logo_geo
ჯაბა ხუბუა: მისი სიკვდილი ძალიან ბევრისთვის და, მათ შორის, ჩემთვისაც მეხის გავარდნა იყო!
- +

16 ივლისი. 2018. 21:48

 

 

76 წლის ასაკში ცად ამაღლდა გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე, მწერალთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორი თამაზ წივწივაძე.

 

 

თამაზ წივწივაძის სიცოცხლისა და სიკვდილის ამბავი ზუსტად ისეა, როგორც ერთ შესანიშნავ ლექსში ვკითხულობ: „სიცოცხლე უნდა ქარიშხალს ჰგავდეს, მეხის გავარდნას ჰგავდეს სიკვდილი...

 

თამაზ წივწივაძის სიცოცხლე... წამახული კალმით, მოყვასისათვის მალამოსავით საამური და მტრისათვის ჭინჭარივით მსუსხავი სიტყვით, დახვეწილი სატირითა და თავანკარა იუმორით, მამულის მოშუღარებთან და ქართული მწერლობის კომპრაჩიკოსებთან დაუდგრომელი ბრძოლით – მართლაც ქარიშხალს ჰგავდა, მისი სიკვდილი კი ძალიან ბევრისთვის და, მათ შორის, ჩემთვისაც მეხის გავარდნა იყო.

 

მართალია, ვიცოდი, რომ ბატონი თამაზი მძიმედ ავადმყოფობდა, მაგრამ ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომელთა სიკვდილსაც არასოდეს ველოდებით და არ გვგონია, რომ ოდესმე მიგვატოვებენ, არ გვინდა, დავიჯეროთ, რომ ოდესმე ჩვენს გვერდით აღარ იქნებიან...

 

ჩემთვის თამაზ წივწივაძე სწორედ ასეთი ადამიანი იყო!

 

საკუთარ პროფესიას თუ რამეს ვუმადლი, უპირველეს ყოვლისა, იმას, რომ თამაზ წივწივაძისნაირ ადამიანებთან, მის დარ კალმოსნებთან და მესიტყვეებთან ურთიერთობისა და დამეგობრების საშუალება მომცა.

 

ჟურნალისტიკაში ფეხი დიდი ხნის შედგმული არ მქონდა, როცა თამაზ წივწივაძემ თავისი წიგნი მაჩუქა წარწერით: „ჯაბა ხუბუას – ნიჭიერ პუბლიცისტს, ჩემს ძმასა და მეგობარს“.

 

ის დღე დღესასწაული იყო ჩემთვის და იმ დღიდან მოყოლებული, თამაზ წივწივაძესთან ყოველი ურთიერთობა, მასთან მეგობრული საუბარი თუ საგაზეთო ინტერვიუს ჩაწერა მედღესასწაულებოდა.

 

მართლაც არ არის პატარა საქმე, როცა ქართული პუბლიცისტიკის ტიტანი, ეპოქალური მნიშვნელობის არაერთი მწერლურ-პუბლიცისტური შედევრის ავტორი უმცროს მეგობრად მიგიღებს და შენს ნიჭიერებას აღიარებს.

 

ბატონო თამაზ, მინდა უკანასკნელ გზაზე გისაგზლოთ ჩემი უზომო მადლიერება ამ ყველაფრის გამო.

 

ბედნიერი ვარ, რომ თქვენნაირი უფროსი მეგობარი მყავდა, როლისგანაც ბევრი რამ ვისწავლე.

 

აწი უფრო ხშირ-ხშირად მოვეფერები თქვენს ნაჩუქარ წიგნებს, კიდევ ბევრჯერ გადავიკითხავ თქვენს შედევრებს – „ლოზუნგების ქვეყანას“, გრიშა ბიძიას ამბავს, რომელიც დეპოშია და ისევ სძინავს, ბებერი მგელი ტოტიას ამბავს,  რომელიც თავისმა გამოზრდილმა ლეკებმა შეჭამეს, სახურავზე მორბენალი გიჟის ამბავს, რომელიც ძირს ჩამოვიდა, მაგრამ ახლა გარე-გარე დარბის, როგორც შინ უვარგისი ძაღლი... რაც შეეხება ეკას, თქვენი შეძახილის მიუხედავად, ეკა ჯერ კიდევ არ ჩამოსულა მიშას მუხლებიდან...

 

თამაზ წივწივაძის გარდაცვალებით ქართულ პუბლიცისტიკასა და სალიტერატურო კრიტიკაში ნამდვილად დამთავრდა ერთი დიდი ეპოქა, რომელიც არასოდეს განმეორდება, რადგან თამაზ წივწივაძე განუმეორებელია!

 

სამაგიეროდ, თამაზ წივწივაძის ხვავრიელ პუბლიცისტურ მემკვიდრეობაზე თაობები გაიზრდებიან და აკაკის იმ ერთი ცნობილი სახუმრო ლექსისა არ იყოს, წერას თუ არა, კითხვას მაინც ისწავლიან.

 

ნათელი დაგადგეთ, ბატონო თამაზ, იმ უმჯობეს ქვეყანაში, სადაც სამარადჟამოდ გადავანდით!

 

თქვენი სიტყვასავით მსუბუქი და ჰაეროვანი იყოს თქვენთვის სამშობლოს მიწა, რომელიც გულში ჩაგიკრავთ.

 

მშვიდობით, საყვარელო უფროსო მეგობარო!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი