logo_geo
ლევან აბაშიძე 55 წლის გახდებოდა...
- +

22 მაისი. 2018. 12:55

 

ასე იცის განგებამ, ვისაც გამორჩეულ ნიჭსა და გარეგნობას დააფერთხავს, ბედსაც უცნაურს დაუწერს ხოლმე...

90-იანი წლების რომანტიკულ გმირზე, ლევან აბაშიძეზე, რას არ მოისმენდით ქალაქში:

„ერთხელ შეყვარებულის გამო უჩხუბია და თითი მოუტეხავს. მერე ეს თაბაშირი შეუნახავს და სკოლაში საკონტროლო წერების დროს იყენებდა“.

 

„ლევანის გაუთავებელ რომანებს შორის იყო გამორჩეული რომანი მოლდოველ მსახიობ გოგონასთან მიკასთან, მიკა აქ სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში, აქ გაიცნეს ერთმანეთი და დაიწყო დიდი რომანი. თავიდან ჩუმად დადიოდა ჩვენთან, მერე ლევანმა მთხოვა: დედა, მე ცოლს არასოდეს შევირთავ, მაგრამ ძალიან გთხოვ, მიკამ ჩვენთან იცხოვროსო. აქ ცხოვრობდა… მერე ინსტიტუტი დაამთავრა და წავიდა. რეკავდა, ლევანის დაღუპვა საშინლად განიცადა. დღემდე მეხმიანება, მირეკავს, ახლაც არ თხოვდება, მე სულ აქედან ვუკიჟინებ, გათხოვდი-მეთქი“, -იხსენებს ლევან აბაშიძის დედა მანანა ხიდაშელი.

 

„დაკრეფდა ჩემთვის მინდვრის ყვავილებს და მოჰქონდა. თუ არ იყო მინდვრის ყვავილები, იებს ყიდულობდა. ყოველთვის მოჰქონდა ნამცხვარი“,- წერდა მისი შეყვარებული მიხაელა სტრიმბიანუ.

 

„ერთხელ ბიჭვინთაში შეყვარებულის სანახავად ფეხმოტეხილი წასულა და თაბაშირიანი ფეხით მეშვიდე სართულზე ასულა - მხოლოდ იმიტომ, რომ კართან ყვავილები დაეტოვებინა“, - იხსენებდნენ მეგობრები.

„ბავშვობაში მეხანძრეობა მინდოდა, ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მომინდა. ალბათ, იმიტომ, რომ ამ დროისთვის გატაცებული ვიყავი ცხენოსნობით, მოტოციკლით, თხილამურებით და ხშირად საავადმყოფოში დამტვრეული ვხვდებოდი. საბოლოოდ გადავწყვიტე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. განგების მადლიერი ვარ, რომ მიხეილ თუმანიშვილთან მოვხვდი“, - ამბობდა თვითონ.

აფხაზეთის ომი და უცებ ბავშვობიდან და ჭაბუკობიდან დიდოობაში გადამხტარი თაობა.

ლევანი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვისაც მიწის ყივილმა გასაქანი არ მისცა.

მისთვის მიუღებელი გახდა ვარსკვლავური ცხოვრება, როცა მისი თანატოლები ომში იღუპებოდნენ. მიზეზს ეძებდა, ფილმის გადაღებები მიეტოვებინა და ომში გაქცეულიყო.

დედას გაანდო - აფხაზეთში ომია და რა დროს თამაშიაო.

5 სექტემბერს გადაღებებიდან თბილისში დაბრუნდა, 6 სექტემბერს სოხუმში გაფრინდა და 7 სექტემბერს ბრძოლის ველზე ყუმბარამ იმსხვერპლა, იმიტომ, რომ ბრძოლის ველი სულ არ ჰგავდა გადასაღებ მოედანს და ახალგაზრდა მსახიობის „შეცდომის“ გამოსწორება მეორე კადრის გადაღებისას ვეღარ  გამოსწორდებოდა...

ლევან აბაშიძე 22 მაისს დაიბადა და რომ არა 1992 წლის აფხაზეთის ომი, წელს ის 55 წლის გახდებოდა...

 

ავტორი - დინა მირცხულავა

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი