logo_geo
დიუსელდორფის 37-ე გამოძახილი, ქართველი სუმოისტი იმპერატორის თასზე და ვნებათაღელვა ძიუდოში
- +

18 მაისი. 2018. 22:46

 

დღეს კვირაა და გასულ შვიდ დღეში მომხდარზე საუბარს სანამ დავიწყებ, მინდა, ძიუდოს ქართულ თემში დაწყებულ გაურკვევლობაზე მოგახსენოთ.

ჯერჯერობით ვერც სპორტის მინისტრთან შეხვედრამ და ვერც რიგგარეშე (ყოვლად გაუგებარმა) ყრილობამ ამ აბნეულობაში სიცხადე ვერ შეიტანა. დაპირისპირება გრძელდება. გვერდიდან მომზირალის პოზიციიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ფედერაციის პრეზიდენტის არგუმენტები არ არის ბოლომდე დამაჯერებელი, რადგან საუბრობს ყველაფერზე, გარდა იმ ბრალდებებისა, რაც მას წაუყენეს. კერძოდ, არაფერს ამბობს ე. წ. „ატკატებზე“, გაურკვეველ ვითარებაში გამქრალ ფულზე, პრემია-საპრიზოების დაურიგებლობაზე და ა. შ. სამაგიეროდ ყოველ ჯერზე იმეორებს, რომ იცავს პრეზიდენტობის ინსტიტუტს, რათა მსგავსი ფაქტები მომავალში არ განმეორდეს.

 

 

 

 

თუმცა, გაუგებარია (ჩემთვის), თუ პრეზიდენტი უვარგისი და ფულზე დახარბებული პიროვნებაა, ხმა არ უნდა ამოვიღოთ? ბაზარში ნაყიდი ჩემი ამორჩეული კიტრი მწარე თუ გამოდგა, ვალდებული ვარ ბოლომდე ვჭამო?


მეორე მხრივ მიკვირს კიდევ ერთი რამ, სად არიან და რატომ არაფერს ამბობენ ძიუდოს ქართველი მწვრთნელები, პოზიცია არ გააჩნიათ? არ ეთანხმებიან საკუთარ მოწაფეებს? თუ თავადაც მონაწილეობენ პრემია-საპრიზოების გადანაწილების ამ მახინჯ სქემაში? ცოტა უცნაურად მომეჩვენა პარლამენტის სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის პოზიცია სპორტსმენებთან შეხვედრამდე და მას მერეც. ორივე შემთხვევაში მან ერთი და იგივე განცხადება გააკეთა: ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს, ჩემთვის მისი არგუმენტები მისაღები და დამაჯერებელიაო. და რატომ ნაკრების კაპიტანს, ვარლამ ლიპარტელიანს არ უზიარებს ბატონი ქევხიშვილი თავის მოსაზრებებს? იქნებ მანაც დაიჯეროს?

გასათვალისწინებელი და ანგარიშგასაწევია ერთი საფრთხილო ფაქტორი: თუ სპორტსმენთა მოთხოვნებს ამომწურავი პასუხი არ გაეცა, თუ მათი ბრალდებები არ გაბათილდა, თუ  ფედერაცია ჯიბრში ჩაუდგა ამ ბიჭებს და ნაკრების ამ შემადგენლობას შეჯიბრებებს ჩამოაშორებენ, მაშინ (თავად ამას არ ამბობენ — ჯერ), დიდი შანსია, მომავალ მსოფლიოს და ოლიმპიურ თამაშებზე მათი გამარჯვებებისას სხვა ქვეყნების ჰიმნები მოვისმინოთ.


ეს ჩემი ვარაუდია და ვიმეორებ, რომ თავად ამ ბიჭებს მსგავსი არაფერი უთქვამთ, მაგრამ როდესაც ადამიანს სხვა გამოსავალს არ უტოვებ, ასეთი ვარიანტი არ უნდა გამორიცხო. აქ, პატრიოტიზმზე საუბარი უადგილოა, რადგან ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება ორივე მხარეს ერთნაირად მოეთხოვება…

 

 

 

ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა კვირკველიას მოსკოვის „ლოკომოტივი“ რუსეთის ჩემპიონი ერთი ტურით ადრე გახდა. ქართველის ღვაწლი ამ წარმატებაში საკმაოდ დიდია, მას საუკეთესო პრესა აქვს და ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან მოწვევები არ მოაკლდება. თუმცა მისი ბოლოდროინდელი საუბრებიდან ჩანს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასული გუნდიდან წასვლას არ ეშურება, გასათვალისწინებელია გუნდის მწვრთნელის ანატოლი სიომინის ფაქტორიც, რომელიც საბას ბოლომდე ენდობა და მისი ტალანტის გახსნაშიც დიდი წვლილი აქვს.

