logo_geo
ლეგენდარული ქართველი „შაითან კაპიტანი“ და დატყვევებული სარდალი ისხან-ფაშა
- +

30 აპრილი. 2018. 01:51

 

 

აპრილის დასაწყისში ქუთაისში მომიწია ჩასვლა, მეორე დღეს, მასპინძლებმა მდინარე გუბისწყალზე მდებარე რესტორანში ვახშამი გამართეს, სადაც ამ არემარეში გაზრდილი ქართველი სამხედროს საოცარო ისტორია მოვისმინე. ზოგი რამ ადრეც ვიცოდი, უფრო მეტი სოფელ შუა გუბელმა ბიქტორ ვაშაკიძემ მიამბო, მერე, თბილისში ჩამოსულმა კომპიუტერიც მოვიშველიე და ახლა თქვენს სამსჯავროზე მინდა გამოვიტანო კაპიტან ტარასი ვაშაკიძის გმირობის ამბავი.

 

პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, კავკასიის მიმართულებით, თურქეთ-რუსეთის დიდი დაპირისპირება სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდა. ბუნებრივია, რუსული არმიის რიგებში ბევრი ქართველი ოფიცერი და რიგითი მონაწილეობდა. ამ შეტაკებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა ე.წ. „სარიყამიშის ოპერაცია“, რომელიც 1914 წლის 22 დეკემბერს განხორციელდა.

 

სამწუხაროდ, საისტორიო ლიტერატურაში სათანადოდ არ არის შეფასებული ამ ოპერაციის მთავარი გმირის, ტარასი ვაშაკიძის ღვაწლი, რომელმაც ერთი ასეულით დაატყვევა თურქთა მესამე არმიის მეცხრე კორპუსი სარდალ ისხან ფაშასთან ერთად. ამ პერიოდის ცნობილი რუსი მკვლევარი ნ. კორსუნი, სამწუხაროდ, საერთოდ არ ახსენებს კაპიტან ვაშაკიძეს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავარი სამხედრო საარქივო მასალები ხელმისაწვდომი გახდა, ქართველმა მეცნიერმა დიდიმ დათუაშვილმა იმ დროის დოკუმენტებსა და საგაზეთო პუბლიკაციებზე დაყრდნობით სიმართლე „სარიყამიშის ოპერაციაზე“ სააშკარაოზე გამოიტანა. ახლა თავად ამ გმირობის დეტალებს შევეხები.

 

22 დეკემბერს დანიშნული იყო რუსეთის არმიის ერთიანი შეტევა. წინა დღით, დერბენტის 154-ე პოლკის ასეულის მეთაური კაპიტანი ვაშაკიძე საკუთარი ინიციატივით დაზვერვაზე წასულა. იერიშის დაწყებისას, ისევ საკუთარი ინიციატივით, ტარასი ვაშაკიძემ ასეული წინა ღამით აღმოჩენილი თურქთა ბანაკისკენ წაიყვანა და ტყეში განლაგებული მათი ზარბაზნები და არტილერისტები ხელთ იგდო. დანარჩენი ამბავი თავად ამ ამბის გმირის მიერ პოლკოვნიკ სპირიდონ ესაძისადმი მიწერილი წერილიდან ვგებულობთ:

 

„ასეული ათეულებად დავყავი და თურქების ბანაკისკენ დავძარი, ვუბრძანე, სროლა არ აეტეხათ, რათა თურქები ცეცხლის მიხედვით ჩვენს რიცხობრივ სიმცირეს არ მიმხვდარიყვნენ. მე კი მარტო გავემართე მტრის პოზიციებისკენ. როდესაც მათგან ორასიოდე ნაბიჯიღა მაშორებდა, დამტვრეული თურქულით შევძახე: „დაგვნებდით, დაყარეთ იარაღი, თორემ ყველას ამოგხოცავთ“. ცოტა ხნის შემდეგ ჩემთან თურქი ოფიცერი მოვიდა და დამტვრეული რუსულით მითხრა: „ბატონო ოფიცერო, ყველაფერი გადაწყვეტილია. კორპუსის მეთაური გთხოვთ, რომ სისხლი არ დაიღვაროს, გნებდებით“.

 

 

ვხედავთ, რომ ძალზე ბევრნი არიან, ყველა შეიარაღებულია. საჭიროა მათი განიარაღება, მე კი საკმარისი რაოდენობის ხალხი არ მყავს. მიხვდებიან, ცოტანი რომ ვართ. ვუახლოვდები გენერალ ისხან ფაშას და ხმამაღლა ვეუბნები:

 

— ბატონო ოფიცერო, იარაღი შეგიძლიათ დაიტოვოთ. გენერალი ფრანგულად მეკითხება, ვინ ხარო. ვპასუხობ, რომ ვარ რუსეთის არმიის კაპიტანი, რომელსაც მათი დატყვევება აქვს დავალებული და რუსეთის არმიის ნაწილები პასუხს დაუყოვნებლივ ელიან.

 

— რა ძალები გყავთ? – მეკითხება გენერალი.

 

— აქეთ დივიზია დგას, იქით მზვერავთა ბრიგადა, აქვე კი ორი ბატალიონია ჩასაფრებული.

 

ამის შემდეგ მკითხა, საიდან ბრძანდებიო. ვუპასუხე რომ ქართველი ვარ, ქუთაისიდან. ვიცი, ვიცი ქუთაისიო. ამით ჩვენი მოლაპარაკება დასრულდა. ყველას ცხენებზე შესხდომა შევთავაზე. მე კი ფეხით გავეშურე. გენერალმა თავისი სამარქაფო ცხენი შემომთავაზა. გზაში სულ ვფიქრობდი, ეშმაკობა არ შემიტყონ, თორემ სულ ჯოხებით გაგვრეკავენ-მეთქი. ბედმა გამიღიმა. როგორც კი ხეობიდან გამოვედით, რუსეთის არმიის ჩამორჩენილი ნაწილები დავინახე. როდესაც ჩვენს შტაბს მივუახლოვდით, ისხან ფაშასთან მივედი და ვუთხარი:

 

— გენერალო, მე თქვენი კორპუსი ერთი ასეულით დავატყვევე.

 

ისხან ფაშა შეცბა, ხელი შუბლზე მიირტყა და წამოიძახა:  „შაითან კაპიტან, შაითან კაპიტან!“ ამ სიტყვების მნიშვნელობას ვერ მივხვდი და იქვე მდგომ სომეხს ვკითხე, რას ამბობს-მეთქი და მანაც მითარგმნა: „შაითანი“ ეშმაკს ნიშნავსო“.

 

 ამ ოპერაციის შედეგად ტარასი ვაშაკიძის ასეულმა, გარდა თურქეთის არმიის სარდალ ისხან ფაშასი, ასევე დაატყვევა:

 

„სამი დივიზიის მეთაური, ორი დივიზიის მეთაურის თანაშემწე შტაბებითურთ, 107 ოფიცერი და 2000-ზე მეტი ჯარისკაცი.“

 

 გარდა ამისა, ხელთ იგდო 8 ზარბაზანი, 24 ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ცხენები და ტყვია-წამალი.

 

1915 წლის 9 იანვარს ტარასი ვაშაკიძეს თავად იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ მიულოცა და წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, ხოლო იმავე წლის 8 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა რაიმონ პუანკარემ საპატიო სამხედრო ჯილდო  Médaille militaire უბოძა - რომელიც ღირსებით მხოლოდ „საპატიო ლეგიონის ორდენს“ ჩამოუვარდება და რომელიც თავად ნაპოლეონ ბონაპარტემ დააარსა.

 

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, უკვე ვიცე-პოლკოვნიკი ვაშაკიძე სამშობლოში დარჩა, თუმცა სამხედრო საქმეს ჩამოაშორეს და იმ ავად სახსენებელ 1937 წელს გარდაიცვალა (რა ვითარებაში — უცნობია).

 

საინტერესოა, რომ „შეითან კაპიტანს“ რომან „მთვარის მოტაცებაში“ კონსტანტინე გამსახურდიაც ახსენებს, როდესაც თარაში, თამარი და კაროლინა მამიდა არმადარ ფარჯანიანს სტუმრობენ. მცირე მონაკვეთს მოვიყვან რომანიდან, სადაც თარაში შემოსულ სტუმარს კაროლინას აცნობა:

 

„ეს კაცი ყოფილი გენერალია, მსოფლიო ომის დროს მან ერთი ბატალიონით თურქეთის მთელი კორპუსი შტაბიანად შეიპყრო, მან არც კი იცის, რომელიმე სენსაციური ამერიკული გაზეთი მილიონ დოლარს არ დაიშურებდა მისი მემუარებისთვის“.

 

თავი დავანებოთ ზოგიერთ უზუსტობას (ტარასი გენერალი არ ყოფილა და ბატალიონი კი არა მხოლოდ ერთი ასეული ებარა). ვგონებ დღესაც მოიძებნება დასავლეთში ისეთი გამომცემელი, ამ ისტორიაში გვარიან თანხას რომ დააბანდებს. თუმცა, ჩვენთვის მთავარს დავუბრუნდები, ტარასი ვაშაკიძის გმირობა არ არის ხელწამოსაკრავი ფაქტი და ჩემი აზრით, ლეგენდარული „შაითან კაპიტანი“ თანამედროვეთაგან, უფრო მეტ დაფასებას იმსახურებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი