logo_geo
„მაგრამ... როდესაც პოლიტიკაში შედიხარ, როცა ბრძოლაში ებმები...“
- +

27 მაისი. 2018. 01:12

 

 

ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ლიძავაში იმყოფებიან, გამსახურდიების აგარაკზე, ამჯერად კი სადღაც მიდიან და მიმასლაათობენ.

 

ვიღაც ბავშვი თავისთვის თამაშობს – ქვებს ისვრის და ამით ერთობა.

 

და ერთი ქვა მათ ფეხებთანაც დაეცემა.

 

– ხედავ, მერაბ! – აღშფოთებას ვერ ფარავს ზვიადი, – კრემლმა მოგვიგზავნა, ჩვენთვის უნდოდა მოერტყა ის ქვა და შემთხვევით აგვცდა.

 

– რა კრემლი, ზვიად, – იცინის მერაბი, – რომელი კრემლი, ბავშვია და თავისთვის თამაშობს.

 

– კრემლმა მოგვიგზავნა, – კვლავ იმეორებს ზვიადი, – არ ისვენებს და არა.

 

მერაბი კვლავ იცინის და არას ამბობს.

 

– ხედავ, ბავშვიც კი მოგვიგზავნეს, – ის ვერა და ვერ გამოსულა ამ განწყობილებიდან.

 

ეს... მხოლოდ შესცინის პასუხად.

 

გავა ხანი და ზვიადი უმცროს მეგობრებთან გაიხსენებს ამ ეპიზოდს.

 

– მერაბი განა მართალი არ იყო, – დასძენს, – რა კრემლი და რომელი კრემლი, ბავშვი თავისთვის ერთობოდა, მაგრამ როდესაც პოლიტიკაში შედიხარ, როცა ბრძოლაში ებმები, ყოველ წუთს ეს განცდა უნდა გქონდეს და ყველაფერს ამ თვალით უყურო, რომ რაღაცას გიმზადებენ, რაღაც ხაფანგს გიგებენ, კრემლი ახალ-ახალ ხრიკებს იგონებს, რათა სულ მზად იყო, სულ გაფაციცებული, რათა ოდნავადაც არ მოგიდუნდეს ყურადღება.

 

„რა კრემლი, ბავშვი იყო და ქვებს ისროდა“, გუნებაში ეღიმებოდა მერაბ კოსტავას.

 

მაგრამ... როდესაც პოლიტიკაში შედიხარ, როცა ბრძოლაში ებმები...

 

თავისი სიმართლე ჰქონდა ზვიად გამსახურდიას.

 

თავისი სიმართლე ჰქონდა მერაბ კოსტავას.

 

და თავისი სიმართლე ჰქონდა იმ ბავშვსაც, გალაღებას ქვების სროლით რომ გამოხატავდა, ლაღობდა, ვიდრე კიდევ დრო ჰქონდა, და აინუნშიც არ მოსდიოდა, თუ რას ბჭობდა ის ორი ძია მისი თავისუფლებისათვის.

 

 

ერთ-ერთი ამბავი

თან - საკითხავი-ს N 19 გამოცემიდან.

 

გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი