logo_geo
თათარხან დადეშქელიანის გაჩუქებული უშბის მთა, ანუ რა ფასი აქვს ქალის ცრემლს საქართველოში
- +

13 ივლისი. 2018. 17:50

 

 

ფროილაინ ცენცი ფონ ფიკერს, რომელიც 1956 წელს 78 წლისა გარდაიცვალა, სიკვდილის დღემდე ახსოვდა, რა დიდებული ფასი დაადეს ქართველებმა მის ცრემლებს...

 

80-იანი წლების ბოლოსკენ მოსკოვში მომიწია ჩასვლა მივლინებით. „დიდი ბელადის“ სახელობის ბიბლიოთეკაში მიხდებოდა მუშაობა და სწორედ იქ გავიცანი ბათუმელი მწერალი, დრამატურგი ამირან შერვაშიძე.

 

ჩემი ახალი ნაცნობი დროის დიდ ნაწილს საქართველოს წარსულის ძიებას უთმობდა და ბევრი საგულისხმო ფაქტიც ჰქონდა აღმოჩენილი, რომლებსაც ჩანაწერების სახით ინახავდა. უაღრესად საინტერესო მოსაუბრისგან ერთი ისტორია მოვისმინე, რომელიც მინდა, თქვენც გაგიზიაროთ დღეს.

ამირან შერვაშიძე ამ თემაზე პიესის დაწერასაც კი აპირებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა — ამ შეხვედრიდან ორიოდ წელში გარდაიცვალა.

 

 ამბავი 1945 წელს იწყება, ავსტრიის ქალაქ ინსბურკში. 

 

 

 

ქალაქში  საბჭოთა ჯარის ნაწილების შესვლის შემდეგ ოფიცრები ჯგუფებად გადაუნაწილებიათ ადგილობრივებთან საცხოვრებლად. ერთი ქართველი ოფიცერი, გვარად დადვანი, სხვებთან ერთად, ხნიერი ქალბატონის ოჯახში მოხვედრილა.

 

მასპინძელი ჩაით გამასპინძლებია მდგმურებს და სადაურობა გამოუკითხავს მათთვის. ჯერი დადვანზე რომ მიმდგარა, იმასაც, შთაბეჭდილების მოსახდენად, ამაყად უთქვამს, სვანი ვარო.

 

ქალი კარგად დაკვირვებია სახეზე, მერე ხელი მოუკიდია და პატარა ოთახში გაუყვანია, სადაც ბევრი სურათი ეკიდა კედლებზე. ამ ფოტოებზე შენთვის ნაცნობი თუ არის რომელიმეო, უკითხავს. დადვანს მაშინვე სვანეთის მშვენება უშბის ფოტოსკენ გაუშვერია ხელი, რომელსაც რაღაც წარწერაც ამშვენებდა. და ფრაუ ფონ ფიკერსაც მოუყოლია, როგორ მოხვდა ეს ფოტო ტიროლის მხარეში მდებარე მის ბინაში.

 

 

 

ფრაუ ცენცი ფონ ფიკერი

 

 

1903 წლის 12 ივლისს გერმანელი მთამსვლელი და მკვლევარი დოქტორი ვილლი რიკმერ რიკმერსი ალპინისტთა ჯგუფთან ერთად საქართველოს ეწვია. მათი მიზანი უშბაზე ასვლა გახლდათ. ჩასულან სოფელ ეწერში, სადაც მასპინძლობა უკისრია თავად თათარხან დადეშქელიანს. დოქტორ რიკმერის ჯგუფში იყო ავსტრიელი ქალიშვილი, სახელგანთქმული ტიროლელი მთამსვლელისა და ალპების მკვლევარ ჰაინც ფონ ფიკერის და  — ცენცი ფონ ფიკერი.

 

უშბაზე ასვლა 25 ივლისისთვის დაიგეგმა, მაგრამ ასვლისას ერთმა ალპინისტმა გონება დაკარგა. ჯგუფის  ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, დაშავებული საბაზისო ბანაკში უნდა გადაეყვანათ, რომლის თანხლება სწორედ იმ ავსტრიელ ქალიშვილს დაევალა.

 

 

 სვანეთი, 1903 წ. თავადი თათარხან დადეშქელიანი და ცენცი ფონ-ფიკერი (ცენტრში).

 

დანარჩენებმა წარმატებით დალაშქრეს უშბა და სოფელ ეწერში დაბრუნებულებს ისევ თავადმა დადეშქელიანმა უმასპინძლა. დიდებული სუფრა გაიშალა. თათარხან დადეშქელიანი უებრო თამადა და სიტყვამოსწრებული კაცი გამოდგა. სტუმრებს წარმატება მიულოცა, თუმცა შეამჩნია, რომ ერთადერთი მშვენიერი გოგონა სახემოღუშული იჯდა და პირს არაფერს აკარებდა.

 

თავადი მისი დარდიანობის მიზეზით დაინტერესებულა და მასაც მოუხსენებია, უშბაზე ასვლა ჩემი ცხოვრების ოცნება იყო, მაგრამ ვერ მოვახერხე და ამას ვნაღვლობო.

 

და ოდესღაც სვანეთის პატრონს ასე მიუგია ქალისთვის:  აქამდე არცერთი ქალბატონი დადეშქელიანების ოჯახიდან თვალცრემლიანი არ გასულა და ვერც მე დავარღვევ ამ ტრადიციასო. მსახურთათვის უთხოვია საგანგებო სიგელის შედგენა და ასეთი წარწერა გაუკეთებია:

 

„მე, თავადი თათარხან დადეშქელიანი, ვჩუქნი დღეს ფროილაინ ცენცი ფონ ფიკერს ინსბრუკიდან, მთა უშბას“.

 

 

დოკუმენტი, რომლის თანახმადაც სვანმა თავადმა თათარხან დადეშქელიანმა მთა უშბა აჩუქა ავსტრიელ ალპინისტ ქალს ცენცი ფონ ფიკერს

 

ჩუქების საბუთს უკანა მხარეს დოქტორი რიკმერსი, ჯონ ჰარისონ ვაგნერი, ექსპედიციის წევრები და ორი კავკასიელი ამოწმებდნენ, რომ ფროილანს თავადმა დადეშქელიანმა უშბის მთა საკუთრებაში გადასცა.

 

სუფრის ერთ წევრს უჩურჩულია, რას სჩადით, თავადო, სვანეთის სიმბოლოს გაჩუქება როგორ იქნებაო?! რაზეც თათარხან დადეშქელიანს უპასუხია:

 

 

„უშბა იყო და მარად იქნება სრულიად საქართველოს სიმბოლო. ეს გოგო მას ავსტრიაში ვერ წაიღებს, სამაგიეროდ მის სამშობლოში ამიერიდან ეცოდინებათ, რომ საქართველოში ქალის ცრემლს ულამაზესი მწვერვალის ფასი აქვსო“.

 

ტიროლელ ქალბატონს „საკუთარი“ მთის დალაშქვრა მომდევნო წელს, უკვე სხვა ექსპედიციასთან ერთადაც უცდია, თუმცა, კვლავაც ისე გაბრუნებულა ავსტრიაში, რომ მიზეზთა გამო, ვერ მოუხერხებია უშბაზე ასვლა. 

 

რაც შეეხება სიგელს, რომლის ანალოგიც მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს, ამ უცნაური ამბის სახსოვრად, მიუნხენის ალპების მუზეუმში, სპეციალურად დაცულ ოთახში, უჩვეულო ექსპონატების გვერდით დღესაც ჰკიდია.

 

 https://sputnik-georgia.com/reviews/20180713/241200210/georgian-history-tatarkhan-dadeshqeliani-and-Cenzi-von-Ficker.html

ავსტრიული დოკუმენტური ფილმი უშბისა და ფრაუ ფონ ფიკერის შესახებ

 

ფროილაინ ცენცი ფონ ფიკერს, რომელიც 1956 წელს 78 წლისა გარდაიცვალა, სიკვდილის დღემდე ახსოვდა, რა დიდებული ფასი დაადეს ქართველებმა მის ცრემლებს...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი