logo_geo
კოხტასთავის შეთქმულება - ამბავი იდუმალებით მოცული ღალატისა
- +

25 ივლისი. 2018. 15:23

 

ვინ გასცა კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე ქართველი ერისთავები?

სანამ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას ვეცდები, რამდენიმე სიტყვით თავად შეთქმულებისა და იმ დროის საქართველოს მდგომარეობაზე მოგახსენებთ.

 

რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ მისი ძე დავითი - ნარინად წოდებული, მონღოლთა დედაქალაქ ყარაყორუმს გაგზავნეს საქართველოს ტახტზე დასამკვიდრებლად. მისგან დიდხანს არაფერი ისმოდა, უკვე ცოცხლებშიც აღარ ეგულებოდათ, ამიტომ ქართველმა ერისთავებმა რუმის სულთანს ლაშა გიორგის ვაჟის, დავით ულუს თავი გამოსთხოვეს, რომელიც, მოგეხსენებათ, მამიდის, რუსუდანის დაბეზღებით, სულთანს ჰყავდა დატყვევებული.

 

 

მონღოლებთან შეთანხმებით, ტახტის ახალი კანდიდატი რუმის სასულთნოდან საქართველოში ჩამოიყვანეს და ისიც იგივე გზას გაუყენეს, ანუ ყაენთან გაგზავნეს ტახტზე დასამტკიცებლად. ეს ხდება დაახლოებით 1247 წელს. სწორედ აქედან იწყება უმეფობის ხანა საქართველოში, რომელიც, სავარაუდოდ, 4-5 წელს (ზოგი ვერსიით 12 წელს) გაგრძელდა.

 

ამასობაში მონღოლებმა საქართველო დაყვეს დაახლოებით რვა დუმანად. დუმანი სამხედრო ტერმინი გახლდათ და 10 000 მეომარს გულისხმობდა, ანუ თითო დუმანს ზუსტად ამდენი მეომრის გამოყვანა ევალებოდა, გადასახადებზე რომ არაფერი ვთქვათ. მონღოლებს იმ პერიოდში წარუმატებელი ომები ჰქონდათ ეგვიპტესა და განსაკუთრებით ირანში, სადაც ალამუთის ციხეს 7 წელი უშედეგოდ აწყდებოდნენ. ვითარება იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ ქართველების გამორჩეულმა ნაწილმა, მათ შორის, იგივე დუმნის თავებმა, გადაწყვიტეს შეთქმულება მოეწყოთ.

 

შეხვედრა სამცხეში დაითქვა, კერძოდ კოხტასთავში. იქ მოიყარეს თავი ქვეყნის უპირველესმა შვილებმა, იმსჯელეს და მონღოლთა უღლის გადასაგდებად შეიარაღებულ ამბოხზე შეთანხმდნენ. ჯარი ასევე სამცხეში, რკინისჯვარში უნდა შეეკრიბათ.

 

შეხვედრა ყველაზე ადრე სამეგრელოსა და რაჭის  ერისთავებმა - ცოტნე დადიანმა და კახაბერ კახაბერისძემ დატოვეს, რომ დროულად მოესწროთ დათქმულ ადგილზე მისვლა. სწორედ ამის შემდეგ ვითარდება ის დრამატული მოვლენები, რაც ამ შეთქმულების გაცემას უკავშირდება.

 

ისტორია, მოგეხსენებათ, არ არის ზუსტი მეცნიერება, ნებისმიერი მოვლენის ნამდვილობის შემოწმება სხვადასხვა საისტორიო წყაროების შეჯერებით ხდება. ამ შემთხვევას ერთი ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს, რომელსაც ამ ამბებს დაახლოებით საუკუნე აშორებდა. გასულ საუკუნეში კი, საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოზე მუშაობისას, ცნობილმა ისტორიკოსებმა - სიმონ ჯანაშიამ და ნიკოლოზ ბერძენიშვილმა ეს მოვლენა ხალხური თქმულების ასპექტში გაიზიარეს. ცოტნე დადიანის ანისში მისვლა და მისი გმირობა მოგვიანებით ვახუშტი ბაგრატიონმაც აღწერა, სადაც, პირველწყაროსგან განსხვავებით, ჩნდება აჯანყებულთა სხეულზე თაფლისცხებით წამება. ძნელი სავარაუდოა, რომ მას ჟამთააღმწერელზე უკეთ სცოდნოდა ვითარება, თუმცა ეს სრულებითაც არ აკნინებს ცოტნე დადიანის გმირობას.

 

 

 

ფილმი „ცოტნე დადიანი“, 1971 წ.

 

 ახლა კი იმაზე, თუ ვინ გასცა შეთქმულება და ვინ იყო მოღალატე.

