logo_geo
ქეთი ხოსიტაშვილი: Wizz Air-ის მთელი ეს ტრაგი-კომედია არც გაუგია... ნამდვილად იღბლიანი აღმოჩნდა...
- +

29 ივნისი. 2018. 03:03

 

 

ფრენა იგვიანებდა.

 

ბორტგამცილებელი ქართველი ბიჭი აქტიურად ცდილობდა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო თამაშის შედეგები ხომალდზე ახალფეხშედგმული პირველივე მგზავრებისგან გაეგო. მეც კი მკითხა, შემთხვევით ხომ არ ვუყურე მატჩს და მალევე მიხვდა, რომ „სხვაგან მოხვდა“... გამცილდა.

 

ბორტზე კონდიციონერი არ იყო ჩართული და კინაღამ გავიგუდეთ. ჯერ მორჩილად ვინიავებდით სხეულს ავიაკომპანიის ლამინირებული „გადარჩენის“ ინსტრუქციით - ვერ გადაგვარჩინა უჰაერობისგან და სიცხისგან მაინც. მოგვიანებით, ხმამაღალი შეძახილებიც დავიწყეთ, ეკიპაჟის წევრებს ვსაყვედურობდით.

 

მინიმუმ 10 წუთი არავინ შეგვიმჩნია და როცა, უკვე მგზავრებმა უსაფრთხოების ღვედებიც შეიხსნეს და ფეხზე წამოიშალნენ, ტემპერატურასთან ერთად ტონსაც აუწიეს, ბორტზე ეკიპაჟის რომელიღაც წევრის ხავერდოვანი „დამამშვიდებელი“ ხმა გაისმა:

 

„ძვირფასო მგზავრებო, თვითმფრინავს აქვს ტექნიკური პრობლემა და გპირდებით, აფრენისთანავე ჩაირთვება ძრავი და კონდიციონერი ამუშავდება... ფრენა განხორციელდება რამდენიმე წუთში (მინიმუმ 10 წუთი ველოდით მას მერე), ბარგის მიწოდების მხრივაც შეგვექმნა გარკვეული პრობლემა და ვცდილობთ მოგვარებას... ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის“.

 

ანუ, ბორტზე მყოფებმა ერთდროულად 2 პრობლემის შესახებ გვამცნეს!

 

მგზავრების აჟიოტაჟს დაერთო ვიღაც „ნაკოლკიანი“ უწესო (უზომოდ კორექტული ვარ) კაცის გაუთავებელი სატელეფონო, ქუჩური „რაზბორკა“, რომელიც მაშინაც კი არ დასრულდა, როდესაც ჩვენი ხომალდი უკვე ფაქტიურად ცაში იყო - ამ მოძველბიჭო ელემენტს მხოლოდ მგზავრები მივუთითებდით ფრენის დროს ტელეფონი გაეთიშა...

 

ავფრინდით სადღაც 20 წუთის დაგვიანებით და „გაშინაურებული“ ეკიპაჟის წევრები ჯერ იყო ლამის ყავაზე ჩამოუსხდნენ მგზავრებს, მერე მათმა ნაწილმაც გადაწყვიტა, ქართული მოუსვენარი ხასიათის თავისებურებები მთელი თავისი „ბრწყინვალებით“ წარმოეჩინა - უსაფრთხოების ღვედები შეიხსნეს და აქეთ-იქით ბოდიალი დაიწყეს...

 

„ძვირფასო ეკიპაჟის წევრებო, ავისკომპანიის კვების (ფასიანი) რაციონში დღეს არ გვაქვს სენდვიჩები, გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ“...

 

ბორტგამცილებლის ამ კიდევ ერთ ინფორმაციასაც გაგებით მოვეკიდეთ, მაგრამ „საკონტროლო გასროლა“ ტომატის წვენი იყო, „კვების“ ჩამოტარებისას ბორტგამცილებელმა ქართველმა გოგონამ ჩემს მეგობარს რომ გადაასხა... მართალია, შეწუხდა და მოსასხამი თვითმფრინავის საპირფარეშოში თავად გამოურეცხა, ბლუზის გამორეცხვაზე კი მოუბოდიშა, ბევრი საქმე მაქვს და ეგებ თავად მიხედოთო...

 

ასე არასდროს მიმგზავრია, თავი თვითმფრინავის ბორტზე კი არა, 90-იანი წლების ბორჯომის ვაგზალზე მეგონა... მგონი მაინც ჩემი მეგობრის მხურვალე ლოცვამ გადაგვარჩინა და როდესაც ხომალდი ქუთაისის აეროპორტში დაჯდა, მგზავრებმა მქუხარე ტაშით მაინც გაამხნევეს კაპიტანი (მე პირადად, ცხოვრებაში პირველად გამიხარდა ციდან მიწაზე დაბრუნება).

 

წამოიშალნენ ეგრევე მგზავრები, არ აცადეს თვითმფრინავს გაჩერება და ისევ ჩვენმა „შინაურმა“ ბორტგამცილებლებმა „ივაჟკაცეს“:

 

„ძვირფასო მგზავრებო, გთხოვთ დაიკავოთ ადგილები, აცალეთ ხომალდს დაფრენა, რა დროს ჩასვლაა, ჯერ კიდევ სამტრედიაში ვართ...“

 

„უყურე შენ, კაი ბიჭი ჩანს ეს სტიურვარდესი, კარგად ხუმრობს, ფეხბურთიც ნაყვარება“, - შეაქო ვიღაც ნასიამოვნებმა მგზავრმა (11 წელია ბარსელონაში ვცხოვრობო, 4 საათნახევარი რა მექნა, გავიცანი).

 

ალბათ, ეს ამბავი აღარასოდეს დამამახსოვრდებოდა, რომ არა მეორე დღის ცნობა Wizz Air-ის რეისის ერთი კვირით გაუქმების თაობაზე... ჩვენ კი გადავრჩით, მაგრამ იმათ რა თქვან, ბარსელონადან მოშორებით რომელიღაც ქალაქში, სადღაც რომ გამოამწყვდიეს ანტისანიტარიაში და შველას ითხოვენ?!

(იმედია, საგარეო უწყება მაინც მიაქცევს ყურადღებას).

 

რაც ზუსტად ვიცი, მე პირადად აღარასოდეს ვიფრენ ამ ავიაკომპანიით!

 

P.S. სხვათა შორის, ბორტზე მთელი ამ ფრენის განმავლობაში, ჩემს წინ სკამზე დინჯად, ბარიტონის ხმაზე ხვრინავდა ერთი ცნობილი სპორტსმენი (გვარს და სახელს არ დავასახელებ), ჯერ კიდევ ხომალდის აფრენამდე დაიძინა და Wizz Air-ის მთელი ეს ტრაგიკომედია არც გაუგია... რიაზანოვის ცნობილ ფილმ „გარაჟის“ „საბედისწერო“ პერსონაჟს ჰგავდა, სულ რომ ეძინა... მხოლოდ ქართულ სინამდვილეში, ჩვენგან განსხვავებით, ის ნამდვილად იღბლიანი აღმოჩნდა...

 

მოკლედ, კიდევ რისი თქმა მინდა:

მორჩა, სამშობლოში დავბრუნდი!

ადიოს ბარსელონა!

 

ქეთი ხოსიტაშვილი

 

 

big_banner
არქივი