 

 

ფეხბურთის თემას გავაგრძელებ და შეგახსენებთ, რომ 13 მაისი, ქართული ფეხბურთის უდიდესი გამარჯვების დღეა. 37 წლის წინ ამ დღეს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში თბილისის „დინამომ“ იენის „კარლ-ცეისი“ 2:1 დაამარცხა და თასების მფლობელთა თასი დაისაკუთრა. ამ გამარჯვებით გამოწვეული ჩემი სიხარული ერთხელ უკვე გადმოვეცი და ნება მომეცით,  მოვიყვანო ნაწყვეტი ორი წლის წინ ამ თემაზე დაწერილი ჩემი წერილიდან:

„.. ამ დროს თბილისში კი აი, რა ხდებოდა: ერი და ბერი, დიდი და პატარა, ქალი და კაცი, ჯანმრთელი და ავადმყოფი, უკლებლივ ქალაქის ქუჩებში იყო გამოსული. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველას ყველა უყვარს; ეს ღიმილიანი და ბედნიერი ხალხის უზარმაზარი მასა დილამდე ზეიმობდა. რუსთაველის გამზირზე ქუჩის გამყოფ თეთრ ზოლზე იდგნენ მამაკაცები ღვინით სავსე დოქებით ხელში და აქეთ-იქით მანქანებიდან სანახევროდ გადმოწეულ ხალხს ჭიქებს უვსებდნენ, ამის შემხედვარე მილიციელები მხოლოდ იღიმებოდნენ და არავის არაფერს უშლიდნენ, რადგან არავინ არაფერს აშავებდა. იმ ღამეს არ მომხდარა არანაირი კანონდარღვევა, თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია არავის თავიდან.

 

 

ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის დარბაზში, დღეს დაიწყო „ნაცუ ბაშო“ (ზაფხულის შეჯიბრი) ქართველ ფალავან ტოჩინოშინს აქვს შანსი მოიპოვოს რანგით მეორე, ოძეკის ტიტული. ამისთვის მან 15-დან 11 პაექრობაში უნდა იმარჯვოს. ეს დარბაზი ქართველი სეკიტორისთვის იღბლიანია, რადგან სწორედ აქ მოიგო თავისი პირველი იმპერატორის თასი. დღევანდელი დაპირისპირება შოჰოზანთან ცოტა რთული გამოუვიდა, თუმცა ქართველის კლასმა თავისი გაიტანა და მაინც იმარჯვა იორიკირის ილეთით. რანგით მეორე დივიზიონში პირველი შეხვედრა დათმო თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ კოტოეკოსთან. მეტს ვერაფერს მოგახსენებთ, დაველოდოთ და მომავალ კვირას უფრო დაწვრილებით გესაუბრებით.

 

 

 

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის ძირითად ბადეში იასპარეზებს. დღეს, მან ,საკვალიფიკაციოს ფინალში ფრანგი ჟულიან ბენეტო დაამარცხა 3:6, 7:5, 6:4. მესამე გადამწყვეტ სეტში ნიკა 5:3-ს იგებდა და თავად აწვდიდა, თუმცა საკუთარი მოწოდება წააგო. მიუხედავად ამისა, დიდი ბრძოლა გაუმართა ფრანგს და „ბრეიქის“ შესრულებით შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა. სამწუხაროდ ამ შეხვედრის ამსახველი კადრები ვერ მოვიძიე და გთავაზობთ ნიკასადმი მიძღვნილ ვიდეორგოლს.

გასული კვირის სპორტულ მოვლენებზე საუბარს ამით დავასრულებ. იმედი მაქვს მომდევნო შეხვედრისას ჩვენს სპორტულ სამყაროში არსებული პრობლემებზე აღარ მომიწევს საუბარი და მარტო სპორტსმენთა წარმატებებზე გავამახვილებ ყურადღებას.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი