logo_geo
ქეთევან მელიქიძე - კეკელა და მარო მაყაშვილი...
- +

25 აპრილი. 2018. 11:47

 

 

(კეკელას როლში თამარ ჩერგოლეიშვილი).

თამარას ფანი არ ვარ, მაგრამ მისმა გამოსვლამ ნიუ-იორკში ისეთი აჟიოტაჟი გამოიწვია, დავინტერესდი, რამ აღაფრთოვანა საზოგადოება და „აღმოვაჩინე“- უვიცობამ!

 

მაისურში გამოწყობილმა თამარამ, რომელზეც მარო მაყაშვილის პორტრეტი იყო გამოსახული, საზოგადოებას ქალი ასე წარუდგინა: „მარო მაყაშვილი, ასი წლის წინ იოსებ სტალინის მიერ ორგანიზებულ საბჭოთა ოკუპაციასთან ბრძოლას შეაკვდა!“

 

ასი წლის წინ, ანუ 1918 წელს, მარო მაყაშვილი ცოცხალი იყო, დღიურებს წერდა, საქართველოს დამოუკიდებლობასაც მოესწრო და ამის შემდეგ კიდევ სამი წელი იცოცხლა!

 

ოკუპაციის გეგმაც ლენინის მიერ იქნა შემუშავებული და ისიც სამი წლის შემდეგ განხორციელდა. მაგრამ ამ „უმნიშვნელო“ დეტალებს ჩერგოლეიშვილისათვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ: „ის იბრძოდა თავისი ფუნდამენტური უფლებებისათვის, გამოხატვის თავისუფლებებისათვის, რწმენის თავისუფლებისათვის. თანასწორი უფლებებისათვის, ქალების არჩევნებში მონაწილეობის უფლებისთვის...“

 

ასე ურცხვად ცრუობს თვალზე ცრემლმომდგარი თამარა აუდიტორიის წინაშე და ჩვენც უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებს, რადგან იმჟამად 16 წლის მარო მაყაშვილის რევოლუციური წარსულის თაობაზე აქამდე არაფერი გვსმენია, არადა, არჩევნებში ქალთა მონაწილეობისათვის თურმე 1918 წლიდან იბრძოდა!

 

მაგრამ, აქ ისევ უზუსტობას ვაწყდებით, თამარა გვეუბნება: „ყველა ეს უფლება მას გარანტირებული ჰქონდა დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციით, რომელმაც მხოლოდ სამ წელიწადს იარსება“. ეს კი სრული სიმართლეა, ამხანაგო ჩერგოლეიშვილო, და სწორედ ამ დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასაცავად წავიდა ომში 1921 წელს მარო მაყაშვილი...

 

დემაგოგიაში ვერ აგყვებით, ტრეინინგები არ გამივლია! სამაგიეროდ, უახლესი საქართველოს ისტორია კარგად მახსოვს და ვიცი, რომ 1991წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა! იმავე წლის 26 მაისს ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს. მაგრამ 1992 წლის დასაწყისში, საქართველოში კანონიერი ხელისუფლება რუსული იარაღით დაამხეს. სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე ათასი ჯურის დამნაშავეს ავტომატით ხელში თქვენი ამჟამინდელი მეუღლე, გიგა ბოკერია „უმშვენებდა“ მხარს!

 

გადატრიალების მონაწილეთაგან არავინ დასჯილა, პირიქით, დროთა განმავლობაში გიგა ბოკერია საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გახდა და „გამჭოლი მზერით“ სხვა მეპატრონეებზე ახეული ტელევიზიებიდან დემოკრატიულად გვმოძღვრავდა!

 

რა სასაცილოა, რომ პანელზე, რომლის თემაც: „ავტორიტარული რეჟიმების აღზევება და ექსტრემისტული ნაციონალიზმის ზრდაა“, თქვენ მონაწილეობდით, ქართველი გმირი ქალის სახეს „თეატრალურად“ ამოფარებული... ყველაფერზე წამსვლელი ხართ, ძალაუფლების უკან დასაბრუნებლად!

 

მარტო ყოფილი მამა-მარჩენალის მიხეილ სააკაშვილის ლანძღვა რად ღირს, ისეთი სიტყვებითა და ეპითეტებით, ბაზრის კეკელას მეტი რომ არავინ იკადრებს! ერთი წამიც მაინც გიფიქრია, სად იქნებოდით შენ და გიგა, სააკაშვილი პრეზიდენტი რომ არ გამხდარიყო?!

 

მარო მაყაშვილი ეროვნული გმირია, მასზე კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ თაობები. თქვენც მიგიჩენენ იმ ადგილს, რაც დაიმსახურეთ, დრო ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს.

 

დრონი მეფობენ, კეკელ!

 

 

ქეთევან მელიქიძე

 

 

 

 

big_banner
არქივი