logo_geo
მანუჩარ კაჭახიძე: იგი ჩემს თვალწინ დაიბადა!
- +

16 მაისი. 2018. 18:24

 

ამ დღეს მე, 12 წლის ბავშვმა, დავინახე, როგორ დაიბადა ჩემს თვალწინ ხელახლად ჩემი საქართველო...

 

1991 წლის 31 მარტს 12 წლის ბიჭი ვიყავი.

 

აი, ისეთი, „ნერგის“ (ყოფილი „ნორჩი ლენინელის“) გვერდებიდან ზვიადისა და ეროვნული მოძრაობისადმი მიძღვნილ სხვა ფოტოებს რომ საგულდაგულოდ ჭრიდა და ალბომში აკერებდა.

 

31 მარტს, რეფერენდუმის დღეს, ბებია მორიგე იყო, ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მუშაობდა და დავყავდით ხოლმე ინტერესიანი შვილიშვილები მორიგეობაზე (რომ იტყვიან, ნახევრად იქ გავიზარდე).

 

საოპერაციო ბლოკში შევიპარებოდი და საკუთარი თვალით ვხედავდი, როგორ მისცემდნენ ახალ სიცოცხლეს ავტოკატასტროფისას დაშავებულთ.

 

31 მარტს უფრო დიდი რამ ვიხილე…

 

მაშინ, საარჩევნო ყუთები საავადმყოფოს პალატებში მიჰქონდათ ავადმყოფებისათვის. ჰოდა, იმ დღეს ყუთი მე ჩამაბარეს და საავადმყოფოს ხუთასამდე პალატას მე ჩამოვურბინე.

 

ბავშვური სიხარულით ვხარობდი, ყუთი რომ მძიმდებოდა ბიულეტენებით; ისიც მიკვირდა, რატომ უხაროდათ ჩემი გამოჩენა ასე განსაკუთრებულად ტკივილებთან მებრძოლ პაციენტებს და ხილით და ათასი ტკბილეულით რად მასაჩუქრებდნენ.

 

მაგრამ ჩემს მეხსიერებას შემორჩა ერთი არგადაღებული კადრი, რომელიც დღესაც, ამ 26 წლის შემდეგაც გუშინდელივით, მთელი სიცხადით მახსოვს.

 

ის კი არა და, შემიძლია გავიხსენო ის პალატაც, ფანჯრიდან შემოსული მზის სხივის მიწაზე დაცემის რადიუსიც, იატაკზე დაგებული ლინოლეუმის ზოლები, ფარდის ფერიც… და ის მოხუცი, მისი საოცრად დანაოჭებული თითები საარჩევნო ყუთზე რომ გაიყინა სამუდამოდ.

 

გემახსოვრებათ, მაშინ რეფერენდუმის ერთადერთი შეკითხვა იყო: „გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“

 

ამ ბერხუცმა, თავისი სევდიანი ცისფერი თვალები მე შემომაპყრო, კიო, გამხმარი ტუჩებიდან გამოსცრა, ყუთის ჭრილს ბიულეტენი გაუსწორა და… დავინახე თუ შევიგრძენი, როგორ დააკვდა ეს თითები უსულოდ ყუთს.

 

დერეფანში, მახსოვს, ვიღაც ასაკოვანი ქალი წამომეწია, ისიც ჭაღარა, კაფანდარა, კისერში მაკოცა უკნიდან და მადლობა მითხრა, რომ მოუსწარიო.

 

წეღან ვთქვი, - საოპერაციო ბლოკში შეპარულს, ბევრჯერ მინახავს, როგორ ჩუქნიდნენ ახალ სიცოცხლეს ადამიანებს თეთრხალათიანები.

 

ამ დღეს მე, 12 წლის ბავშვმა, დავინახე, როგორ დაიბადა ჩემს თვალწინ ხელახლად ჩემი საქართველო...

 

P.S. იმ ღამეს მუხლები ამტკივდა და სიცხემაც მომცა. მახსოვს ჩემი ტკბილი ბებია, თვითონაც დაღლილი, დილამდე თავთან რომ მეჯდა და შუბლზე მაფენდა ცივ პირსახოცებს.

 

 

 

მანუჩარ კაჭახიძე - ამერიკაში გამომავალი ქართული გამოცემის „მამული“ გამომცემელი, ჟურნალისტი

 

 

 

 

 

big_banner
არქივი