logo_geo
კილიან მბაპე – მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი ვარსკვლავი იბადება
- +

1 ივლისი. 2018. 14:49

 

 

რუსეთში მიმდინარე ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი „ეკვატორს გაუსწორდა“ და უკვე შეიძლება ზოგიერთი დასკვნის გაკეთება.

 

დავიწყებ იმით, რომ, ჩემი აზრით, ეს პირველობა ბოლო პერიოდში ჩატარებულთაგან ჯერჯერობით ყველაზე საინტერესოა. დაძაბულობა არ აკლია ისეთ შეხვედრებსაც კი, რომელთა შედეგის გამოცნობაც თითქოს, დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა. ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ იყო მოულოდნელობები: მოქმედი ჩემპიონების კრახი, არგენტინული კატასტროფის დასაწყისი, ირანის ნაკრების ბოლომდე ვერმიყვანილი სასწაული, როცა კინაღამ ჯგუფში ჩატოვეს ევროპის მოქმედი ჩემპიონი და სხვა წვრილ-წვრილი ფაქტორები, რომლებმაც ჯგუფური ეტაპის მატჩებს თავისებური ლაზათი შემატეს.

 

 აქამდე არაფერი მითქვამს ჩემპიონატის მთავარ სიახლეზე -ვიდეოგამეორებაზე.

 

 

მოვისმინე ასეთი მოსაზრება: ფეხბურთს ადამიანები თამაშობენ და ეს ადამიანური შეცდომები აძლევენ ხიბლსო...

 

ვერ გავიზიარებ! საერთოდ, რა ხიბლზეა საუბარი? მსაჯი რომ 100%-იან გოლს არ ჩათვლის, ვერ დავიჯერებ, რომ ეს ფეხბურთს ალამაზებდეს. ამ ჩემპიონატზე დანერგილი სიახლის სიკარგე მოგვიანებით უფრო ნათლად გამოჩნდება, ახლა კი, ბევრი შეცდომის გამოსწორება მოხერხდა და ეს მისასალმებელია. უკვე დღეის მდგომარეობით, უფრო მეტი პენალტია დანიშნული, ვიდრე მთელ წინა ჩემპიონატზე.

 

განსაკუთრებით მივესალმები საჯარიმო მოედანში კუთხურებისას წარმოქმნილი ჯაჯგურის წინააღმდეგ ბრძოლას. საწყის მატჩებში დანიშნულმა რამდენიმე პენალტმა ერთგვარი პრევენციის როლი შეასრულა და მერვედფინალებში ჭიდაობის ელემენტები ნაკლებად შეიმჩნეოდა.

 

 ახლა უშუალოდ მატჩებზე ვისაუბროთ.

 

რუსეთის ნაკრებს ცუდი სამსახური გაუწია პირველ ორ შეხვედრაში გატანილმა 8 გოლმა. ურუგვაისთან „გახსნილი“ ფეხბურთის სათამაშოდ ისინი მზად არ აღმოჩნდნენ და სამი უპასუხო გოლიც მიიღეს. ევროპულ დონეზე მხოლოდ ერთი გოლოვინი თამაშობს და მისი არყოფნა გუნდს ძალიან დაეტყო, ესპანეთთან მერვედფინალის წინ ეს ცივი შხაპი იქნებ სასარგებლოც გამოდგეს, თუმცა ჩერჩესოვის შეგირდებს პირინეელებთან მოსაგებად რამდენიმე (თუ 11 არა) გოლოვინი დასჭირდებათ.

 

 

B ჯგუფში სენსაციამდე ცოტა დააკლდათ ირანსა და მაროკოს. თუ აფრიკელებისთვის ამ შეხვედრის მოგება არაფერს ცვლიდა, აზიელები მოგების შემთხვევაში პორტუგალიას ჯგუფში ჩატოვებდნენ, და ასეც მოხდებოდა, მათ ფეხბურთელს ბოლო წუთზე ხელსაყრელი მომენტი რომ არ გაენიავებია და შეხვედრის მსვლელობისას მსაჯს ცოტა მეტი პრინციპულობა გამოეჩინა.

 

D ჯგუფი. ხორვატებმა სპორტულ პრინციპებს არ უღალატეს, ისლანდიასთან იბრძოლეს და ბოლო წუთებზე გამარჯვების გოლიც გაიტანეს. ამით არგენტინის ნაკრებს შანსი დაუტოვეს, რომელსაც ნიგერიის კარგი გუნდისთვის აუცილებლად უნდა მოეგო.

 

ადრეც ვწერდი და გავიმეორებ, რომ სამხრეთამერიკელების მთავარი პრობლემა არა ფეხბურთელები, არამედ მწვრთნელი ხორხე სამპაიოა, რომელიც თამაშისას წინ და უკან უაზროდ დარბის, ვერაფრით შეარჩია ოპტიმალური შემადგენლობა და აქედან გამომდინარე, ვერც ტაქტიკური სქემა.

 

მესის რაც შეეხება, ლიდერობას მართალია ვერ ახერხებს, მაგრამ გენიალური გოლი კი გაიტანა. მოვლენებს გავასწრებ და აქვე ვიტყვი, რომ საფრანგეთთან მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში არგენტინამ თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ფრანგებთან მოსაგებად ეს საკმარისი არ გამოდგა, თუნდაც იმიტომ, რომ ფრანგთა საბედნიეროდ, მათი  მწვრთნელი დიდიე დეშამია და არა ხელებმოხატული სამპაიო. ისევ მესიზე - ბევრმა გააკრიტიკა, ფრანგებთან ბევრი არაფერი გაუკეთებიაო, ამის მთქმელებს, ეტყობა, საბრალო ლეო ღმერთი ჰგონიათ, ის კი მხოლოდ ფეხბურთელია, თან ძალიან კარგი და ორი ულამაზესი საგოლე პასიც მიითვალა. ამ შეხვედრაში ორი გოლის გამტანი კილიან მბაპე კი ჯერჯერობით ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელობის უპირველესი კანდიდატია.

 

 

 

E ჯგუფში დიდებული შეხვედრა ჩაატარა ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა ბრაზილიის ნაკრებმა და იოლად დაამარცხა სერბების უფანტაზიო ნაკრები. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ გუნდს  უდიდესი პოტენციალი და ალბათ ყველაზე „გრძელი სკამი“ აქვს.

 

ნეიმარი, მართალია, ბევრ ბურთს კარგავს, მაგრამ მისი ტექნიკა შეუდარებელია და ასე ლამაზად აქ არავინ თამაშობს. რაც შეეხება გუნდის ლიდერობას, ეს უდავოდ ბრაზილიელთაგან საუკეთესო კოუტინიო გახლავთ, რომლის პასებიც აღტაცების ღირსია.

 

 

 

ჯგუფური ეტაპის სხვა შეხვედრები „დაგეგმილი“ სცენარით წარიმართა, ინგლისელებმა პირველობა ბელგიელებს დაუთმეს, სამაგიეროდ აიცილეს ადრეულ ეტაპზე ბრაზილია-საფრანგეთთან „დაჯახება“. კოლუმბიელებმა კი უპირობო ლიდერის, ხამეს როდრიგესის არყოფნაშიც დაამტკიცეს, რომ მებრძოლი, კარგი გუნდია და იოლად არავის, არაფერს დაუთმობენ.

 

 

ბოლოსთვის მოვიტოვე პორტუგალია-ურუგვაის მერვედფინალური შეხვედრა, რომელსაც დაძაბულობით ჯერ ვერცერთი აქამდე გამართული თამაში ვერ შეედრება.

 

ქებათა ქება ურუგვაელთა ბრძენ დამრიგებელ ოსკარ ტაბარესს. უკვე რამდენი წელია, ამ მძიმედ ავადმყოფი კაცის გაწვრთნილი სამხრეთელები საოცრად ორგანიზებულ, წვრილმანებში გათვლილ ფეხბურთს თამაშობენ. სწორედ ამას ჰქვია „გუნდის აშენება“, დაცვაში კლდესავით გოდინ-ხიმენესის წყვილი და თავდასხმაში შეუდარებელი სუარეს-კავანის დუეტი.

ყველაზე მთავარი კი 11-ვე ფეხბურთელის საოცრად მოტივირებული, ერთ მუშტად შეკრული თამაშია, რაც უდავოდ ტაბარესის დიდი დამსახურებაა.

 

რაც შეეხება პორტუგალიას, მათი პრაგმატული, უფანტაზიო ფეხბურთი სამხრეთელების დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ რონალდუ სათამაშო სიტუაციებიდან საიმედოდ იყო გარიყული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი