logo_geo
ქართველი ხალხის ნებიერა - ნონა გაფრინდაშვილი დღეს იუბილარია!
- +

3 მაისი. 2018. 12:12

 

 

ტიტულებით დახუნძლული, ყველასგან პატივცემული, ერის სიამაყე, მას თამამად შეეძლო ყველანაირი პრივილეგიით ესარგებლა, თუმცა იგი მაინც უპრეტენზიო, უბრალო ადამიანია. სამეფო გვირგვინმა ვერ შეცვალა მისი პატიოსანი და კეთილშობილი ხასიათი. თუმცა ერთი პრივილეგია სამუდამოდ შერჩა - ქალბატონი ნონა არის და მუდამ იქნება პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი.

 

1941 წლის 3 მაისს ქალაქ ზუგდიდში დაიბადა გოგონა, რომელსაც ბედისწერამ ქართველი ხალხის არგუნა. საქართველოში საკმარისია სახელი ნონა წარმოსთქვათ და უკვე ყველამ იცის ვისაც გულისხმობთ. დამეთანხმებით, ასეთი პატივი ერთეულების ხვედრია. თუმცა მოდით, თავიდან დავიწყოთ.  

 

1961 წელს, 19 წლის ასაკში ნონა გაფრინდაშვილმა, საკმაოდ წარმომადგენლობითი ტურნირი მოიგო. აქვე, საერთაშორისო ოსტატის წოდება მიენიჭა და პრეტენდენტთა ტურნირში გამოსვლის უფლება მოიპოვა. იქ გამარჯვება კი იმას ნიშნავდა, რომ მას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის დაუმარცხებელ ელისაბედ ბიკოვასთან შეხვედრის უფლება ეძლეოდა. ცნობილმა რუსმა დიდოსტატმა, მიხეილ ტალიმ იმ დროს თამამი პროგნოზი გააკეთა: ქალ მოჭადრაკეთა კაბადონზე ახალი ვარსკვლავი გამობრწყინდა და დიდ ცვლილებებს ელოდეთო. ნონას დიდ ნიჭს ბევრი აღნიშნავდა, მაგრამ ცოტა ვინმე თუ ელოდა, რომ მოვლენები ასე ელვისებური სისწრაფით განვითარდებოდა. ქართველმა მოჭადრაკემ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთან თამაშის უფლება იოლად მოიპოვა და კიდევ უფრო იოლად ჩამოაგდო ეს უკანასკნელი ტახტიდან. ანგარიში ასეთი იყო: 9:2. შვიდი მოგება და 4 ყაიმი. 21 წლის ნონა გაფრინდაშვილი 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა! ამ მატჩის მსვლელობისას თბილისში სხვა სალაპარაკო თემა არ არსებობდა. ორი ნაცნობი ერთმანეთს რომ ხვდებოდა, პირველი კითხვა ასეთი იყო: ნონა რას შვება, ხომ არ იციო, თუ ამან არ იცოდა, საუბარში აუცილებლად რომელიმე გამვლელი ჩაერეოდა და თავის კომპეტენტურ აზრსაც იტყოდა, ამას სხვები მიემატებოდნენ და ისე როგორ იქნებოდა, ვინმეს ცნობილი მოჭადრაკე ნათესავი ან მეგობარი არ ჰყოლოდა. ასე ჯგუფ-ჯგუფად მთელი ქალაქი განიცდიდა, ღელავდა და მოუთმენლად ელოდა ტურნირის დასასრულს. თუმცა ასაღელვებელი არაფერი იყო, როგორც მოგახსენეთ, ნონა დიდი უპირატესობით იგებდა, მაგრამ რაღაც ქვეშეცნეული შიში მაინც არსებობდა. ცოტა ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ეს პატარა გოგო ასე თამაშ-თამაშ უსწორდებოდა გვირგვინოსან მეტოქეს. 

 

თავად ქალბატონი ნონა იმ პერიოდს ასე იხსენებს: ძნელია სიტყვებით გადმოვცე, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა როცა მოსკოვიდან გამოვემგზავრე. მატარებლით წამოვედით და სოხუმს რომ გამოვცილდით, ლამის ყოველ სადგურზე ვჩერდებოდით, ხალხი ვაგონში გვივარდებოდა, მილოცავდნენ, ყვავილებით მავსებდნენ. თბილისში ხომ საერთოდ საოცრება მოხდა, წარმოუდგენელი სანახაობა იყო. მგონი, მაშინ უფრო ვნერვიულობდი, ვიდრე ბიკოვასთან მატჩში. ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას დღემდე ვგრძნობ და ძალიან მადლობელი ვარ. უფრო მეტი სიმდიდრე არც მინდა“.                       

 

თამამად შემიძლია ვთქვა და ალბათ დამეთანხმებით, არ მეგულება საქართველოში მეორე სპორტსმენი, ვისაც ასე ხელის გულზე ატარებდეს ხალხი, ვინც ასეთი სიყვარულითა და ყურადღებით სარგებლობდეს და მის სიტყვასაც ისეთივე წონა ჰქონდეს, როგორც ეს ქალბატონი ნონას შემთხვევაშია. ერთი ცნობილი შემთხვევა მახსენდება, რომელიც თითქოს თბილისში გამართულ სუპერტურნირზე მოხდა. ამბობენ, როცა ნონა მორიგ სვლაზე ჩაფიქრდა, ამ დროს მის მაგიდას მიუახლოვდა ცნობილი მოჭადრაკე ტიგრან პეტროსიანი, რომელიც თბილისში გახლდათ დაბადებულ-გაზრდილი და ქართულიც მშვენივრად იცოდა. პეტროსიანმა შეამჩნია, რომ ნონას ძალიან ძლიერი სვლა ჰქონდა ცხენით და მოუნდა ეკარნახა, მაგრამ ამისთვის ორივე დაისჯებოდა. მაშინ ის ოდნავ გასცდა ნონას მაგიდას და ვითომ საკუთარ თავს აგულიანებსო, ისე დაიძახა: აჩუ! აჩუო! თავად ქალბატონი ნონა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, თბილისელი ტაქსისტების მონაჭორს უწოდებს და რა უფლება მაქვს, არ ვერწმუნო. როდესაც ერთხელ მას ჰკითხეს: რა არის თქვენთვის ჭადრაკიო, ასე უპასუხა: ეს არ არის მხოლოდ თამაშიმე ვისვენებ, დიდ სიამოვნებას ვიღებ. საკმარისია, ჭადრაკის დაფასთან აღმოვჩნდე, ხელში ავიღო რომელიმე ფიგურა და ყველა უარყოფითი ემოცია, უსიამოვნო განცდა, შფოთიანი აზრები მაშინვე ქრება. მთლიანად ამ შავ-თეთრი ფიგურების სამყაროში გადავდივარ. იქნებ დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჭადრაკის თეორიის შესწავლით თავს არ ვიკლავდი. არ ვიცი, როგორ აგიხსნათყველა პარტია თამაშდებოდა რაღაც შინაგანი ინტუიციით, რაღაც გამიელვებდა ტვინში და თავისით მოდიოდა გადაწყვეტილება როგორი კომბინაცია ამეწყო, რა მოყვება ამ კონკრეტულ სვლას, ჩემთვის საჭადრაკო ცხოვრება არ დასრულებულა. სიამოვნებით ვიღებ მიწვევებს სხვადასხვა ტურნირებზე და ადრინდელივით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ თამაშიდან, თუ ეს შეგრძნება გაქრება, – აღარ ვითამაშებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დავკარგავ ყველაზე ძვირფასს – არსებობის აზრს“. 

 

ქალბატონი ნონა მუდამ იდგა თავისი ხალხის გვერდით; იმ ხალხის, ვინც XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარა და მისთვის ზღვა სითბო და სიყვარული არ დაიშურა. ტიტულებით დახუნძლული, ყველასგან პატივცემული, ერის სიამაყე, მას თამამად შეეძლო ყველანაირი პრივილეგიით ესარგებლა, თუმცა იგი მაინც უპრეტენზიო, უბრალო ადამიანია. სამეფო გვირგვინმა ვერ შეცვალა მისი პატიოსანი და კეთილშობილი ხასიათი. თუმცა ერთი პრივილეგია სამუდამოდ შერჩა – ქალბატონი ნონა არის და მუდამ იქნება პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი.

 

 

big_banner
არქივი