logo_geo
რუსუდან შარაძე: რატომ არ არის და არც შეიძლება იყოს გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელი?!
- +

29 ივლისი. 2018. 20:54

 

 

„რატომ არ არის და არც შეიძლება იყოს გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელი?!“ - აღნიშნული სათაურით აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„I ნაწილი: ვინ არის გიორგი ბარათელი და რა შუაშია ჩემს ოჯახთან?

 

ყველაფერი დაიწყო 1990-იან წლებში, ოთარ ფაცაციას პრემიერმინისტრობის (1993-1995) დროს, მაშინ, როდესაც სახელწმიფომ, ე.წ. ფეისებთან ერთად, ჩაატარა აქცია კეთილშობილური მიზნით : არასრულწლოვანთა კოლონიებიდან, მოზარდები, რომლებიც გამოსწორების გზას ადგნენ, გამოუშვეს და დაასაქმეს სახელმწიფო სამსახურებში.

 

ასე მოხვდა გიორგი ბარათელი არასრულწლოვანთა კოლონიიდან სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე, სადაც გიორგი შარაძე „ახალგაზრდული და საყმაწვილო გადაცემების რედაქციას“ ხელმძღვანელობდა.

 

აქ აღარ მოვყვები გიორგი შარაძის დამოკიდებულებას გიორგი ბარათელისადმი, ამას თავად ბარათელი და ამ სივრცეში მყოფი, ბევრი ადამიანი გაიხსენებს. ვიტყვი, მხოლოდ, რომ ჩემმა ძმამ მას შეასწავლა ოპერატორის პროფესია და გახადა მაშინდელი და შემდგომი ქართული ტელევიზიის ნაწილი. გიორგი შარაძე რომ „I არხიდან“ სამუშაოდ სტუდია ,,აუდიენციაში“ გადავიდა, იქაც თან წაიყვანა (აქვე ვიტყვი, რომ ბარათელს კარგად ვიცნობ მეც, მქონდა და მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა).

 

ასე მოვედით 2000 წლამდე, როდესაც გიორგი შარაძე უკვე შვეიცარიაში, საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშეა. იძიებს და რეალურად კვალში უდგას გრიგოლ რობაქიძის არქივს, აგროვებს მასალებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ, ლეა ფლურთან, სახლში აღმოაჩენს მამაჩემის ოცნებას - დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციის (1919) ორიგინალთან ერთად, მთელი მაშინდელი სიმბოლიკის ორიგინალებს და ა.შ… ის იღებს ფილმს ამ ყველაფრის შესახებ და სჭირდება დამხმარე.

 

ასე აღმოჩნდა 2000 წელს, გიორგი შარაძის დამხმარე ოპერატორად, მაშინდელი სტუდია ,,აუდიენციის“ თანამშრომელი გიორგი ბარათელი ჟენევაში, საელჩოს მოწვევითა და გიორგი შარაძის საკუთარი ხარჯით. გაიკითხეთ ან გაიხსენეთ - მაშინ, საზღვარგარეთ, შვეიცარიაში მოხვედრა, ტელევიზიის თანამშრომელს ოცნებაშიც ვერ ექნებოდა. ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ მამაჩემის მკვლელობისთანავე, ათას ბინძურ ჭორთან ერთად, გავრცელდა ისიც, რომ „შარაძეებმა“ (?) გიორგი ბარათელს ჰონორარი არ გადაუხადეს. გიორგი ბარათელი დამიდასტურებს, რომ არავითარ ჰონორარზე საუბარი არასდროს ყოფილა! ეს ის დროა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს საელჩოების თანამშრომლების დიდ უმრავლესობას, თბილისის ბინები რომ აქვთ გაქირავებული, ან მშობლები არჩენენ საქართველოდან, რადგან გატყავებულია საელჩოების ბიუჯეტი (ვაკლებ, თორემ სიტყვას არ ვამეტებ, დამიდასტურებენ ამასაც აქ მყოფნი).

 

…და აი, სწორედ, აქ იწყება ის ,,მაგიური“ ისტორია:

გიორგი ბარათელის ჟენევაში ყოფნა დაემთხვა გიორგი შარაძის პირადი ცხოვრების უმძიმეს პერიოდს, მე ვიტყოდი, პიროვნულ ტრაგედიას - მას დაენგრა ოჯახი. ეს არ იყო ჩვეულებრივი დაშორება - ეს მოხდა სკანდალებით (რაც მერე პირდაპირ ჩაჯდა მამაჩემის მკვლელების გეგმაში, რომ როგორმე, ბურუსში გაეხვიათ ისტორია). ბუნებრივია, ჩემი ძმის მდგომარეობა აისახა, ზოგადად, გიორგი ბარათელის, როგორც სტუმრის კომფორტზე, მაგრამ ეს კიდევ სხვა თემაა. ფაქტია, რომ როდესაც 2000 წლის აპრილში, გიორგი შარაძე და გიორგი ბარათელი, ჟენევიდან თბილისში, თვითმფრინავით ერთად უნდა გაფრენილიყვნენ, ბარათელი გაქრა. აეროპორტშიც, ჩემი ძმა, ბოლო წუთამდე ელოდებოდა. ჩემი გიო მარტო წავიდა თბილისში.

 

რა მოხდა სინამდვილეში?

გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე, გიორგი ბარათელმა, ყველაზე დიდ მაღაზია Placette-ში, რომელსაც ახლა ,,Manor“ ჰქვია, კამერების წინ, მოიპარა რაღაც უმნიშვნელო ნივთი და ის დააკავეს. ჩემმა ძმამ და მთელმა თბილისმა აღიქვა ისე, რომ ბარათელმა ეს შეგნებულად გააკეთა, რათა დარჩენილიყო შვეიცარიაში.

 

ჩემი გიო ამბობდა: - ჟენევაში როგორც კი ჩამოვიდა, ვანახე ეს მაღაზია და გავაფრთხილე, აქ ყველგან კამერებია და ხელი არ წაგცდესო.

 

არ დაგავიწყდეთ, რომ გიორგი ბარათელი უკვე პროფესიონალი ოპერატორი იყო და მასწავლებელზე უკეთ იცოდა, სად, რომელი კამერა იდგა. ისიც კარგად იცოდა, რომ წვრილმან ქურდობაზე, შვეიცარიაში, დიდხანს ციხეში არ აჩერებენ.

 

ისევე, როგორც სხვა ფაქტები, ესეც დადასტურებულად შემიძლია ვთქვა - ციხიდან გამოშვების შემდეგ, გიორგი ბარათელი შვეიცარიიდან გადავიდა ჰოლანდიაში, სადაც დეპორტაციაში მოყვა, დააბრუნეს თბილისში და გააგრძელა ოპერატორობა ამათუიმ ტელევიზიაში.

 

2000 წლის აპრილში, გიორგი შარაძემ, გამოფრენამდე, სანამ რამეს გაიგებდა, ჟენევაში, სახლში, სადაც ცხოვრობდა, კარადაში, ერთი ჩემოდანი ტანსაცმელი დაუტოვა ბარათელს. გასაღები საელჩოს ჩააბარა. საქართველოს მაშინდელ კონსულს, ხათუნა ჯანჯალიას უამბო საქმის ვითარება და სთხოვა, - თუ გამოჩნდეს, უთხარი ჩემოდანზეო. ამას და ზემოთ მოყოლილიდან, რაც მისთვის არის ცნობილი, ყველაფერს დამიდასტურებს ხათუნა. „ის კარადა ახლაც თვალწინ მიდგასო“, - მითხრა წეღან.

 

ახლა, მეც თვალწინ მიდგას, გიო რომ დაბრუნდა, - ეს რა გამიკეთა, ეს რა გამიკეთაო, - თავზე მოირტყა, როგორც იცოდა...

 

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამის შემდეგ, გიორგი შარაძესა და გიორგი ბარათელს შორის არავითარი ურთიერთობა არ ყოფილა, არავითარი, მცდელობაც კი!

 

რამდენიმე წლის შემდეგ, ალბათ, სადღაც 2004-2005 წლებში, შემთხვევით, მე ვნახე თბილისში, კლუბ ,,ნოა-ნოაში“, ,,მაესტროს“ ოპერატორად იყო მოსული და რაღაც საღამოს იღებდა. რა თქმა უნდა, გავექანე, - გიო როგორ ხარ-მეთქი. გამიღიმა და გამექცა, შერცხვა ჩემი, თვალი ვერ გამისწორა…

 

(გაგრძელება იქნება)“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი