logo_geo
მანუჩარ კაჭახიძე: ამერიკაზე მე ვერ დავწერ!
- +

17 ივლისი. 2018. 02:05

 

 

დაწერ და ჰემინგუეი აგიწევს ყურს, ან სულაც სელინჯერი, იცი რას მიზამს?

 

- ყველაზე ცივ ზამთარში, უკუნ სიბნელეში, ცენტრალურ პარკში დამაბამს, ახლა რომ მაინც გაიგოს რა ემართებათ კვატებს.

 

შეიძლება ამერიკაში ცხოვრობდე და არ იცოდე ბოსტონელი კვატების სახელები?

 

თანაც თანმიმდევრობით და გამოთქმით, აი ასე: ჯეკ, კეკ, ლაკ, მაკ, ნეკ, ოუკ, პეკ და ქუაკ...

 

ედგარ ალან პო? ყოველი წლის 18 იანვარს, ბოსტონში გელოდება, საკრალურად რომ გაჩნდეს მის საფლავზე "მარტელის" კონიაკი და სამი ვარდი - მისთვის, ვირჯინიასათვის და დედისთვის.

 

ამერიკაზე არ უნდა დაწერო,

 

იგი უნდა გიყვარდეს!

 

იცოდე ლეგენდები პატარა ჩეროკ გოგონა ნაკალულაზე, უსიყვარულოდ გათხოვებას ჩანჩქერი რომ ამჯობინა;

 

ან ფიქრებით წარმოიდგინო როგორ გაბრახუნდებოდი 1912 წელს გაყინულ ნიაგარაზე;

 

ან იმავე წლის აპრილში როგორ შეგეშინდებოდა და გეტკინებოდა "ტიტანიკზე" დაღუპული შენი თანამოძმე ქართველები;

 

სოლომონ პატარაია ჩამოსულა გურიიდან ჰოლივუდს და გაუკვირვებია ამერიკა ერთნაირად ჯირითობით და ჩიჩილაკით, ამ ბუჩურტოტა სასწაულით;

 

როგორი ამაყი ხარ, რომ ხარ სულ რაღაც 56 კილოგრამის წონის, და ქვეყნისთვის, ამოდენა ამერიკისთვის მხრებით, საჩუქრად ჩამოგაქვს ბალეტი - ბალანჩინის ბალეტი.

 

ან კი, ზიხარ, სამი თვის განმავლობაში მზერას არ აწყვიტავ, აკვირდები ვაშინგტონის სკამზე ამოტვიფრულ მზეს და ვერ გაგირკვევია - ჩამავალია თუ ამომავალი, და იმ 4 ივლისს, აღმოაჩენ, რომ ამომავალი ყოფილა და მზის სხივებს მოყვები შენ - ამერიკა!

 

ამერიკაზე არ უნდა დაწერო, არა!

 

ავტორი: მანუჩარ კაჭახიძე

 

 

წყარო: www.kutaisipost.ge

 

 

big_banner
არქივი