logo_geo
რა ეროვნების იყვნენ ვარდან მამიკონიანი და მისი ასული წმინდა შუშანიკი
- +

2 ივლისი. 2018. 11:43

 

 

ერევანში ერთ-ერთი სტუმრობისას, იქ ახალციხიდან გადაბარგებულმა ჩემმა სომეხმა მეგობარმა (განათლებით ისტორიკოსმა) ვაჩაგან მანუკიანმა მითხრა, ჩვენი გვარი დიდი მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანისგან მოდისო. აქ არ მოგაწყენთ თავს ჩვენი საუბრის შემდგომი განვითარებით, უბრალოდ, თქვენთან ერთად ჩავიხედავ ისტორიაში, დავესესხები ცნობილ მეცნიერებს (მათ შორის სომხებსაც) და გიამბობთ გვარის რეალურ ისტორიას.

 


ვარდან მამიკონიანი

 

 

დავიწყოთ იმით, რომ ვარდან მამიკონიანი გახლდათ მამა წმინდა შუშანიკისა, რომლის მარტვილობაც იაკობ ხუცესის (ცურტაველი) მიერ აღწერილი, პირველი ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლია. შესაბამისად, გავარკვევთ თავად შუშანიკის წარმომავლობასაც.

 

მამიკონიანებს სომხური ანალები ადგილობრივ მთავრებად არ განიხილავენ და მოსულებად მიიჩნევენ — კერძოდ, „ჭანისტანიდან“. ზოგი მეცნიერის ვარაუდით, ჭანისტანი იგივე ჩინეთია, რაც, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ ჟღერს, როცა იმ დროის სომხეთს ქართული ჭანეთი ესაზღვრებოდა.

 

ცნობილმა სომეხმა მეცნიერმა, პროფესორმა ნ. ადონცმა დაამტკიცა, რომ „ჭანთა“ ქვეყანა არის მამიკონიანთა საგვარეულო მხარის — ტაოს მეზობლად მდებარე ჭანეთი და არა შორეული ჩინეთი.

 

 ძველი, მეხუთე საუკუნის, ასევე სომეხი ისტორიკოსის, ფაუსტოს ბიზანდუცის ცნობით, მამიკონიანებს რაღაც შინაური კონფლიქტის გამო დაუტოვებიათ მშობლიური ჭანეთი და ტაოს იმ ნაწილში გადასულან, რომელიც იმ დროს პოლიტიკურად სომხეთთან იყო დაკავშირებული.

იმავე ისტორიკოსის გადმოცემით, მანუელ მამიკონიანი სომეხთა მეფე ვარაზდატს (374-77წწ) ასე მიმართავს:

 

„ჩვენ არასდროს ვყოფილვართ თქვენი მსახურნი, არამედ ვიყავით თქვენი თანასწორნი, თქვენზე უფრო გამოჩინებულნი, რადგან ჩვენნი წინაპარნი იყვნენ მეფენი ჭანთა ქვეყანაში. მაგრამ ძმათა შორის მოხდა დიდი სისხლისღვრა, ჩვენ დავტოვეთ სამშობლო და მოვედით აქ...“

 

ჭანეთი ისტორიული მესხეთის ნაწილია და ახლა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. იქიდან წასული მამიკონიანელები ვრცელ ტერიტორიას ფლობდნენ ტაოსა და ტარონში. თავად გვარის ეტიმოლოგიაც გვეუბნება, რომ ფუძე „მამიკ“ სხვა არაფერია, თუ არა ქართული მამა, ოჯახის, გვარის უფროსი. რაც შეეხება დაბოლოებას „იანი“, უამრავი ქართულ-ლაზურ-ჭანური გვარი სწორედ ასე ბოლოვდება.

 

სომეხთა სამეფოს მხედართმთავრობა მამიკონიანებს მემკვიდრეობით ეკავათ IV საუკუნიდან მოყოლებული. ბუნებრივია, ქართველი იქნებოდა მისი ქალიშვილიც, რომლის ნამდვილი სახელია ვარდან, „შუშანიკ“ შროშანს ნიშნავს და ასე მოფერებით ეძახდნენ.

 

იაკობ ცურტაველიც გვამცნობს, რომ:

შუშანიკი იყო სომეხთა და არა სომეხი (!) სპასპეტის ქალიშვილი.

 

ასევე ქართველი გახლდათ ამ ნაწარმოების კიდევ ერთი გმირი - ვარსქენ პიტიახში, რომელიც ქართლის, იგივე გუგარეთის ერისმთავარ არშუშას ძე იყო, და რომელსაც მემატიანეები ახასიათებენ როგორც „კაცი ჭკვიანი, ეკლესიისა და ყოველივე ქართულის მოამაგე“.

 

სწორედ ეს არშუშა და ვარდან მამიკონიანები მიიწვია სპარსთა მეფე იეზდიგერ II-მ და მაზდეანობის მიღება უბრძანა. ურთიერთმოლაპარკების შემდეგ, მათ ფორმალურად უარყვეს ქრისტიანობა და ზოროასტრიზმი მიიღეს, რათა თავიანთი ქვეყნები აოხრებისაგან ეხსნათ. ამის შემდეგ შაჰმა არშუშა ერთხანს მძევლად დაიტოვა, ხოლო დანარჩენები უკან დააბრუნა და თან მოგვები გააყოლა.

 

 

 

სპარსეთიდან დაბრუნებულმა ვარდანმა ვერ აიტანა მოგვთა სომხეთში პარპაში და სათავეში ჩაუდგა ირანის წინააღმდეგ დიდ აჯანყებას, რომელსაც სახალხო ხასიათი ჰქონდა (450-451). 451 წლის 21 მაისს ავარაირის ველზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელშიც აჯანყებულები დამარცხდნენ, ხოლო ვარდან მამიკონიანი მოკლეს.

 

მამის დარად სარწმუნოებისთვის ეწამა შუშანიკიც, რომელიც პირველად ქართულმა ეკლესიამ შერაცხა წმინდანად. გადმოცემის თანახმად, წმინდა მარტვილი შუშანიკი მეტეხის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი