logo_geo
რუსუდან შარაძე: ნინო მიქიაშვილის ქრონოლოგია გიორგი ბარათელის საქმეზე
- +

2 აგვისტო. 2018. 17:25

 

„რატომ არ არის და არც შეიძლება იყოს გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელი?!“ - აღნიშნული სათაურით აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„VII ნაწილი: ნინო მიქიაშვილის ქრონოლოგია გიორგი ბარათელზე

 

სააკაშვილის ხელისუფლების ცვლილებიდან, იწყება გურამ შარაძის მკვლელობის საქმის მეორე ეტაპი, რომელიც დღემდე (02.08.2018), არ დასრულებულა.

 

მეშვიდე წერილში, იხილავთ ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილის მიერ დაწერილ ქრონოლოგიას, რომელიც ეხება, უშუალოდ, ბარათელს და იმ მოვლენებს, სადაც, ამ წლების მანძილზე, თავად ნინო მონაწილეობდა. პირველ რიგში, იმათმა წაიკითხეთ, ვინც გიორგი ბარათელს ლანძღავთ და წყევლით (ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ ნეტა, მის ადგილზე, მეტს რას იზამდით?!)

 

შემდეგ წერილში, უკვე გაეცნობით, რას ვფიქრობდი და ვაკეთებდი მე პარალელურად?!

 

* * *

ნინო მიქიაშვილი: ქრონოლოგია გიორგი ბარათელის საქმეზე (არასრული)

 

10 სექტემბერი, 2009 წელი - მე, ნინო მიქიაშვილმა, განცხადებით მივმართე სასჯელაღსრულების იმჟამინდელ მინისტრ დიმიტრი შაშკინს; ვითხოვდი საჯარო ინფორმაციას, თუ სად, რომელ საპყრობილეში იხდიდა სასჯელს აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ბარათელი, რომლის უდანაშაულობაში დარწმუნებულები იყვნენ (და დღესაც არიან) გურამ შარაძის ოჯახის წევრები. შაშკინის სამინისტრომ უარი იმ მოტივით მითხრა, რომ ინფორმაცია, რომელსაც ვითხოვდი, საიდუმლო იყო და არა საჯარო. აი, ამის შემდეგ დავიწყე სამართლებრივი დავა;

 

15 მარტი, 2011 - ბარათელის საქმე ევროსასამართლოში გავგზავნეთ, რადგან მანამდე უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რასაც წინ უძღოდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბარათელის საქმეზე პირველ ინსტანციას დაეთანხმა. საქმეს, რომლის ნომერია № 18865/11, ჰქვია ასე - "ნინო მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ". ევროპული სასამართლოსგან ვითხოვდი და დღემდე ვითხოვ ერთ დოლარს, კომპენსაციის სახით და იმის დადგენას, რომ ევროკონვენციის მე-10 მუხლი დაირღვა. ეს მუხლი შეეხება ინფორმაციის მიღების და გავრცელების უფლებას;

 

22 სექტემბერი, 2012 - ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ, გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ტელეკამერებთან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი ჩიხლაძეს დათა ახალაია ასე დაემუქრა: „მე როგორც დავგეგმე და გავასაღე გურამ შარაძე, ისე გაგასაღებ შენცო“. ერთი თვის შემდეგ, გლდანის N8 საპყრობილეში, პატიმარმა გიორგი ჩიხლაძემ ადვოკატ მამუკა ნოზაძესაც იგივე განუცხადა და დაუმატა ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენების მისაცემადაც მზად იყო (მოგვიანებით, მისცა ჩვენება გამოძიებას, რ.შ.);

 

18 ოქტომბერი, 2012 - მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა: დიმიტრი ლორთქიფანიძემ, სოსო მანჯავიძემ და მე, ნინო მიქიაშვილმა, ორთაჭალის N1 საპყრობილეში მოვინახულეთ გიორგი ბარათელი, რომელმაც საქმის თავიდან გამოძიების მიზნით, პროფესიონალ და მებრძოლ ადვოკატთან შეხვედრა მოითხოვა – გურამ შარაძე მე არ მომიკლავს, მზად ვარ ჯერ ადვოკატს და შემდეგ გამოძიებას სიმართლე ვუთხრაო;

 

22 ოქტომბერი, 2012 - ადვოკატი მამუკა ნოზაძე ციხეში შევიდა გიორგი ბარათელთან, რომელმაც მას დაკავების დეტალები უამბო. ბარათელის თქმით, გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, კოსტავას გამზირზე, პირველი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, თბილისის ზღვაზე აიყვანეს, დაჭრეს, შემდეგ ძველი თბილისის გამგეობის შენობაში, დაახლოებით 30 პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა. პარალელურად, ბარათელს აიძულებდნენ გურამ შარაძის მკვლელობა თავის თავზე აეღო;

 

22 ოქტომბერი, 2012 - ბარათელმა მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის სახელზე განცხადება დაწერა – მან საქმის ხელახალი ძიების დაწყება და მისი დაკითხვა მოითხოვა;

 

23 ოქტომბერი, 2012 - გიორგი ბარათელის მიერ წინა დღით დაწერილი განცხადება ჩავაბარე მთავარი პროკურატურის კანცელარიაში;

 

26 ოქტომბერი, 2012 – მამუკა ნოზაძემ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის და მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის სახელზე განცხადება შეიტანა - ძიების ხელახალი დაწყება და ბარათელის დაკითხვა მოითხოვა;

 

15 ნოემბერი, 2012 – ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, გიორგი ბარათელის დაკითხვის მოთხოვნით კიდევ ერთი განცხადებით მიმართა;

 

21 ნოემბერი, 2012 – მე, ნინო მიქიაშვილმა იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს, გურამ შარაძის საქმეში ახლადაღმოჩენილი გარემოებით მივმართე და მოვითხოვე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში დათა ახალაიას დავალებების უშუალო შემსრულებლის, კაკო გაფრინდაშვილის დაკითხვა. ბარათელის დაკავებაში გაფრინდაშვილიც მონაწილეობდა. განცხადებასთან ერთად ფოტომტკიცებულებაც ჩავაბარე;

 

29 ნოემბერი, 2012 - პროკურატურაში ჩაბარებული განცხადებიდან რვა დღე იყო გასული, როცა ორთაჭალის N1 საპყრობილეში მისულ ადვოკატ მამუკა ნოზაძეს, ციხის დირექტორმა განუცხადა, რომ ბარათელმა ,,კბილის ჯაგრისზე დამაგრებული ლურსმანი შეურჭო“ ერთ-ერთ პატიმარს, ამიტომ, იგი გლდანის N8 საპყრობილეში გადაიყვანეს, ხოლო სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა საქმე აღძრაო. მამუკას გარეთ ველოდებოდი და შემდეგ ერთად წავედით საგამოძიებო დეპარტამენტში. მამუკა ნოზაძემ გაარკვია, რომ საქმე ორი მუხლით იყო აღძრული და ბარათელს კიდევ სასჯელის 6 წლით დამატება ემუქრებოდა;

 

30 ნოემბერი, 2012 - გიორგი ბარათელთან შესახვედრად მონიტორინგის ჯგუფის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო შესული. ბარათელმა თქვა, რომ მთელი პატიმრობის მანძილზე, მასზე ზეწოლას გარკვეული პატიმრების მეშვეობით ახდენდნენ. იმავე დღეს ბარათელთან იყო მამუკა ნოზაძე. ბარათელმა ლურსმნის ქონის და პატიმრის დაზიანების ფაქტი კატეგორიულად უარყო. ამავე დღეს ბარათელმა წერილობით მიმართა საზოგადოებას, უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს – მათ სიმართლის დადგენაში დახმარება სთხოვა. ამავე წერილში გიორგი ბარათელმა რუსუდან შარაძესთან შეხვედრაც მოითხოვა. იგი ღია წერილში წერდა, რომ ახალ მტკიცებულებაში, რომელიც პროკურატურაში 21 ნოემბერს მე, ნინო მიქიაშვილმა შევიტანე (და რაც სააგენტოებითაც გავრცელდა), მან ამოიცნო ადამიანი - კაკო გაფრინდაშვილი, რომელიც 2007 წლის 20 მაისს, ძველი თბილისის პოლიციაში, მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აიძულებდა ეღიარებინა გურამ შარაძის მკვლელობა. ამასთან, ბარათელი წერილში აღნიშნავდა, რომ სააკაშვილის დროს, პატიმარი, სახელად ხვიჩა, მას აიძულებდა ეთქვა, რომ გურამ შარაძის მკვლელობა გოგა ხაინდრავამ შეუკვეთა (ბარათელის საჯარო მიმართვა, რომელიც საპატიმროდან მამუკა ნოზაძემ გამოიტანა, 2012 წლის 1 დეკემბერს გავრცელდა. ნ.მ.). ამავე დღეს, 30 ნოემბერს რუსუდან შარაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ღია მიმართვა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანისა და მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მიმართ, ბარათელის სასწრაფოდ დაკითხვის მოთხოვნით. ამავე დღეს, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ განუცხადა, ბარათელს ლურსმანი კი არა, ლურსმანივით წათლილი კბილის ჯაგრისი აღმოუჩინეს; გამოძიება დაწყებულია და რასაც გამოძიება დაადგენს, ბარათელიც იმ სასჯელს მიიღებსო;

 

4 დეკემბერი, 2012 - მე, ნინო მიქიაშვილმა მორიგი განცხადება ჩავაბარე პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროს, რომელსაც თან დავურთე ბარათელის მიერ 30 ნოემბერს დაწერილი მიმართვა (როგორც ახალი მტკიცებულება), აგრეთვე, 30 ნოემბერს რუსუდან შარაძის მიერ „ფეისბუქით“ გავრცელებული მიმართვა. ჩემს განცხადებაში კიდევ ერთხელ მოვითხოვე ბარათელის დაკითხვა. იმავე დღეს, მონიტორინგის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი თევზაძემ გიორგი ბარათელი N8 საპყრობილეში მოინახულა. თევზაძის განცხადებით, ბარათელი მზად იყო, გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ფაქტები მიაწოდებინა. უფლებადამცველის თქმით, გიორგი ბარათელმა, მასთან საუბარში, კიდევ ერთხელ მოითხოვა რუსუდან შარაძესთან შეხვედრა;

 

5 დეკემბერი, 2012 - მამუკა ნოზაძე დაიბარეს მთავარ პროკურატურაში. იგი ანტიკორუფციული დეპარტამენტის პროკურორს არჩილ ტყეშელაშვილს შეხვდა. ბატონმა ტყეშელაშვილმა მამუკა ნოზაძეს განუმარტა, რომ ბარათელის 22 ოქტომბრით დათარიღებული განცხადების შესახებ არაფერი სმენია. მან თქვა, რომ მე მხოლოდ თქვენი - მამუკა ნოზაძის განცხადებები მქონდა წაკითხულიო. პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ადვოკატ მამუკა ნოზაძეს დაპირდა, რომ მასთან ერთად მომდევნო კვირას შევიდოდა გლდანის N8 საპყრობილეში და გიორგი ბარათელს გამოკითხავდა, რის შემდეგაც განისაზღვრებოდა გამოძიება რა მიმართულებით დაიწყებოდა;

 

17 დეკემბერი, 2012 - გლდანის N8 საპატიმროში ბარათელს პროკურორი შალვა ცერცვაძე ოთხი საათის განმავლობაში კითხავდა (ამას ერქვა გამოკითხვის პროცედურა და არა დაკითხვის). ამ პროცესს მამუკა ნოზაძე ესწრებოდა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, მან განაცხადა, რომ ბარათელმა ჩვენება თავის ხელით დაწერა და მასში დეტალურად ასახა მისი დაკავების და მასზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები;

 

14 იანვარი, 2013 - რუსუდან შარაძემ მთავარ პროკურატურას იმ მოწმეების გამოკითხვის ოქმები (ჩვენება ადვოკატ ირაკლი გაბრიჭიძეს მისცეს) ჩააბარა, რომელთაც მანამდე გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე, არც ჩვენება მიუციათ და არც ხმამაღლა უსაუბრიათ. ამ მოწმეების გამოკითხვას თავად ვესწრებოდი და ჩემი ყურით ვისმენდი და ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ აღწერდნენ ისინი ნამდვილი მკვლელის აღნაგობას, რაც რადიკალურად განსხვავდება ბარათელის გარეგნული აღწერილობისგან;

 

17 იანვარი, 2013 - სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელმა ვასილ გოგიშვილმა ე.წ. შტირის საქმეზე გიორგი ბარათელს ბრალი წაუყენა;

 

20 იანვარი, 2013 - ბარათელის სულ პირველმა ადვოკატმა ჯუმბერ მილორავამ (სახაზინო წესით გამოუყვეს) ჩემთვის, ნინო მიქიაშვილისთვის მოცემულ ინტერვიუში დაარღვია ექვსწლიანი დუმილი და თქვა, რომ გურამ შარაძე ბარათელს არ მოუკლავს. ბატონი მილორავა ბარათელს მაშინ იცავდა, როცა ის დუმილის უფლებას იყენებდა;

 

1 თებერვალი, 2013 - ადვოკატმა ირაკლი გაბრიჭიძემ შეადგინა იმ პატიმრის გამოკითხვის ოქმი, რომელზეც ბარათელი მიუთითებდა, როგორც ვინმე ,,ხვიჩას“ (იხ. 30.11.12). პატიმარმა გიორგი გათენაძემ დეტალურად აღწერა, როგორ ავალებდა მას ოლეგ მელნიკოვი ბარათელის დამუშავებას, რათა მკვლელობის დამკვეთად გოგა ხაინდრავა დაესახელებინა. ადვოკატმა ეს გამოკითხვის ოქმი პროკურატურას ჩააბარა. მოგვიანებით პროკურატურამ გათენაძე დაკითხა და მან უფრო დეტალურად მოყვა ისტორია, რომელზეც ბარათელმა სასამართლო დარბაზში მოკლედ განაცხადა;

 

31 მაისი, 2013 - საქალაქო სასამართლოში ე.წ. შტირის საქმეს უძღვებოდა მოსამართლე ჯემალ კოპალიანი, პროცესს იღებდა ტელეკომპანია „იმედის“ ვიდეოკამერა. პროკურორი იყო ჯალიაშვილი . ბარათელი ადგა და მკაფიოდ თქვა შემდეგი რამ:

 

„ჩამიყვანეს ე.წ. ბალნიჩკაზე, სადაც პატიმარი მომიგზავნეს და ის პატიმარი მეუბნებოდა, გასვლა თუ გინდა, ესეთი პოლიტიკოსია, ხაინდრავა და იმაზე მეთქვა, ვითომ რომ იმან ფული გადამიხადა და ჩემ თავზე ავიღე გურამ შარაძის მკვლელობა. ეს შტირი და ყველაფერი არი ადმინისტრაციის გამოგონილი, იმის გამო რო მკვლელობაზე საქმე არ დამეშალა და არ მეთქვა, რომ გურამ შარაძე მე არ მომიკლია. ყველაფერი არი ერთი ისა, რა... ექვსი წელი ვიჯექი და არაფერი იყო და ეხლა რაღაც, საქმის დაშლა დავიწყე, გურამ შარაძის მკვლელობაზე, რომ მეთქვა სიმართლე და მაშინ აღმომაჩნდა ლურსმანი“;

 

2 ოქტომბერი, 2013 - თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ე.წ. შტირის საქმეზე მიმდინარე სხდომის დროს, გიორგი ბარათელმა გამოაცხადა, რომ დაიღალა და ამიტომ, თანახმა იყო საპროცესო შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა. ამ დროისთვის ბარათელს უკვე დამატებული ჰქონდა 2-წლიანი სასჯელი. ადვოკატმა მამუკა ნოზაძემ ბარათელის დაცვაზე უარი განაცხადა და ამის შემდეგ, საქმეში ჩაერთო სახაზინო ადვოკატი.

 

ე.წ. შტირის საქმეზე, ბარათელს, საბოლოოდ, წელიწადი და ექვსი თვე დაუტოვეს;

 

გაზაფხული, 2017 - ევროპულმა სასამართლომ ბარათელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

 

17 ნოემბერი, 2017 წელი - ათწლიანი პატიმრობის შემდეგ ბარათელი გათავისუფლდა.

 

* * *

ასეთია ნინო მიქიაშვილის მიერ შედგენილი ქრონოლოგია. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩემს სათქმელს, ცალკე წერილებში მოგითხრობთ.

 

(გაგრძელება იქნება)“, - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

big_banner
არქივი