 

ჟამთააღმწერელი არ ასახელებს გამცემს, თუმცა მოვლენათა შემდგომი განვითარების აღწერისას ირიბად მიგვანიშნებს მონღოლებთან რაჭის ერისთავ კახაბერ კახაბერისძის საჭვო კავშირებზე, როცა მან სამჯერ შესცოდა საქართველოში მობრუნებული დავით ნარინის წინაშე. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, სწორედ ის იყოს მოღალატე.

 

ამ მოსაზრებას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ არ დასტურდება დათქმულ დროზე ციხისჯვარში კახაბერისძის ჯარით მისვლა, სამაგიეროდ, ცნობილია, რამდენჯერ სცადა მან მეფის მოკვდინება მონღოლთა ხელით.

 

პირველად ყაენის შერისხული ღალღურ ნოინი ფარული გზებით გადმოიყვანა დასავლეთ საქართველოში და ქუთაისს მოულოდნელად დაეცა თავს. მაშინ დავით ნარინმა წამიერად გაასწრო მომხდურთ, ჯარი შეკრიბა, უკან მიბრუნდა, მაგრამ ნოინმა და ერისთავმა აღმოსავლეთში გადასვლა მოასწრეს. მერეც იგივე რომ გაიმეორეს, დავითი მომზადებული დახვდა და კუდით ქვა ასროლინა თავდამსხმელებს.

 

მესამედ კი, უკვე საკმაოდ მოხუცებულმა, ქართლს შეხიზნულმა კახაბერისძემ დავით ნარინს უსტარი აახლა, ძალიან ცუდად მოვიქეცი, მაპატიე და ჩემს მშობლიურ რაჭაში დამაბრუნეო. ნარინმა დიდსულოვნება გამოიჩინა და აპატია, მაგრამ, ეტყობა, ბოლომდე მაინც არ ენდობოდა და მეთვალყურე მიუჩინა. ახლა უკვე ალიყან ნოინს შეეთქვა ერისთავი და წერილი გაუგზავნა, დასავლეთში გადმოდით, მეც აქ დაგვხვდებით და ერთად გავუსწორდეთო მეფე დავითს.

 

წერილმა ადრესატამდე ვერ მიაღწია, მეფის ერთგულმა აზნაურებმა შიკრიკი ხელში ჩაიგდეს და მოღალატესთან ერთად დავითს მიჰგვარეს. მეფემ სასტიკად დასაჯა რაჭის ერისთავი - თვალები დასთხარა და ცალი ხელი და ფეხი მოაჭრა, მისი შვილები კი ბიზანტიაში განდევნა. ასე დასრულდა რაჭის ერისთავების, კახაბერისძეთა გვარის ისტორია.

 

საინტერესოა, რომ კახაბერისძეები კლდეკარის ერისთავების, ბაღვაშთა მეორე შტოს წარმოადგენდნენ. ორივე ეს საგვარეულო არსებობის განმავლობაში მუდამ ოპოზიციაში ედგნენ გაერთიანებული საქართველოს მეფეებს, სანამ დავით აღმაშენებელმა არ ამოძირკვა თრიალეთელ ბაღვაშთა საგვარეულო, ხოლო მისმა მოსახელე ნარინმა კი მათი რაჭველი ნათესავები არ განდევნა ქვეყნიდან.

 

როგორც ზემოთ უკვე მოგახსენეთ, ჟამთააღმწერელი პირდაპირ არ ადებს ხელს კახაბერ კახაბერისძეს, მისი ეჭვი უფრო სტრიქონებს შორის იკითხება. შესაძლოა ვინმემ თქვას, თუ რაჭის ერისთავმა გასცა შეთქმულები, იმასაც იტყოდა, რომ მეამბოხეთა შორის ცოტნე დადიანიც ერიაო, მაგრამ მაშინ ხომ პირდაპირ მიუთითებდა საკუთარ პერსონაზე, როგორც ერთადერთ გადარჩენილზე?

 

აქვე მინდა ვთქვა მონღოლებზე. ისინი არც ისე გულუბრყვილოები იყვნენ, რომ დადიანის სიტყვა ასე ხელაღებით ერწმუნათ. მათთვის ვაჟკაცობა და თავგანწირვა ლიტონი სიტყვები არ იყო. ცოტნეს საქციელით აღფრთოვანებულებმა შეუნდეს ქართველ ერისთავებს. მათი მოკვლა რომ სდომოდათ, ამას დიდი ხნით ადრე გააკეთებდნენ, მაგრამ ისინი ცოცხლები უფრო სჭირდებოდათ. მათ გარეშე ვერც გადასახადებს აკრეფდნენ და ვერც ჯარს გამოიყვანდნენ.

 

დღეს მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვით; თუ რაჭის ერისთავი კახაბერისძე იყო მოღალატე, ამისთვის სამაგიერო მთელ მის საგვარეულოს მიეზღო, ხოლო თუ სხვა ვინმე, ეჭვი არ არის, არც ის დარჩებოდა განგებისგან დაუსჯელი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი