logo_geo
გელა ზედელაშვილი: ღია წერილი ამხანაგ ლავრენტი ბერიას მამუკა ბახტაძის საქმეზედ
- +

21 ივნისი. 2018. 22:30

 

ამხანაგო ლავრენტი პავლეს ძევ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ქართველმა ე.წ. ჟურნალისტებმა სერიოზული ტონით ჰკითხეს: გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ 1990-იან წლებში „დიდუბის საძმოს“ წევრი იყავით, რომელიც ბევრ დანაშაულს სჩადიოდაო. მამუკა ბახტაძე 35 წლისაა, 1990 წელს 7-8 წლისა იქნებოდა.

 

ამაზე ჯერ შევწუხდი, მერე შემეშინდა... იცით, ამ ქვეყანაში გამეფებულმა უვიცობამ შემაშინა!

 

ერთი ხანობა ვიფიქრე, შეიძლება ჩვენს უკიდეგანოდ „გადანათლებულ“ ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძე ნიკა რურუაში აერიათ-მეთქი, მაგრამ მერე ეს ფიქრი განვაგდე - არ არსებობს, მათ შორის არანაირი მსგავსება არ იკვეთება, არც წარსულში, არც აწმყოში, არც მომავალში, უბრალოდ უვიცობასთან გვაქვს საქმე, მორჩა და გათავდა!

 

ვინმე თუ უვიცია, შენ რამ შეგაშინაო? - იკითხავთ ალბათ. ჯერ ერთი, იმან შემაშინა, რომ გინდა, არ გინდა, სამომავლოდ ქვეყანა ასეთი გამოშტერებული ხალხის ხელში ჩავარდება და მეორეც - ბახტაძეს პირდაპირ მიახალეს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თქვენ ბერიას შთამომავალი ბრძანდებითო. აეგრე უზრდელურად მიახალეს, არც ამხანაგ ლავრენტი ბერიასიო, არც ლავრენტი პავლეს ძისაო, უბრალოდ ბერიასიო. ნუ, ეხლა რა გითხრათ, შეიძლება უზრდელობაც არაფერ შუაშია, დღევანდელმა ჟურნალისტებმა თქვენი ვინაობა არ იციან, მხოლოდ გვარს მოჰკრეს ყური და ეგ არი, გაქანდნენ პრემიერობის კანდიდატთან პარლამენტში, სადაც მთავრობის დამტკიცების პროცესი მიდიოდა.

 

ამხანაგო ლავრენტი პავლეს ძევ, მე მაინც გადავამოწმე, არის თუ არა რაიმე კავშირი თქვენსა და ბახტაძეებს შორის, ბევრი დოკუმენტი შევისწავლე, მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე. თუმცა ერთი ფაქტი მაინც რჩება საეჭვოდ: როგორც ავი ენები ამბობენ, თქვენი ბიოლოგიური მამა იყო არა ბერია, არამედ ვინმე კვარაცხელია. ჰოდა, აი, შესაძლებელია, იმ კვარაცხელიას ცოლი, ანუ თქვენი ნამდვილი დედა ყოფილიყო ბახტაძე, სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძის დიდი ბებია. ეს მხოლოდ ვარაუდია, ამაზე ხმამაღლა ვერსად ვილაპარაკებ... თუმცა მე რა, ყოვლად „გადანათლებული" ჟურნალისტები მაინც ილაპარაკებენ. იცით, ბოლო დროს ჩვენში როგორი წესი დამკვიდრდა? ვიღაცა სოციალურ ქსელებში დაწერს ძალიან დიდ სისულელეს და ეს ჩვენი მოჟურნალისტო ელემენტები, რომლებსაც ძალიან დიდი პრეტენზიები აქვთ ამ ცხოვრებასთან, აიტაცებენ და არჩევენ ერთი კვირის განმავლობაში, ხან ორი კვირის განმავლობაში, ხან ერთი თვის განმავლობაში. დიახ, არჩევენ, მსჯელობენ, აზრებს გამოთქვამენ და ეს ჭაობში ჩათრეული საზოგადოებაც მოთმინებით უყურებს ამ ყველაფერს.

 

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ცუდადაა ჩვენი განათლების საქმე... ამას წინებზე ახალგაზრდულ წრეში მოვხვდი, რატომღაც განათლებაზე წამოიწყეს საუბარი... პრინციპში, განათლებაზე კი არა, უმაღლეს სასწავლებელში გამოცდების ჩაბარებაზე. ამ საუბარში აღმოვაჩინე, რომ ქვეყნის მომავალ აღმშენებლებს არც თქვენს შესახებ სმენიათ რამე და არც იოსებ ბესარიონოვიჩის შესახებ. მე მათ შენიშვნა მივეცი, როგორ, თქვენი ქვეყნის უახლოესი ისტორია არ უნდა იცოდეთ-მეთქი? აქეთ შემომიტიეს, რა სტალინი, რომელი ბერია, რა აუცილებელია, ეგეთი რაღაცები ვიცოდეთ, როცა ჩვენ ჩვენს საქმეში უნდა ვიყოთ პროფესიონალებიო? არ ვიცი, შეიძლება ვცდები, მაგრამ ადამიანმა, რომელმაც არ იცის, მეორე მსოფლიო ომი როდის დაიწყო და როდის დამთავრდა, იმისი პროფესიონალიზმისა ნაკლებად მჯერა!

 

ისე, რაღა დაგიმალოთ, ლავრენტი პავლოვიჩ და... თქვენ იოსებ ბესარიონოვიჩთან ერთად ისეთები ჩაატარეთ, ბევრს დღესაც კი ეშინია, რომ ერთხელაც  გაცოცხლდებით და იგივეს გაიმეორებთ. არა, თქვენსა და „ნაციონალების" გაცოცხლებამდე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას არაფერი ეტკინოს, ეგ როგორ მოხდება, მაგრამ ხომ შეიძლება, თქვენნაირები სხვებიც აღმოჩნდნენ? კი, კი, ჩვენ სამწუხაროდ თქვენი სულიერი შთამომავლები მართლა ვნახეთ მიხა სააკაშვილის მეთაურობით და იმედია, ეს იყო ბოლშევიზმის კუდის ბოლო მოქნევა!

 

გელა ზედელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი