logo_geo
სპარსთა მძლეველი ქართველი დედოფალი დინარა - მითი თუ რეალობა?
- +

20 ივნისი. 2018. 11:47

 

 

 

XVI საუკუნის რუსეთში, ივანე მრისხანეს მეფობისას, ფართოდ ყოფილა გავრცელებული საეკლესიო ძეგლი-თქმულება დინარა დედოფალზე. ყაზანზე ლაშქრობისას ივანე მრისხანეს შეფიქრიანებული ჯარისთვის მაგალითად მოუყვანია ივერიის დედოფალ დინარას გმირობის ამბავი, რომელიც სპარსთა უზარმაზარ ლაშქარს შებმია და დაუმარცხებია კიდეც.

 

ვინ იყო დინარა დედოფალი და არსებობდა თუ არა საერთოდ - სანამ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ რუსულ წყაროებში დაცულ ლეგენდას.

 

 

წმინდა დინარა - რუსული ხატი

 

რუსული ქრონოგრაფია მოგვითხრობს, რომ ივერიის მეფე ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ 15 წლის ქალიშვილი დინარა დარჩენია, რომელსაც უტვირთავს კიდეც ქვეყნის მართვა. სპარსთა მეფე ადრამელეხს ივერიის მმართველისთვის ხარკის გადახდა მოუთხოვია. დინარას იმაზე მეტი ძღვენი გაუგზავნია მისთვის, ვიდრე მამამისი იხდიდა, და თან შეუთვლია, მე მეფობა ღვთისგან მაქვს ბოძებულიო. ადრამელეხს კი ეტყობა, ივერიის დალაშქვრა ჰქონდა გადაწყვეტილი, ამიტომ ძღვენი არ მიუღია, დედოფლისთვის  კი შემოუთვლია, თუ გსურს, ტახტი შეინარჩუნო, საცვლების ამარა დამხვდი, წინაღმდეგ შემთხვევაში, დიდი ჯარით მოვდივარ და შენს ქვეყანას ქვების გროვად ვაქცევო.

 

დინარას ამ მუქარაზე პასუხად უცნობებია: თუ დამამარცხე, ქალზე გამარჯვება დიდ ვაჟკაცობად არ ჩაგეთვლება, მაგრამ თუ დამარცხდი, სამუდამოდ თავი მოგეჭრებაო.

ადრამელეხი დიდი სპით დაძრულა ივერიისკენ. დინარას ლაშქრის მზაობა უბრძანებია, მაგრამ სარდლებისგან უარი მიუღია, ბევრნი არიან და ვერ გავუმკლავდებითო. მაშინ დედოფალს ბიბლიიდან მცირეთა მიერ მრავალთა ძლევა შეუხსენებია და ჯარისთვის მიუმართავს:

 

 

მე დავძლევ დიაცურ უძლურებას, ვაჟკაცური სიმტკიცით შევიმოსები, წელზე საჭურველს შემოვირტყამ, თავზე ჩაჩქანს დავიდგამ, ხელში შუბს მოვიმარჯვებ და გაშმაგებით ჩავებმები ბრძოლაში, რამეთუ არა მნებავს ჩემთა მტერთაგან ჩვენმა ღვთისმშობლის წილხვდომილმა ქვეყანამ და ჩვენთვის მისგან ბოძებულმა სამეფოებმა ტყვევნა განიცადონ; ციური დედოფალი მოგვანიჭებს სიმამაცესა და შემწეობას ჩვენი სამკვიდროსათვისო.

 

 შემდგომ ამისა შარბენის მონასტერს წასულა „ქვეითად, ფეხშიშველი, წვეტიანი ქვებით დაფარული უხეში გზით“ და ღვთისმშობლისადმი ლოცვა აღუვლენია. მერე აბჯარი აუსხამს დედოფალს და მტრების წინააღმდეგ გასძღოლია ლაშქარს. მახვილშემართული გაქანებულა სპარსთა ჯარისკენ და მათი მკვეხარა მეფისთვის თავი წაუგდებინებია, შუბზე წამოუგია და თავრიზში ჩაუტანია. მრავალი ქალაქი დანებებულა ივერიის დედოფალს, რომელიც ძვირფასი ნადავლით დატვირთული დაბრუნებულა სამშობლოში.

 

ივერიაში დაბრუნებულს მთელი ნადავლი — ლალით შემკობილი თასი, ძვირფასი ქვები, მძივ-სამკაული და ოქრო თუ  სპარსთაგან წამოღებული მთელი სამეფო მონაგარი ღვთის სახლებისთვის დაურიგებია. და კვლავ გაუგრძელებია მორჭმით მეფობა 38 წელსა და 6 თვეს. სიკვდილის შემდეგ კი შაბრენის მონასტერში დაუკრძალავთ დედოფალი.

 

ასეთი გახლავთ ივერიის დედოფალ დინარას ისტორია რუსული წყაროების მიხედვით. ახლა ვნახოთ, ქართულ ანალებში რა ცნობები მოიპოვება მის შესახებ.

 

 

წმინდა დედოფალი დინარა - ქართული ხატი

 

„ქართლის ცხოვრებაში“ ის მოხსენიებულია X საუკუნის მმართველის, ადარნასე III-ის ქალიშვილად, ერისთავთ-ერისთავ გურგენის ღვიძლ დად და ჰერეთის დედოფლად. წყაროში საუბარია მის დიდ დამსახურებაზე მართლმადიდებლობის წინაშე, ვინაიდან დედოფალს თავის შვილთან, იშხანიკთან ერთად ჰერეთის მოსახლეობისთვის მართლმადიდებლური სარწმუნოება აღუდგენია.

 

ამადაც, ქართულ ეკლესიას წმინდანად ჰყავს შერაცხული დედოფალი დინარა და მისი ხსენების დღედ 13 ივლისი აქვს დადგენილი.

 

ისტორიკოსთა შორის დინარას შესახებ ერთიანი მოსაზრება არ არსებობს. ერთ ნაწილს, მათ შორის, წმინდა კათალიკოს-პატრიარქ კირიონ II-ს, მიაჩნია, რომ ჰერეთის დედოფალი დინარა და რუსულ ქრონოგრაფიაში მოხსენიებული ივერიის დედოფალი ერთი და იგივე პიროვნებაა.

 

საქმე ისაა, რომ ჰერეთის ივერიად მოხსენიება გასაკვირი არ არის. ვინაიდან მაშინდელი ალბანეთის უდიდესი ნაწილი ქართველური ტომებით იყო დასახლებული, ამიტომაც ძველი წყაროები მასაც ივერიას უწოდებდნენ. სლავურ-რუსული ტომები, იმ დროის სომეხი ისტორიკოსის, მოსე კალანკატუელის თანახმად, ხშირად შემოდიოდნენ სამხრეთის მხარეებსა და ამიერკავკასიაში კასპიის, ანუ დარუბანდის კარით — ხან სავაჭროდ და ხანაც სალაშქროდ. და როგორც ჩანს, ჰერთა, ანუ ივერიელთა დედოფალ დინარას შესახებ ცნობებიც მათ გაიტანეს რუსეთში. რაც შეეხება მამის სახელ ალექსანდრეს, ის ადარნასეს დამახინჯებულ ვერსიად მიიჩნევა და ესეც სრულიად შესაძლებელია.

 

განსხვავებული აზრის გახლდათ აკადემიკოსი მარი ბროსე, რომლის ვარაუდითაც, დინარა იგივე თამარ მეფეა, თუმცა, როგორც საქართველოს ისტორიის შესანიშნავად მცოდნეს, კარგად მოეხსენებოდა, რომ „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, დინარა ჰერეთის დედოფალი გახლდათ და თამარ მეფემდე სამი საუკუნით ადრე ცხოვრობდა. აკადემიკოსი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტებზე, რომ:

 

ალექსანდრეს შემდეგ დინარას გამეფების ისტორია ძირითადად ემთხვევა გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ თამარის ასვლას ტახტზე;

ბასიანის ომის წინ თამარმაც სიტყვით მიმართა ლაშქარს და მანაც ბიბლიური პასაჟი შეახსენა მეომრებს დებორასა და გედეონის შესახებ მცირეთი დიდთა ძლევის თაობაზე;

გადამწყვეტი ომის წინ ორივე დედოფალი ფეხშიშველი ეწვია ღვთისმშობლის მონასტერს სალოცავად;

აშკარაა მსგავსება ადრამეხელისა და რუქნადინის მიერ შემოთვლილ შეურაცხმყოფელ მუქარებს შორის;

იდენტურია დინარასა და თამარის პასუხები შეურაცხმყოფელთა მიმართ;

მსგავსია დინარას მიერ თავრიზის აღებისა და თამარის ჯარის ხორასანზე ლაშქრობისა და თავრიზის აღების ისტორია;

თითქმის მსგავსია ორი დედოფლის მმართველობის ხანგრძლივობა: დინარა — 38 წელიწადი და 6 თვე, თამარი - 37 წელიწადი.

 

ისტორიკოსთა შორის კამათი დედოფალ დინარას პერსონაზე ჯერაც არ დასრულებულა. თუმცა მთავარი ის კი არაა, იყო თუ არა დინარა იგივე თამარი, არამედ ის, რომ საქართველოს სინამდვილეში რეალურად არსებობდა გმირი ქალი. და თუ ეს მაინც ერთი და იგივე პერსონაა, იმედია, ამით სტატიის მკითხველის ინტერესი არ განელდება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი