logo_geo
„თახსირი!“
- +

5 ივლისი. 2018. 23:05

 

 

რა ქვეყანა ეს, სადაც მამაკაცები ზნემოშლილი დედაკაცებივით ჭორაობენ, ხოლო დედაკაცები მამაკაცებივით იგინებიან და საქმეებს არჩევენ?

 

რა ქვეყანაა ეს, სადაც კაცი, ქართული გვარ-სახელით — კოტე იოსელიანი, სახალხოდ და საჯაროდ, ტელევიზიით, ბინძურ, ამაზრზენ ჭორს ავრცელებს და იმის არ ეშინია, რომ, როცა ტელევიზიის შენობიდან გამოვა, რომელიმე სხვა კოტე იოსელიანი ან რომელიმე სხვა გიორგი ან ზვიადი, როგორც არაკაცს, პასუხს მოსთხოვს.

 

რა ქვეყანაა ეს, სადაც კაცებს იმის არ ერიდებათ, რომ არაკაცს დაუძახებენ, ხოლო დედაკაცები მათი მდიდარი სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრების სახალხოდ ჩვენების შემდეგაც ურცხვად და უტიფრად ჩნდებიან ეკრანებზე და ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობენ.

 

რა ქვეყანაა ეს, სადაც ადამიანებმა სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და სირცხვილთან ერთად დაკარგეს ღირსებაც, რომლის გარეშეც ადამიანს ადამიანი არ ეთქმის.

 

რა ქვეყანაა ეს, სადაც ვიღაც პროვოკატორს შეუძლია მიტინგზე გამოვიდეს, ადამიანებს ცოლ-შვილი შეუგინოს, მერე ეს თავისი „შემოქმედება“ სოციალური ქსელით გაავრცელოს, ხოლო როცა ამ უმსგავსობის გამო პასუხს მოსთხოვენ, პასუხის მომთხოვნები ციხეში ჩაყარონ, პროვოკატორი კი დაუსჯელი დარჩეს - მას თურმე გამოხატვის თავისუფლების „წმინდათაწმინდა“ „კანონი“ იცავს?

 

რა ქვეყანაა ეს, სადაც საკმარისია, პოლიტიკოსის სახელი დაირქვა და ამის შემდეგ ყველაფრის უფლება გეძლევა — ცილისწამების, შანტაჟის, პროვოკაციის, სიცრუის ტირაჟირების. თითქოს პოლიტიკოსობა გათახსირებულობის ლოცენზიას იძლეოდეს.

 

რა ქვეყანაა ეს, სადაც დაუსჯელობის სინდრომიოთ გალაღებული მკვლელები, ყაჩაღები, ბანდიტები, უკან, ხელისუფლებაში აპირებენ მობრუნებას, ხოლო მათი ხელისბიჭი კოტიკო იოსელიანი კატეგორიულად მოითხოვს, `ნაცმოძრაობისთვის~ სისხლიანი რეჟიმის დაძახება არავინ გაბედოსო.

 

რა ქვეყანაა ეს, სადაც შეიძლება ასეთი ამბები ხდებოდეს?

 

„როცა ეთერს იყენებ ჭორების ტირაჟირებისთვის (რისი გამეორების არავითარი სურვილი არ მაქვს) და როდესაც ყველანაირ მორალურ ადამიანურ წითელ ხაზს გადახვალ: მინიმუმ, ბოდიში უნდა მოიხადო ჩემთან და მთელ ტელევიზიასთან მიმართებაში! პოლიტიკოსი შვილებზე ბინძური ჭორების გავრცელების გზებს მედიის გამოყენებით არ უნდა ცდილობდეს! ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება! ეს არის ადამიანური მორალისა და უფლებების ყველანაირი დარღვევა!!! ეს არის სიბინძურე, გამოთქმული, რა ფორმასაც კატეგორიულად ვემიჯნები, პირდაპირ ეთერში და მოვითხოვ კოტე იოსელიანმა ბოდიში მოიხადოს „ფაბრიკის“ ეთერში გამოთქმული ბინძური ჭორების გამო“.

 

ეს „მრისხანე“ წერილი ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გათახსირებული იოსელიანის უზნეო გამოხტომას უამრავი მოქალაქის აღშფოთება მოჰყვა.

 

– ჩვენ ხომ ენმ-ის ოფისიდან ტუალეტის ქაღალდის მოპარვას გვაბრალებდა, მაშინ მივხვდი, რა ყველაფრის მკადრებელი ნაძირალა იყოო, — დააკომენტარა ოთო კახიძემ.

 

ამ საყოველთაო აღშფოთების ფონზე დაწერა გასვიანმა ზემოთხსენებული „მრისხანე“ წერილი, თორემ მანამდე მან და „ვანიამ“ („ხმამ“) მსუბუქი შენიშვნებით მიაცილეს ყიამყრალი სტუმარი კარამდე, გასვიანმა კი დამშვიდობებისას მაგრად ჩამოართვა ხელი კოტიკოს.

 

იოსელიანს დიდი ხანია, დაავიწყდა, რომ იოსელიანია, მაგრამ გასვიანსაც დაავიწყდა, რომ გასვიანია, თორემ ისე მოიქცეოდა, როგორც ასეთ დროს მისი გვარის ღირსეული კაცები მოიქცეოდნენ და სალახანა კოტიკოს ხელს კი არ ჩამოართმევდა, ჯერ ადგილზე მოახდევინებდა ბოდიშს, მერე კინწისკვრით მოისვრიდა სტუდიიდან.

 

ჩვენი მთავარი უბედურება ის ხომ არ არის, რომ ნელ-ნელა ყველას დაგვავიწყეს, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა ჯიშის და რა ჯილაგისანი ვართ, ხოლო ეს თუ დაგავიწყდება, მერე ყველაფერს იკადრებ, ყველაფერზე მოაწერ ხელს და არც არაფრის შეგრცხვება, რადგან მახსოვრობა და მახსოვრობასთან ერთად წარსულიც გაქვს დაკარგული, რომლის გარეშეც ვერც აწმყოს ააშენებ და ვერც მომავალს.

 

გასვიანის „დიპლომატიური“ სვლა იოსელიანის მხრიდან ბოდიშის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოქალაქეებმა, როგორც იტყვიან, არ ჭამეს და იქით შეუტიეს ტელეწამყვანს — იქ არ გყავდა, მაშინვე რატომ არ მოახდევინე ბოდიში ან შენ თვითონ რატომ არ მოუხადე ბოდიში მაყურებლებს, ამისთანა თახსირის მოთრევისთვისო.

გასვიანი პირველი არ არის, ვისაც „ნაციონალები“, მათი მოკავშირეები და სატელიტები თავიანთ გადაცემებში ექსპერტებად და მტყუან-მართლის გამრჩევებად მოჰყავთ და ქვეყნის დამაქცევრებს „კვალიფიციურ“ კომენტარებს და შეფასებებს სთხოვენ.

 

არ არსებობს ტელევიზია, არ არსებობს ტელეშოუ, არ არსებობს ტელეგადაცემა, სადაც ეს უზნეობა არ ხდება.

 

მართალია, ნაცების გაჯეჯილება კოაბიტაციას ბრალდება, თუმცა, სინამდვილეში, ნაცებს და სხვა მათნაირ კრიმინალებს სწორედ მედია, განსაკუთრებით, ელექტრონული მედია ასულდგმულებს და სიცოცხლეს უნარჩუნებს.

 

რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა წამყვანი ქართული ტელევიზია ერთი და იგივეა, ერთ თარგზე და ერთ ქარგაზეა მოჭრილი და, საბოლოო ჯამში, ერთსა და იმავე მიზანს და ამოცანას ემსახურება.

 

გულუბრყვილობა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ყოველივე ამის უკან ადგილობრივი ძალები დგანან და ისინი იძლევიან განკარგულებას, რომ ყველამ ერთ ხმაში იმღეროს და ყველამ ერთად, გაშლილი ფრონტით, ერთად გაილაშქრონ საქართველოს წინააღმდეგ.

 

ვფიქრობთ, საქმე გაცილებით რთულადაა და დირექტივები და ინსტრუქციები, სათანადო გრანტებით და დაფინანსებით, ქვეყნის საზღვრებს გარედან მოდის.

 

მოქალაქეები მოითხოვენ, კოტე იოსელიანმა კანონის წინაშე აგოს პასუხი.

 

კი, ბატონო, აგოს, მაგრამ გვაქვს კი ჩვენ ისეთი გამართული კანონი, რომ იოსელიანის მსგავს თახსირებს პასუხი აგებინოს?

 

არა, არ გვაქვს!

 

ჩვენ დღემდე სააკაშვილის მიერ ნაანდერძევი იმ კანონით ვხელმძღვანელობთ, რომელიც სიტყვით მკვლელებს, ცილისმწამებლებს, პროვოკატორებს, არაკაცებს და არაქალებს, ბინძური და საზარელი ჭორების გამავრცელებლებს იცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ აბსოლუტურად დაუცველია წესიერი და პატიოსანი მოქალაქე და, ამ მოქალაქესთან ერთად, დაუცველია ის სახელმწიფოც, სადაც ეს მოქალაქეები ცხოვრობენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი