუდგენელ საფრთხედ ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. აშშ-ს ადმინისტრაცია კი, ითვალისწინებს რა რუსეთის ინტერესებს კავკასიის რეგიონში, მოგვიწოდებს, რუსეთთან მოლაპარაკებით მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები. არაერთ მითითებას - მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად - მოჰყვა 2008 წლის აგვისტოს ომი ცხინვალის რეგიონში. ევროპა შეშფოთდა, ამერიკა აღშფოთდა. ან - პირიქით, რა მნიშვნელობა აქვს. რუსეთმა კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო. იმ "სამხრეთ ოსეთის", სადაც რესპუბლიკა პრეზიდენტმა გამსახურდიამ გააუქმა და რომელი ავტონომიის ფარგლებიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღადგინა.

 

საქართველო ობოლი ქვეყანაა, ჩვენ ობოლი ერი ვართ. ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს, მუდმივად სამართებლის პირზე მოსიარულე სახელმწიფოს ბრძენი მმართველი სჭირდება, რომელიც მხოლოდ ამ სახელმწიფოს გაძლიერებასა და განმტკიცებაზე იზრუნებს. ჩვენ ვირჩევთ და არ ვუფიქრდებით, მერე კი ვნანობთ, მაგრამ...

 

გარემომცველ სამყაროსთან საქართველოს ურთიერთობის მთელი ისტორია სავსეა საფრთხეებით და ამ საფრთხეების თავიდან აცილების წარმატებული თუ წარუმატებელი მცდელობებით. მაგრამ ისეთი ბრიყვული შესვლა საფრთხეში, როგორც ჩვენ „მოვახერხეთ“, ძნელი მოსაძებნია მსოფლიო ისტორიის ანალებშიც კი.

 

ამასაც ნიჭი უნდა.

 

ავტორი: ბონდო მძინარაშვილი

 

წყარო: bondomdzinarashvili.blogspot.com

 

 

big_banner
არქივი