logo_geo
რუსუდან შარაძე: გიორგი ბარათელის სასამართლო და სასჯელი...
- +

1 აგვისტო. 2018. 12:00

 

 

„რატომ არ არის და არც შეიძლება იყოს გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელი?!“ - აღნიშნული სათაურით აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„V ნაწილი: სასამართლო და სასჯელი

 

ცოტა ჩქარ-ჩქარა უნდა გიამბოთ, რადგან სხვაგავარად, შეუძლებელია, დროზე მოვაღწიო დღევანდელობამდე. არც თქვენ მინდა გადაგღალოთ, რადგან უამრავი რამ არის სათქმელი.

 

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ 2007 წლის ივლისსა თუ აგვისტოში, სააკაშვილის ბრძანებით, კანონით აიკრძალა სასამართლო სხდომების ყოველგვარი გადაღება.

 

2007 წლის სექტემბრიდან, გაიმართა გიორგი ბარათელის სასამართლო სხდომები, რომლებსაც, თავიდან, ვესწრებოდი. „მკვლელი“, ჯერ კიდევ, დუმილის უფლებას იყენებდა. რა დღეში ვიყავი და რა ცეცხლს ვატრიალებდი, შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ. მოსამართლე იყო ბადრი კოჭლამაზაშვილი, ნაძირალა - სრული გადაჭარბების გარეშე! დღეს, მგონი, მადლობა უნდა გადავუხადო, რომ არ დამაჯარიმა კი არა, არ დამაპატიმრა. მონა, სრული!

 

ჩემი მთავარი სურვილი იყო, რომ სასამართლოზე, გიორგი ბარათელი შორიდან მაინც მენახა, მისთვის თვალი გამესწორებინა და გამემხნევებინა. მართლაც, პირველად რომ დამინახა, მოკვდა, მაგრამ შევძახე, - გიო, ჩვენ შენთან ვართ, ვიცი, რომ არ ხარ მამაჩემის მკვლელი და მე ამას დავამტკიცებ-მეთქი! მერე, ჩუმად, ტელეფონით, ეს 2 ფოტოც გადავუღე, ქვემოთ რომ ხედავთ. ამ მომენტში დამინახა, თვალი ჩავუკარი და გავუღიმე. მას დიდად არ ეღიმებოდა, მაგრამ უხაროდა ჩემი ქცევა.

 

ბოლოს, მახსოვს, 2007 წლის 25 ოქტომბერი იყო, როცა საბოლოოდ, პროტესტის ნიშნად, წივილ-კივილით, სამუდამოდ მივატოვე სასამართლო. დედაჩემიც დავარწმუნე, რომ იგივე გაეკეთებინა და გააკეთა კიდეც 25 ოქტომბერს, ჩემთან ერთად. სიტყვითაც გამოვიდა. ადვოკატები არ მეთანხმებოდნენ, თვლიდნენ, რომ საქმე უნდა გაგრძელებულიყო და ჟენევაში წავედი თუ არა, დედაჩემი დაითანხმეს და ბოლოს, უზენაეს სასამართლომდეც მივიდნენ (უზენაეს სასამართლოს პასუხს ქვემოთ გაგაცნობთ).

 

ამასობაში, 2007 წლის ნოემბრის თვეში, ბარათელმა დაიწყო დანაშაულის აღიარება. ბადრი კოჭლამაზაშვილის მიერ გამართულ სასამართლო სხდომებზე, რომლებსაც, ადვოკატებთან ერთად, ჩვენი ახლობლებიც ბოლომდე ესწრებოდნენ, ბარათელი ხან რას ამბობდა, ხან რას. მაგალითად, მკვლელობა ჩაიდინა რუსთაველზე, მერე თქვა, რომ უნივერსიტეტთან და ა.შ… მე ვფიქრობ, რომ შეგნებულად იქცეოდა ასე.

იცოდეთ, რომ ის ძალიან ჭკვიანია!

 

,,მკვლელს“, საბოლოო ჯამში, 28 წელი მიესაჯა (აქ გავიცინოთ: მოგვიანებით, სააპელაციომ 6 თვე დაუკლო), მაგრამ არამარტო გურამ შარაძის მკვლელობის გამო. მაშინ, შეკრებითობის პრინციპი მოქმედებდა და ერთ-ერთი ბრალდება ის იყო, რომ მამაჩემის მკვლელობამდე, ორიოდე კვირის წინ, 2007 წლის 5 მაისს, გიორგი ბარათელი სახლში მიუვარდა თავის ყოფილი ექიმს, გვარად ტირზიკიანს, რომლის მკურნალობითაც უკმაყოფილო იყო და წელსქვემოთ, ესროლა, მსუბუქად დაჭრა (აქვე ვიტყვი, რომ 2016 წელს, გიორგი ბარათელმა, ციხეში, ჩემთან საუბარში, დაადასტურა ეს ფაქტი. ბოდიში მასთან რომ ასეთ დეტალებს ვახმაურებ, მაგრამ „კინაღამ კაცობა დამაკარგვინა, მაგ ნაძირალამო“. ბარათელმა რა მითხრა, მისი მონაყოლიდან რა მჯერა და რა არა, ამას შემდგომ წერილებში იხილავთ).

 

ფაქტია და ეს საქმის მასალებში შავით თეთრზე წერია, რომ 5 მაისს დაჭრილ ტირზიკიანს, ექსპერტიზა ჩაუტარდა 21 მაისს, მამაჩემის მკვლელობის მეორე დღეს, ხოლო შემდგომში, როდესაც უკვე სასამართლოზე მოწმედ უნდა გამოცხადებულიყო, ტირზიკიანმა მოიწერა, ,,პაკაო“, საცხოვრებლად უკრაინაში გადავედიო.

მისი წერილიც დევს საქმის მასალებში.

 

2008 წლის 14 ნოემბერს, უზენაესი სასამართლო სხდომის თავმჯდომარე მაია ოშხარელმა, მოსამართლეებთან - დავით სულაქველიძესთან და იური ტყეშელაშვილთან ერთად, დაადგინა:

 

გურამ შარაძის მკვლელობის საქმე „არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის“!

 

(გაგრძელება იქნება)“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი